სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობა
სამომხმარებლო სესხის პირობები
რამდენადაც სამომხმარებლო სესხები თავისი მიზნობრიობით ძალიან ზოგადია, პირობები, რომლითაც ეს სესხები გაიცემა, შესაძლოა საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს და სასურველი ალტერნატივის შერჩევისას თქვენი კონკრეტული საჭიროების მიხედვით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. სამომხმარებლო სესხები, როგორც წესი, მოკლე ან საშუალო ვადით გაიცემა და მათი მოქმედების ვადა რამდენიმე წელს არ აღემატება. უზრუნველყოფის სახით შესაძლოა ნებისმიერი ტიპის უზრუნველყოფა იყოს გამოყენებული ან სესხი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე გაიცეს.
სამომხმარებლო სესხის გრაფიკი
დაფარვის გრაფიკის მიხედვით სამომხმარებლო სესხები ორგვარია:
- სესხები განახლებადი ლიმიტით, ანუ ე.წ. რევოლვირებადი სესხები
- სესხები წინასწარ გაწერილი დაფარვის გრაფიკით
რევოლვირებადი სამომხმარებლო სესხის მაგალითია ოვერდრაფტი. ის საშუალებას გაძლევთ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში აითვისოთ თანხა, ხოლო, მას შემდეგ, რაც აღებულ თანხას დააბრუნებთ, ავტომატურად, სესხზე განაცხადის გაკეთების გარეშე შეგიძლიათ ის ისევ აითვისოთ. როგორც წესი, ოვერდრაფტის მომხმარებლებისთვის შეთავაზება კრედიტორის მხრიდან ხორციელდება იმ მოლოდინით, რომ მისი დაფარვა მოხდება ავტომატურად, ამავე ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასიდან თუ სხვა ტიპის პერიოდული შემოსავლებიდან. ამ ტიპის სესხების მოხერხებულობა იმაში მდგომარეობს, რომ დამტკიცების ერთი პროცესის გავლით შეგიძლიათ მიიღოთ მუდმივად განახლებადი საკრედიტო პროდუქტი. თუმცა, ოვერდრაფტით სარგებლობისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - თანხის მუდმივი ხელმისაწვდომობა ზრდის არამიზნობრივი ხარჯვის რისკს, რამაც შეიძლება არააუცილებელი დავალიანების ზრდა გამოიწვიოს.
ისევე, როგორც ნებისმიერ ფინანსურ პროდუქტსა და მომსახურებას, სამომხმარებლო სესხსაც გააჩნია სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები. სხვადასხვა ალტერნატივის შედარებისას, თანაბარი ვადის პირობებში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იაფი ალტერნატივის შესარჩევად ყველაზე კარგი მაჩვენებელია.