ფინანსური განათლების თემებით თუ დაინტერესებულხართ, ალბათ, ხშირად გაეცნობოდით მოსაზრებას, რომ ფინანსურად განათლებული მომხმარებელი პირადი ფინანსების მართვისას გონივრულ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მისი ფინანსური კეთილდღეობის მთავარი წინაპირობაა.
რა არის პირადი ფინანსების მართვა? ეს არის მომხმარებლის მიერ საკუთარი ფულადი რესურსების ანუ მის მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ამ შემოსავლების განაწილებას ანუ გასაწევი ხარჯებისა და გასაკეთებელი დანაზოგების დაგეგმვას, ასევე, ფინანსური მიზნების დასახვასა და მიზნების მიღწევის გზების შერჩევას, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსების წყაროების მოძიებას სესხების გზით. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია გონივრული ანუ ინფორმირებულობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
ამ ბლოკში განხილული იქნება პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, გაგაცნობთ რეკომენდაციებს, რომელიც ფინანსური მიზნების სწორად დასახვასა და მათ პრაქტიკულ რეალიზაციაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, როგორ შეადგინოთ ბიუჯეტი თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, როგორ დახარჯოთ თანხა გონივრულად და როგორ აიცილოთ თავიდან ზედმეტი ხარჯები.
აქვე იქნება განხილული ის ძირითადი ფინანსური პროდუქტები და მომსახურებები, რომლებიც პირადი ფინანსების მართვის პროცესში გამოიყენება, კერძოდ, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდების განხორციელების, თანხების გადარიცხვის, დაზოგვის და სხვა, ყოველდღიური ოპერაციების შესასრულებლად.