კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

არაფორმალური განათლება ახალგაზრდებისთვის

როცა ახალგაზრდების  განათლების მიღების შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ფორმალური საგანმანათლებლო სივრცეები გვახსენდება ხოლმე, მაგალითად, სკოლა, უნივერსიტეტი თუ კოლეჯი. თუმცა განათლების მიღებისთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ არხებსაც. 

არაფორმალურ განათლებაში ის ცოდნა ან უნარ-ჩვევა იგულისხმება, რომელსაც ადამიანი ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებების მიღმა იღებს.  ეს კი  ყველგან ხდება: განათლება ახალგაზრდამ შეიძლება მიიღოს როგორც ოჯახში, მშობლებისგან, ნათესავებისგან, ისე, საჯაროდ შემოთავაზებული სხვადასხვა არხით. მაგალითად, ინდივიდუალური და სოციალური განათლების ისეთი პროგრამებით, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას. 

განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ზრდასთან ერთად დღითიდღე იზრდება არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. შედეგად, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევის მიღების პროცესში უამრავი ახალგაზრდა ერთვება. 

თუმცა, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც არაფორმალური განათლების მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ:

აკრედიტაცია

როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციის კურსებსა და პროგრამებში ერთვებით, გაითვალისწინეთ, აკრედიტაციის საკითხი. აკრედიტაცია გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმის არსებობას. მისი მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. რომ შევაჯამოთ, აკრედიტაციის მქონე პროგრამები გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობის მანიშნებელია, თუმცა აკრედიტაციის არქონა თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ეს პროგრამები შეიძლება არ იყოს ეფექტური ან არ ჰქონდეს შესაბამისი შედეგი მიზნობრივ სეგმენტზე. 

ფასი

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული საგანმანათლებლო კურსები და პროექტები ხშირად უფასოა, მნიშვნელოვანია, ამ თუ იმ კურსის გავლის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღოთ, რაც შემოთავაზებასთან დაკავშირებულ დეტალებს და, მათ შორის, ფასს გაარკვევთ. 

ხელმისაწვდომობა

დღეს ცოდნის მიღება ან კონკრეტული უნარ-ჩვევის განვითარება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ კურსების გავლითაცაა შესაძლებელი, რაც განათლებაზე ხელმისაწვდომობას ამარტივებს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, , რომ ასეთი კურსები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და თქვენი ახალი სამუშაოს დაწყება ან დაწინაურება სწორედ მსგავს კურსებსა თუ აქტივობებში მონაწილეობამაც შეიძლება განაპირობოს.

გასათვალისწინებელია, რომ ასეთ პროგრამებზე (მაგალითად: EDx, Udemy, Coursera) ხშირად ვრცელდება ფასდაკლებები და ამიტომ კარგი შემოთავაზება რომ არ გამოგრჩეთ, აქტიურად ადევნეთ თვალი სიახლეებს თქვენთვის საინტერესო მიმართულებით. 

ნეთვორქინგი და ახალი კონტაქტები

არაფორმალურ განათლებაში ჩართვა, კარგი საშუალება ახალი კონტაქტების დასამყარებლად. შესაბამისად, არაფორმალური განათლების კომპონენტი აუცილებლად გამოიყენეთ ე.წ. "ნეთვორქინგის" გასაფართოებლად და თქვენთვის საინტერესო ადამიანების აღმოსაჩენად.