დამფინანსებლებს ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი აინტერესებთ იმისთვის, რომ დაინახონ, თუ რამდენად შესწევს ბიზნესს უნარი, გამოიმუშაოს თავისუფალი ფული. საწარმოს მიერ მიღებული მოგება და ფულადი სახსრები, როგორც წესი, ერთმანეთს არ ემთხვევა.
მაგალითი: თქვენ შეიძლება მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით გქონდეთ გარკვეული მოგება, თუმცა რეალურად აღმოჩნდეს, რომ მითითებული ოდენობის თანხა ბიზნესიდან არ დაგრჩენიათ, რადგან მოგება-ზარალის უწყისში შემოსავალში გათვალისწინებულია ისეთი თანხები, რომელთა მიღებას ჯერ კიდევ ელოდებით (მაგალითად, დებიტორული დავალიანება, ანუ კლიენტებისგან მისაღები ფული); ან, პირიქით, რეალურად გქონდეთ მეტი თანხა, მაგრამ, მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, მოგება ნაკლები იყოს. აღნიშნულს იწვევს ისეთი ხარჯები, რომლებიც, მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, მოგებას ამცირებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ თანხა ჯერ არ გადაგიხდიათ (მაგალითად, გადასახდელი ხარჯები: დაზღვევა, იჯარა და სხვ.).
ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის შაბლონი შეგიძლიათ იხილოთ აქ.