კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სამომხმარებლო გარანტიები

რა არის კანონისმიერი გარანტია?

კანონი გაყიდულ საქონელზე 2 წლიან კანონისმიერ გარანტიას ითვალისწინებს, რომელიც მომხმარებელს იმ შემთხვევაში იცავს, თუ მის მიერ შეძენილი საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდება, ისე არ გამოიყურება ან იმგვარად არ მუშაობს, როგორც მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერაში, მისთვის წარდგენილ ნიმუშში ან რეკლამაში იყო წარმოჩენილი.

თუ მომხმარებელი საქონლის ნაკლს საქონლის მისთვის ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩენს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი საქონლის მიწოდებისას არსებობდა. ნაკლის 6 თვის შემდეგ აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს თავად მოუწევს იმის მტკიცება, რომ საქონლის ნაკლი საქონლის მიწოდებისას არსებობდა.

რა უფლებები აქვს მომხმარებელს ნაკლის მქონე საქონლის შეძენისას?

თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონელი ნაკლის მქონეა, მას უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, საქონლის ფასის შემცირება ან დააბრუნოს საქონელი და მოითხოვოს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება. 

რა შემთხვევაში შეუძლია მომხმარებელს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება?

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება თუ: საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია, მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა; მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის. 

რა უფლებები აქვს მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულების დადებისას?

თუკი მოვაჭრე მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას გადააცილებს ან მომხმარებელი მომსახურების ნაკლს აღმოაჩენს, მან მოვაჭრეს მომსახურების გაწევისთვის/ნაკლის აღმოფხვრისთვის დამატებითი ვადა უნდა განუსაზღვროს.  დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს, მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება მოითხოვოს, ან უარი თქვას მომსახურების ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

რა არის კომერციული გარანტია?

მოვაჭრეს შეუძლია, დამატებითი ვალდებულებები იკისროს მომხმარებლის წინაშე და მას კომერციული გარანტია შესთავაზოს. კომერციული გარანტია არ ანაცვლებს კანონისმიერ გარანტიას, რომლის ხანგრძლივობაც 2 წელია. კომერციული გარანტიის პირობა, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის კანონით დადგენილ უფლებებს, ბათილია.