კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ვის მივმართოთ უფლებების დარღვევისას?

ვის უნდა მიმართოს მომხმარებელმა, თუ თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა? 

მომხმარებელი მიმართავს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში - სააგენტო) შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

  • ვებგვერდი: www.gnca.gov.ge 
  • მისამართი: 0102 ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი - 154. 
  • ბიზნეს ცენტრი “მწვანე ოფისი”, მე-10 სართული; 
  • ტელეფონი: (032) 2 05 4422; 598 05 4422
  • ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge

მომხმარებელს უფლება აქვს კონკურენციის სააგენტოს მიმართოს დარღვევის ჩადენიდან არაუგვიანეს 2 წლისა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის უფლება მომხმარებელს არ ართმევს სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვის უფლებას ან/და დავის მედიაციის საშუალებით გადაწყვეტის უფლებას.

რა ხდება მას მერე, რაც მომხმარებელი მიმართავს სააგენტოს უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით?

  • მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას ან უარს ამბობს მოკვლევის დაწყებაზე:

სააგენტო მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ  არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს. 

სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. საქმის შესწავლა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. 

  • სააგენტო აფასებს მიღებულ ინფორმაციას

სააგენტო უფლებამოსილია, მხარეებისგან გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულებები.

  • სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას

საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას

  • სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას აკისრებს

სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა.

ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. 

12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.

  • სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

სააგენტოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.