კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მოგება-ზარალის უწყისი

მოგება-ზარალის უწყისში დეტალურად აისახება ბიზნესის შემოსავლები და ხარჯები. ამ უწყისში პირველ პუნქტად მოცემულია გაყიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ, გარკვეულ შემთხვევაში, ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს დაბრუნებული პროდუქტი, რაც შემოსავლებს უნდა გამოაკლდეს. დაბრუნებული პროდუქტი - ეს არის მომხმარებლის მიერ შესყიდული, მაგრამ წუნის ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო ბიზნესისთვის უკან დაბრუნებული პროდუქტი. 

მაგალითი: თუ ბიზნესისგან შეისყიდეთ 5 ტონა პომიდორი, საიდანაც 500 კილოგრამი დაზიანებული (მაგ., ლპობის პროცესში) აღმოჩნდა, მყიდველს, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, შეუძლია აღნიშნული 500 კილოგრამი პომიდვრის დაბრუნება. ბიზნესი შემოსავლად 5 ტონას აღრიცხავს, თუმცა დაბრუნებულ პროდუქტს (500 კგ) მთლიან შემოსავალს გამოაკლებს.

ამის შემდგომ, მოგება-ზარალის უწყისში შემოსავალს გაყიდული პროდუქტის თვითღირებულება გამოაკლდება. პროდუქტის თვითღირებულება მნიშვნელოვანი ხარჯია და მისი სწორად დათვლა ბიზნესის წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. წარმოებული პროდუქტის თვითღირებულება განისაზღვრება მის საწარმოებლად გაწეული დანახარჯების ჯამით. სხვა სიტყვებით, თვითღირებულება - ეს არის  ყველა იმ ხარჯის ჯამი, რომელიც საჭიროა პროდუქტის შესაქმნელად, და მასში შედის როგორც მასალის, ისე მისი ტრანსპორტირების/შენახვის ხარჯები, ასევე, უშუალოდ პროდუქტის/მომსახურების შექმნაში მონაწილე პერსონალის ხელფასები. 

მაგალითი: თუ ხართ წიგნების გამომცემელი, გაყიდული საქონლის თვითღირებულება შეიძლება მოიცავდეს ქაღალდისა და ბეჭდვის ხარჯებს ან მწერლისთვის გადახდილ თანხას, ასევე ბეჭდვაში ჩართული პერსონალის ხელფასებსა და კომუნალურ დანახარჯს (რომელიც, მაგალითად, საბეჭდი მანქანის მუშაობას მოხმარდა). თვითღირებულებაში არ შედის ადმინისტრაციული და მარკეტინგული ხარჯები, როგორიცაა: დირექტორის ან დამლაგებლის ხელფასი, ასევე უკვე გამზადებული პროდუქტის ტრანსპორტირების ან მისი რეკლამისთვის გაწეული ხარჯი. აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება არ ხდება თვითღირებულებაში, თუმცა ისინი შესულია მოგება-ზარალის უწყისში.

საწარმოო დანახარჯები, რაც თვითღირებულების გამოთვლისას  გამოიანგარიშება, შემდეგი ძირითადი ელემენტებისაგან შედგება:

  • მოხმარებული ნედლეული/პირდაპირი მასალა - მზა პროდუქტის წარმოებისათვის მოხმარებული მასალების, ნაკეთობებისა და სხვა ელემენტების ღირებულება (თვითღირებულება).
  • პირდაპირი შრომა - უშუალოდ პროდუქტის საწარმოებლად დასაქმებულ პირთა ხელფასების ჯამი.
  • საწარმოო ზედნადები დანახარჯები - საწარმოო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე საწარმოო შენობის დანახარჯები (ცვეთა, დაზღვევა, რემონტი, სათადარიგო ნაწილების ხარჯი, საცხებ-საპოხი და სხვა).

გარდა დაბრუნებული პროდუქტისა და თვითღირებულებისა, შემოსავალს ასევე აკლდება არასაწარმოო ხარჯები. არასაწარმოო ხარჯებში შედის კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები, ანუ ზოგადი ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც გაყიდვებთან, მარკეტინგთან და ადმინისტრაციულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული, მათ შორის, იმ პერსონალის შრომის ანაზღაურება, რომელიც უშუალოდ არ ქმნის პროდუქტს და რომელსაც არ ევალება მომსახურება.

შემოსავლისა და ყველა ხარჯის გამოკლებით მიიღება მოგება დაბეგვრამდე, ანუ დასაბეგრი მოგება. თუ ბიზნესი იხდის გადასახადებს, მაშინ მოგებას გადასახადის მოცულობა უნდა გამოაკლდეს დაბეგვრამდე (გადასახადის გადახდამდე), რის შემდეგაც მიიღება წმინდა მოგება.

დამწყები მეწარმეები ბიზნესგეგმაში მოცემულ მოგება-ზარალის უწყისს დაგეგმილი (სამომავლო) სავარაუდო მონაცემებით ავსებენ. 

მოგება-ზარალის უწყისი

გამარტივებული მოგება-ზარალის უწყისის შაბლონი ექსელის ფორმატში შეგიძლიათ იხილოთ აქ

გასათვალისწინებელია, რომ მოგება-ზარალის უწყისში, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილში არ აისახება სესხის ძირითადი თანხა;  ხარჯების ნაწილში მხოლოდ სესხზე გადასახდელი პროცენტის თანხას აღვრიცხავთ. აღებული სესხის ძირითადი თანხა (ან სხვა ნებისმიერი ვალი) საბალანსო უწყისშია ასახული.