ფინანსების მართვისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება მიზნების მიღწევა არც ისე მარტივი აღმოჩნდეს და სწრაფად ცვალებად გარემოში მომხდარმა მოვლენებმა გეგმების გადახედვისკენ გიბიძგოთ. იმისთვის, რომ ოჯახის წევრების სურვილები და საჭიროებები შეუსრულებელი არ დარჩეს, კარგი იქნება, მოულოდნელ ფინანსურ გამოწვევებს მომზადებული დახვდეთ.
შესაძლოა, სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაზიანდეს, ავტომობილი გამოვიდეს მწყობრიდან ან საცხოვრებელს შეექმნას პრობლემა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შემოსავლის მქონე ოჯახის წევრმა სამსახური დაკარგოს და დროებით ოჯახის შემოსავალი შემცირდეს. როგორ შეიძლება მსგავსი მოვლენების გათვალისწინება და რა შეიძლება გაკეთდეს რომ მიზნების მიღწევას და ფინანსური სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას?
"ფინანსური უსაფრთხოების ბალიში" და გადაუდებელი შემთხვევების ფონდი
როდესაც ოჯახის ფინანსების მართვას იწყებთ, სასურველია, თქვენი ფინანსური რესურსები ისე გაანაწილოთ, რომ მიზნების მიღწევისთვის შექმნილი დანაზოგების გარდა, თანხა ე.წ. "ფინანსური უსაფრთხოების ბალიშისა" და გადაუდებელი შემთხვევების ფონდის შესაქმნელად შეინახოთ.
გადაუდებელი შემთხვევების ფონდი ეს არის დანაზოგი, რომელსაც მიზნობრივად მხოლოდ წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად შექმნით და გამოიყენებთ. მაგალითად, თუ ერთ დღეს მწყობრიდან გამოვა მაცივარი, თქვენ დაგჭირდებათ მისი შეკეთება ანახლით ჩანაცვლება. დანაზოგის არარსებობის შემთხვევაში ამგვარ ხარჯებთან გამკლავება დამატებით სირთულეებს შექმნის, მაგალითად, დაგჭირდებათ თანხის სესხება ან მოგზაურობისთვის გადადებული თანხის დახარჯვა. ეს რომ თავიდან აირიდოთ, სასურველია გქონდეთ ამგვარი შემთხვევების დასაფინანსებელი დანაზოგი. რა თანხაა ამ ფონდისთვის ოპტიმალური? რეალურად ამ კითხვაზე პასუხი ინდივიდუალურია ყველა ოჯახისთვის. წარსული გამოცდილება, ტექნიკის თუ რემონტის ხანდაზმულობა ყველაზე უკეთ მიგანიშნებთ, რა დროს რა თანხა შეიძლება დაგჭირდეთ. მაგალითად, თუ თქვენ, პირობითად, 5-7 წელზე მეტია რაც ბლენდერს იყენებთ, შესაძლოა, მალე მისი გამოცვლა დაგჭირდეთ, ამიტომ, კარგი დროა, სასურველი მოდელის შესაძენად თანხის დაგროვებას შეუდგეთ.
"ფინანსური უსაფრთხოების ბალიში" ზემოთ აღწერილი ფონდისგან თავისი შინაარსით განსხვავდება. მისი შექმნის მთავარი არსი ისაა, რომ შემოსავლის შემცირების პირობებში ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხი არ შეიცვალოს და შემოსავლის გაზრდამდე შესაძლებელი გახდეს ყველა საჭიროება დაფინანსდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ფინანსური უსაფრთხოების ბალიში" ოჯახის ყოველთვიური მიმდინარე ხარჯების დაფინანსების წყაროა, თუ მოულოდნელად შეწყდა ან შემცირდა მუდმივი შემოსავალი.
რა არის "ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის" ოპტიმალური მოცულობა?
არსებული პრაქტიკით, მიზანშეწონილია "ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის" მოცულობა ოჯახის საჭიროებას მინიმუმ 6 თვით აფინანსებდეს, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ინდივიდუალურია ყველა ოჯახისათვის. სასურველია, "ფინანსური უსაფრთხოების ბალიში" იყოს იმდენი თვის შესაბამისი შემოსავლის ჯამი, რა დროც საჭიროა თქვენს გარემოში სამსახურის მოსაძებნად. მაგალითად, თუ თქვენს ოჯახს ყოველთვიურად სჭირდება 3000 ლარი, იმისთვის, რომ ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდეს, ხოლო ახალი სამსახურის მოძიებას საშუალოდ 5 თვე სჭირდება, უსაფრთხოების ბალიშის სასურველი მოცულობა 15 000 ლარი იქნება. რეალურად, ამ თანხის შეგროვება ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად ოჯახის წევრთათვის ფინანსური სტრესის თავიდან არიდებასაც უწყობს ხელს.