კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა ინფორმაციას მოიცავს საკრედიტო რეპორტი?

საკრედიტო რეპორტში ინფორმაცია გადანაწილებულია ჯგუფებად. ეს ჯგუფები შეიძლება მოიცავდეს  ზოგად ინფორმაციას თქვენი, ანუ მსესხებლის შესახებ, დეტალებს მიმდინარე და უკანასკნელი 5 წლის მანძილზე დახურული საკრედიტო პროდუქტების შესახებ   , დამატებით, ფასიანი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში რეპორტში მითითებული იქნება, ასევე, გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები, რომელიც კრედიტინფოს მიერაა გარკვეული ლოგიკის საფუძველზე მუშავდება.

მომხმარებლის პირადი ინფორმაცია

  • ამ ტიპის ინფორმაციას განეკუთვნება მომხმარებლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა და სქესი.

ინფორმაცია ვალდებულებებსა  და გადახდების ისტორიაზე 

  • ვალდებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას განეკუთვნება ინფორმაცია იმ მიმდინარე თუ დახურული ვალდებულებების, მათ შორის, სესხების შესახებ, რომლის მსესხებელი, თავდები ან თანამსესხებელიცაა მომხმარებელი. ამასთან დახურულ ვალდებულებებზე საკრედიტო ბიუროში ინფორმაცია მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დეტალებით ინახება 5 წლის განმავლობაში. 
  • ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოიცავს ყველა ტიპის საკრედიტო ვალდებულებას – იქნება ეს, ბიზნეს სესხი, იპოთეკური სესხი, საკრედიტო ბარათი თუ სხვა. თუმცა აქ სხვა ტიპის ვალდებულებებიც შეიძლება იყოს ასახული. ამასთან კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგ გამონაკლისებს, როცა მომხმარებლის მიერ აღებული სესხის შესახებ ინფორმაცია არასავალდებულო წესით, მხოლოდ კრედიტორის სურვილის შესაბამისად გადაეცემა კრედიტინფოს. ასეთი შემთხვევებს განეკუთვნება მაგალითად  3 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხები;
  • დახურულ ხელშეკრულებები გულისხმობს:
    • უკვე დაფარულ ვალდებულებებს ანუ მსესხებლის მიერ სრულად გასტუმრებულ სასესხო ვალდებულებებს,
    • ხანდაზმულ მოთხოვნებს ანუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ხანდაზმულად აღიარებულ მოთხოვნებს
    • გაუქმებულ მოთხოვნებს ანუ მოთხოვნებს, რომლებზეც უარი თავად კრედიტორმა თქვა; 
  • საკრედიტო რეპორტში ასახულია ინფორმაცია არა მხოლოდ ვალდებულებების არსებობაზე, არამედ მათი დაფარვის დეტალებზეც. კერძოდ, ის ასახავს მომხმარებლის მიერ აღებული სესხების გადახდების ისტორიასაც მოიცავს. იმავდროულად, აქვე ასახულია ინფორმაცია სესხებზე ვადაგადაცილებისა და დარიცხული თუ გადახდილი ჯარიმების შესახებ ინფორმაციას. 

მომხმარებელზე განხორციელებული ძიების რაოდენობა

რეპორტში მითითებულია, ასევე ინფორმაცია მომხმარებელზე განხორციელებულ ძიებებთან დაკავშირებით ანუ იმის შესახებ, თუ  გარკვეული პერიოდის განმავლობაში  მის შესახებ რამდენჯერ გამოითხოვეს კრედიტინფოდან ინფორმაცია.  ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად ასახვას ჰპოვებს საკრედიტო რეიტინგზე, რამდენადაც მოკლე პერიოდში ძიებების მაღალი რაოდენობა, შესაძლოა მომხმარებლის ფინანსურ სირთულეებზეც მიუთითებდეს.