როგორც ადამიანთა უმრავლესობა, თქვენც ალბათ, საკმაოდ ბევრს შრომობთ იმისათვის, რომ ფული გამოიმუშაოთ და, რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ მიერ გამომუშავებული ფულის უსაფრთხოება და საიმედო დაცვა, რათა ის თაღლითების ხელში არ აღმოჩნდეს. ფინანსური უსაფრთხოება სწორედ ფინანსების იმგვარ დაცვას გულისხმობს, რომ მათზე თაღლითებს ხელი არ მიუწვდებოდეთ.
თანამედროვე ტექნოლოგიები და საბანკო პროდუქტები ძალიან ამარტივებს და მოსახერხებელს ხდის ფინანსების მართვას - ინტერნეტ და მობილბანკი, საგადახდო ბარათები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქსესუარი (მაგ., სტიკერი, სამაჯური და ა.შ.) თუ საბარათე ინსტრუმენტები საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად გადარიცხოთ თანხა, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, შეიძინოთ ნივთი ინტერნეტით ან ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადაიხადოთ სავაჭრო ობიექტში. თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ გამოიყენოთ ეს მოსახერხებელი პროდუქტები უსაფრთხოდ, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.