დღესდღეობით საქართველოში, ბიზნესებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია. დავიწყოთ მსჯელობა კომერციული ბანკების საქმიანობისა და მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურებების მიმოხილვით.
ბიზნესესხი
ბიზნესსესხი - ეს არის თანხა, რომელსაც ბიზნესი ვალის სახით იღებს და ის განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომელთაც საკუთარი საქმიანობისთვის დამატებითი სახსრების მოზიდვა სურთ. მეწარმეს ბიზნესსესხი შესაძლებელია დასჭირდეს როგორც საბრუნავი საშუალებების შესავსებად (ნედლეულის, მარაგების) და ხელფასების, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად, ისე ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები, უძრავი ქონება და სხვა) შესაძენად და/ან გადასაიარაღებლად. იმ ამოცანას/მიზანს, რისთვისაც საჭიროა სესხი - სესხის მიზნობრიობა ეწოდება. ბიზნესსესხი, როგორც წესი, იფარება თანაბარი გადახდებით, თუმცა გადახდები შესაძლებელია იყოს არათანაბარიც (მაგ. სეზონური), ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე. სესხის დაფარვა ხდება ბიზნესსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
სესხის სახით მიღებულ თანხას თან ახლავს დამატებითი ხარჯები, როგორიცაა: კრედიტზე დარიცხული პროცენტი, მომსახურების საკომისიო და სხვ. საბოლოოდ, სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ბიზნესი აბრუნებს იმაზე მეტ თანხას, ვიდრე გამოიყენა.
საკრედიტო ხაზი
საკრედიტო ხაზი - არის ბიზნესსესხის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს მსესხებლისთვის გარკვეული ლიმიტის დამტკიცებას, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს უფლება აქვს თავისი საჭიროების მიხედვით, პერიოდულად გამოიყენოს ეს ლიმიტი სრულად ან ნაწილობრივ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი კი გამოყენებულ თანხასა და პერიოდზე დაერიცხება. ხშირ შემთხვევაში, ბანკმა შესაძლოა პროცენტი მოსარგებლეს გამოუყენებელ თანხაზეც დაარიცხოს, თუმცა ის ათვისებულ თანხაზე დარიცხულ პროცენტზე უფრო მცირე იქნება. საკრედიტო ხაზს ძირითადად არ აქვს ყოველთვიური დაფარვის გრაფიკი და ის შეიძლება მთლიანად დაიფაროს ვადის ბოლოს. ამასთან, ის მოკლე ვადით, მაქსიმუმ 1 წლით, გაიცემა.საკრედიტო ხაზი, როგორც წესი, არ გამოიყენება ძირითადი საშუალებების შესაძენად. ის გამოიყენება საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად.
ოვერდრაფტი
ოვერდრაფტი - ეს პროდუქტი ჰგავს საკრედიტო ხაზს - ის არის მოკლევადიანი და გამოიყენება მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად. არსებობს ბიზნეს- და სახელფასო ოვერდრაფტი.
ბიზნესოვერდრაფტი დაიშვება მიმდინარე ანგარიშზე და მარტივია მისი გამოყენება მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად, როგორიცაა, მაგალითად: ხელფასი, იჯარა და სხვა. ბინზესოვერდრაფტის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ერიცხება მხოლოდ ათვისებულ/გამოყენებულ თანხას, და თუ მეწარმის ანგარიშზე შემოსული თანხით სრულად დაიფარება ათვისებული ოვერდრაფტი, მაშინ მას აღარ მოუწევს პროცენტის გადახდა. ოვერდრაფტის მაქსიმალური ლიმიტი, როგორც წესი, გამოიანგარიშება ბიზნესის საშუალო (ყოველთვიური) ბრუნვიდან გამომდინარე.
სახელფასო ოვერდრაფტი თავისი მახასიათებლებით ჰგავს ბიზნესოვერდრაფტს, თუმცა ის გაიცემა ფიზიკურ პირებზე მათი ხელფასის უზრუნველყოფით და მისი დანიშნულება მიმდინარე სამომხმარებლო ხარჯების დაფინანსებაა; როგორც წესი, მისი ლიმიტი მომხმარებლის ყოველთვიური ხელფასის მოცულობას უტოლდება.
საბანკო გარანტია
საბანკო გარანტია - ეს პროდუქტი მოითხოვება და, შესაბამისად, ყველაზე ხშირად გამოიყენება ტენდერებში მონაწილეობისას. ამას გარდა, სხვადასხვა სახის ბიზნესგარიგების დროს პარტნიორმა (მომწოდებელმა ან კლიენტმა), თავის დაზღვევისა და მეორე მხარის მიერ გარიგების პირობების შესრულების მიზნით, შესაძლებელია მოითხოვოს გარანტია. გარანტიის გაცემისას ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ის მზადაა მიმწოდებლის და/ან სამუშაოს შემსრულებლის მიერ გარიგების პირობების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში თავად აანაზღაუროს გარანტიით გათვალისწინებული თანხა. საგარანტიო თანხა, როგორც წესი, დამოკიდებულია გარიგების ღირებულებაზე. საბანკო გარანტიის მომსახურება ფასიანია და მას, სესხის მსგავსად, ერიცხება პროცენტი. საბანკო გარანტია შეიძლება იყოს როგორც უზრუნველყოფილი (მაგალითად, საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, უძრავი ან მოძრავი ქონებით), ასევე არაუზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი საბანკო გარანტია სესხთან შედარებით უფრო დაბალპროცენტიანია და მისი დამტკიცების პროცედურაც უფრო სწრაფია. ხოლო არაუზრუნველყოფილი გარანტიის გაცემა ბიზნესსესხის მსგავსად მოითხოვს ბიზნესის გადახდისუნარიანობის შემოწმებას.
მაგალითი: თქვენ მონაწილეობთ ტენდერში და პროექტის ღირებულებაა 100 000 ₾. სატენდერო წინადადებით მოთხოვნილია საბანკო გარანტიის (ბანკის საგარანტიო წერილის) წარმოდგენა მთლიანი ღირებულების 5%-ის ოდენობით. საჭირო გარანტიის მიღების მარტივი გზაა ამ თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსება, რის შემდეგაც მიიღებთ საბანკო გარანტიას. თუ არ გაქვთ საკმარისი თავისუფალი ფულადი რესურსი, ამ შემთხვევაში ბანკს მაინც შეუძლია გასცეს საბანკო გარანტია ფინანსური მონაცემების შესწავლის გზით და, შესაძლოა, უძრავი/მოძრავი ქონებით უზრუნველყოფის მოთხოვნითაც (დამოკიდებულია საგარანტიო თანხასა და სხვა ფაქტორებზე). ორივე შემთხვევაში დაგეკისრებათ საპროცენტო გადასახადი, თუმცა პროცენტი დიდი ალბათობით იქნება ნაკლები, ვიდრე იქნებოდა სესხის შემთხვევაში.
დეპოზიტი
დეპოზიტი (ანაბარი) - დეპოზიტის გახსნა გულისხმობს ბიზნესის თავისუფალი თანხის ბანკში გარკვეული დროით განთავსებას, რისთვისაც ბანკი სარგებელს (პროცენტს) გადაიხდის. აღნიშნული სარგებელი დამოკიდებულია თანხის ოდენობასა და განთავსების პირობაზე. დეპოზიტი შესაძლებელია იყოს ვადიანი, რომელზეც თანხის განთავსება შესაძლებელია კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული, ვადით. ამ ტიპის დეპოზიტის თანხის ვადაზე ადრე მოთხოვნისას ბიზნესი ვერ მიიღებს სრულ სარგებელს. ისეთ დეპოზიტს კი, რომელიც იხსნება უვადოდ და უფრო მოქნილია, რადგან ბიზნესი არ არის შეზღუდული თანხის შეტანა/გატანის მხრივ, შემნახველი, იგივე მოთხოვნამდე, დეპოზიტი ეწოდება.საპროცენტო სარგებელი ვადიან ანაბრებზე უფრო მაღალია, ვიდრე უვადო/მოთხოვნამდე ანაბრებზე, თუმცა დეპოზიტებს შორის არჩევანის გაკეთება, უპირველეს ყოვლისა, ბიზნესის მიზნიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. მაგალითად, თუ ბიზნესს უკვე აქვს გარკვეული თანხა, რომელიც კონკრეტულ დრომდე არ სჭირდება, მაშინ შესაძლებელია ამ თანხის ვადიან ანაბარზე განთავსება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თუ ბიზნესის მფლობელს მაინც დასჭირდა ეს თანხა და ვადაზე ადრე მოუწია შეთანხმების დარღვევა, მაშინ ის ნაკლებ (ან, შესაძლოა ნულოვან) სარგებელს მიიღებს.
საბანკო გადარიცხვა
საბანკო გადარიცხვა - არის ოპერაცია, რომელიც ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე თანხის გადატანას გულისხმობს. საბანკო გადარიცხვა შესაძლებელია შესრულდეს როგორც ბანკის ფილიალში, ისე დისტანციურადაც - ინტერნეტბანკის მეშვეობით. გადარიცხვისთვის საჭიროა გამგზავნმა იცოდეს მიმღების საბანკო რეკვიზიტები, რომლის მიღებაც ბანკშია შესაძლებელი.
საბანკო გადარიცხვის უპირატესობები: დისტანციური, სწრაფი, საიმედო, დოკუმენტურად დადასტურებული, ამცირებს ფულის დაკარგვის რისკს.
ინტერნეტბანკი
ინტერნეტბანკი - არის მომსახურება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დამოუკიდებლად და მარტივად, ბანკში მიუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით -კომპიუტერით ან მობილური ტელეფონით - სასურველი საბანკო ოპერაციების შესრულება, მათ შორის: საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის კონტროლი, გადარიცხვების გაკეთება, ანგარიშზე ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიღება და სხვა. ინტერნეტბანკი საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ნებისმიერი ქმედება შეასრულოს მისთვის სასურველი ადგილიდან და ამგვარად, დაზოგოს დრო. ხშირად საბანკო ტრანზაქციები (ოპერაციები) ინტერნეტბანკის გამოყენებით უფრო ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული, ვიდრე იმავე ოპერაციების ბანკის ფილიალში განხორციელება.
ფულადი გზავნილები
ფულადი გზავნილები - ბანკები ასევე გვთავაზობენ ფულადი გზავნილების მომსახურებას. ფულადი გზავნილი საბანკო გადარიცხვის მსგავსია, თუმცა ამ ორ პროდუქტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: გზავნილის შემთხვევაში არ არის აუცილებელი გამგზავნ ან მიმღებ მხარეს ჰქონდეს საბანკო ანგარიში; ფულის გასაგზავნად და მისაღებად საკმარისია პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა). ამასთან, ფულადი გზავნილებით სარგებლობა უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ. ფულადი გზავნილი ანგარიშიდან გადარიცხვისაგან ასევე განსხვავდება ფულის მიღებისთვის საჭირო დროითა და ტარიფებით. თანხის მიმღებისთვის ფულადი გზავნილი, ძირითადად, უფრო სწრაფად არის ხელმისაწვდომი, ვიდრე გადარიცხვით გაგზავნილი თანხა; თუმცა ფულადი გზავნილი შესაძლოა უფრო დიდ საკომისიოებთან იყოს დაკავშირებული.
საბანკო საგადახდო ბარათები
საგადახდო ბარათი - ეს არის ელექტრონული გადახდის საშუალება, რომელზეც შესაძლებელია ელექტრონულად ფულის განთავსება. ბარათით შესაძლებელია სავაჭრო ობიექტებში სასურველი საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ე. წ. ჩეკის, მიღება.
ბარათით შესაძლებელია ონლაინგადახდა; ამასთან, მისი გამოყენება შეიძლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საბანკო საგადახდო ბარათზე არსებული ფულის განაღდება შესაძლებელია ბანკის ფილიალში ან ბანკომატის მეშვეობით.
ბიზნესის სხვადასხვა მიზნისთვის შესაძლებელია ბიზნესბარათით სარგებლობა. მას აქტიურად იყენებენ ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან მომსახურების საფასურის გადახდა ხდება დისტანციურად, კომპანიის სახელით. ასევე პრაქტიკულია ბიზნესბარათის გამოყენება კომპანიის სხვადასხვა ხარჯის დასაფარად.
საბანკო საგადახდო ბარათის ძირითადი სახეობებია საკრედიტო და სადებეტო ბარათები. სადებეტო ბარათით შესაძლებელია ანგარიშზე განთავსებული საკუთარი თანხის გამოყენება, ხოლო საკრედიტო ბარათის საშუალებით - ბანკის მიერ გარკვეული ლიმიტის ფარგლებში გამოყოფილი, ნასესხები თანხის მოხმარება, რისთვისაც - როგორც ეს სხვა სესხების შემთხვევაში ხდება - მომხმარებელი იხდის პროცენტს.
აღსანიშნავია, რომ საგადახდო ბარათებს არამარტო ბანკები გასცემენ; საგადახდო ბარათი ასევე შესაძლებელია გასცეს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა.
პოსტერმინალი
პოსტერმინალი - არის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდა საგადახდო ბარათით. თუ ბიზნესი იყენებს პოსტერმინალს, მომხმარებლის მიერ პოსტერმინალით გადახდილი თანხა მეწარმის საბანკო ანგარიშზე აისახება.
პოსტერმინალით სარგებლობისთვის გამყიდველი ბანკს უხდის გარკვეულ საფასურს (პროცენტს) ტრანზაქციის მოცულობიდან. დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს საგადახდო ბარათს; შესაბამისად, სავაჭრო ობიექტზე პოსტერმინალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.