თქვენი ფინანსური უსაფრთხოება დიდწილად არის დამოკიდებული იმ მოწყობილობების უსაფრთხოებაზე, რომლითაც სარგებლობთ: პერსონალური კომპიუტერი, მობილური ტელეფონი თუ სხვა. არა აქვს მნიშვნელობა, რისთვის იყენებთ ინტერნეტს: ინტერნეტბანკით გადარიცხვებისთვის, ონლაინ შოფინგისთვის, ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის თუ სხვა მიზნით - მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მოწყობილობებიც თანამედროვე დაცვის მექანიზმებით იყოს დაცული. როგორც სახლს იცავთ ქურდებისგან, მაგალითად, კარებზე საკეტით თუ სიგნალიზაციის სისტემით, ასევე უნდა დაიცვათ თქვენი კომპიუტერი ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფით, პერსონალური „firewall”-ით, ოპერაციული სისტემის განახლებებისა და “security patch”-ის ინსტალირებით.
როგორ დაიცვათ თქვენი კომპიუტერი?
კომპიუტერის დაცვისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი სამი რჩევა:
- დააყენეთ უახლესი ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა და რეგულარულად აწარმოეთ მისი განახლებები (updates);
- დააინსტალირეთ და ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ პერსონალური „firewall“;
- დააინსტალირეთ ლიცენზირებული ანტივირუსული პროგრამის მიერ შეთავაზებული უახლესი security updates ან patches თქვენი ვებბრაუზერისა და ოპერაციული სისტემისთვის.
ოპერაციული სისტემებისა და ვებბრაუზერების უმეტესობას უკვე გააჩნია დაცვის მექანიზმები, როგორიცაა firewall, ავტომატური განახლებები და ვებგვერდის ფილტრები. რეკომენდებულია, რომ გაააქტიუროთ ეს ფუნქციები თქვენს ვებბრაუზერში. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ არის 100%-იანი დაცვის გარანტია, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენი კომპიუტერის დაინფიცირებისა და თაღლითური შემოტევების რისკებს.
ანტივირუსი
ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა განკუთვნილია თქვენი კომპიუტერის დასაცავად მავნე პროგრამებისგან, როგორიცაა ვირუსები და ტროიანი. ანტივირუსი ახორციელებს კომპიუტერის სკანირებას და გაფრთხილებთ მავნე პროგრამების აღმოჩენის შემთხვევაში. თუ კი კომპიუტერი დავირუსებულია, ის ცდილობს ვირუსების წაშლას.
არსებობს არაერთი ანტივირუსული პროგრამა, მაგალითად, Microsoft Security Essentials, McAfee, Symantec, Trend Micro,Norton, AVG, Sophos, ESET და ა.შ. მართალია, არცერთ ანტივირუსს არ შეუძლია თქვენი კომპიუტერის დაცვა 100%-ით, თუმცა ანტივირუსული პროგრამის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს კომპიუტერის მავნე პროგრამებით დავირუსების შანსებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განაახლოთ და გქონდეთ ანტივირუსის უახლესი ვერსია. რადგან თაღლითები მუდმივად ხვეწენ თავიანთ ტექნიკას, ქმნიან ახალ ვირუსებს, მოძველებულმა პროგრამამ კი სავსებით შესაძლებელია, ვერ აღმოაჩინოს ახალი ტიპის ვირუსი.
პერსონალური firewall
პერსონალური firewall, ან desktop firewall, არის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც შემომავალი, ისე გამავალი ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგსა და კონტროლს, რაც საშუალებას იძლევა, შეიზღუდოს თაღლითების მიერ თქვენს მონაცემებთან არაავტორიზებული წვდომა. ნებისმიერი საეჭვო ან მავნე ქმედებისას, პროგრამა გაფრთხილებთ ამის შესახებ.
ინტერნეტში ხელმისაწვდომია როგორც ფასიანი, ასევე, უფასო პერსონალური firewall პროგრამები. გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა ჩამოტვირთოთ მხოლოდ ოფიციალური, სანდო წყაროებიდან, განსაკუთრებით კი უფასო პროგრამის შემთხვევაში.
ბრაუზერის უსაფრთხოება
გაითვალისწინეთ, რომ დღესდღეობით თანამედროვე ბრაუზერებს გააჩნიათ ჩაშენებების (extentsion, add-ons) ფუნქციონალი, რაც გამოიყენება ბრაუზერის კომფორტულად გამოყენებისთვის. თუმცა თაღლითების მიერ ხდება ჩაშენებების ბოროტად გამოყენება ან/და გაყალბება (მაგ: ბოროტმოქმედი შეიმუშავებს ახალ ჩაშენებას ან აყალბებს უკვე არსებულს და ამის საშუალებით, როდესაც მომხმარებელი გადმოწერს მას, ცდილობს მიითვისოს პირადი ინფორმაცია). შესაბამისად ბრაუზერის უსაფრთხოებისთვის მათი გადმოწერა ოფიციალური მარკეტიდან შეგიძლიათ. გასათვალისწინებელია, რომ ოფიციალური წყაროდან გადმოწერილი პროგრამები 100%-იან დაცვას არ წარმოადგენს.
როგორ დაიცვათ თქვენი მობილური ტელეფონი?
ხშირად ამა თუ იმ ოპერაციის განხორციელება, მაგალითად, ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ონლაინ შესყიდვები თუ საბანკო გადარიცხვები სმარტფონით ხორციელდეება. როგორც კომპიუტერის, ისე მობილური ტელეფონის შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოთ მისი დაცულობა, რაც თქვენი ფინანური უსაფრთხოების წინაპირობაც იქნება.
სმარტფონის დაცვისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი 7 რჩევა:
დაბლოკეთ ტელეფონი
დააყენეთ ტელეფონის ეკრანის ავტომატური დაბლოკვის რეჟიმი, რომელიც დაბლოკავს ტელეფონს რამდენიმე წუთიანი არააქტიურობის შემდეგ. ამასთან, გამოიყენეთ რთული პაროლები. ეს ყველაზე მარტივი გზაა თაღლითებისგან თავის დასაცავად, თუკი ტელეფონი უყურადღებოდ დაგრჩებათ. ზოგიერთი ტელეფონი დაბლოკვის უფრო რთულ მექანიზმებს გთავაზობთ, მაგალითად, იდენტიფიკაცია თითის ანაბეჭდით ან სხვა ბიომეტრიული მონაცემით. ისარგებლეთ იდენტიფიკაციის ამ მეთოდებით.
გამოიყენეთ ტელეფონის მოსაძებნი აპლიკაცია
გაააქტიურეთ ან დააყენეთ აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ტელეფონი მისი დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დისტანციურად მოძებნოთ - კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან ან სხვა ტელეფონის მეშვეობით. ასეთი აპლიკაციები ასევე იძლევა საშუალებას, დისტანციურად წაშალოთ ტელეფონიდან ყველა მონაცემი.
ჩამოტვირთეთ მხოლოდ სანდო წყაროებიდან
მავნე პროგრამებს შეუძლიათ თქვენი მონაცემების მოპარვა და თაღლითებისათვის ამ ინფორმაციაზე წვდომის მიცემა. როდესაც რამე აპლიკაციას ან ფაილს იწერთ, შესაძლებელია გაუცნობიერებლად მავნე პროგრამაც ჩამოტვირთოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციები გადმოწეროთ მხოლოდ სანდრო რეპუტაციის მქონე წყაროებიდან და არასოდეს ჩამოტვირთოთ ფაილები უცნობი ელ. ფოსტიდან თუ ვებგვერდებიდან. მაგალითად, მობილბანკის აპლიკაციის მომწოდებელი უნდა იყოს უშუალოდ ბანკი ან გადმოიწეროთ ის აპლიკაციების ოფიციალური მაღაზიიდან.
ფრთხილად იყავით დაუცველი ინტერნეტ კავშირების გამოყენებისას
დაუკავშირდით მხოლოდ ნაცნობ, სანდო Wi-Fi ქსელსა და ბლუთუზ მოწყობილობებს. გამორთეთ ავტომატური დაკავშირების რეჟიმი, რათა თქვენი ნებართვის გარეშე ვერავინ დაუკავშირდეს თქვენს ტელეფონს. გამორთეთ ბლუთუზი, როდესაც მისით არ სარგებლობთ.
განაახლეთ ტელეფონის ოპერაციული სისტემა
როგორც კომპიუტერის, ასევე სმარტფონების შემთხვევაშიც თაღლითები ეძებენ ოპერაციული სისტემის სუსტ წერტილებს შეტევებისთვის, ამიტომ ოპერაციული სისტემის მიმწოდებლები მუდმივად უშვებენ განახლებებს, რათა დაიცვან სმარტფონების უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად შეამოწმოთ და გადმოწეროთ ეს განახლებები, შესაძლებელია ასევე ავტომატური განახლებების დაყენება.
არ გახადოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი
არ შეინახოთ და არ დაამახსოვრებინოთ ტელეფონს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ბარათის ნომერი, უსაფრთხოების კოდი, ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი და ა.შ. ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია გაუადვილებს თაღლითებს თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომას.
მოერიდეთ უცხოეთის ნომრიდან შემოსულ უცხო ზარებზე გადარეკვას
ამ დროს სქემერების მიერ ხდება მობილური ბალანსიდან თანხის ჩამოჭრა.
მსგავსი თემები
- რა იგულისხმება ფინანსურ უსაფრთხოების ზომების დაცვაში?
- როგორ იშოპინგოთ ონლაინში უსაფრთხოდ
- როგორ მოქმედებენ თაღლითები?
- როგორ დაიცვათ სმარტფონების უსაფრთხოება?
- 10 რჩევა ფიშინგისგან თავის დასაცავად
- როგორ დაიცვათ თავი მავნე პროგრამებისგან?
- 5 რჩევა მობილბანკის უსაფრთხოებისთვის
- როგორ დაიცვათ უსაფრთხოება ინტერნეტში