სესხის გადახდა
მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური ინსტიტუტი და მსესხებელი შეთანხმდნენ სესხის დაფარვის ისეთ გრაფიკზე, რომელიც მორგებულია მსესხებლის ბიზნესსაქმიანობაზე და ითვალისწინებს ბიზნესის განვითარების სტადიას, მის სეზონურობას ან სხვა სპეციფიურ მახასიათებლებს.
ზოგიერთ შემთხვევაში ბიზნესს შესაძლოა სესხის დაფარვა ვადაზე ადრე დასჭირდეს. ამ გადაწყვეტილების დადებითი მხარე ის არის, რომ ბიზნესი დარჩენილი ვადის განმავლობაში შემცირებულ ძირ თანხაზე დარიცხულ პროცენტს აღარ გადაიხდის. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ბიზნესს შესაძლოა მოუწიოს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს წინსწრების საკომისიოს მაქსიმალურ ლიმიტს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“ ადგენს წინსწრების საკომისიოს ლიმიტებს ხელშეკრულების დარჩენილი ვადისა და წინსწრებით დაფარვის მიზნების გათვალისწინებით. წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ლიმიტები განსხვავდება იმ ვადის მიხედვით, რომელიც დარჩენილია ხელშეკრულების დასრულებამდე:
ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადა 6 თვემდე 6-12 თვემდე 12-24 თვემდე 24 თვეზე მეტი % 0% 0,5% 1% 2%
საქართველოში ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს არეგულირებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი". ეს რეგულაცია ადგენს სავალდებულო წესებს, რომლებიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებულმა ფინანსურმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და სესხის გამცემ სუბიექტებმა უნდა დაიცვან და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: მომხმარებლისთვის ინფორმაციის სრულად, გასაგებ ენაზე და დროულად მიწოდება; მომსახურებების რეკლამირება-შეთავაზებისას დაკავშირებული ხარჯების ნათლად წარმოჩენა; ხელშეკრულების გაფორმებისას გარკვეული სტანდარტების დაცვა; პრეტენზიების მიღება და გონივრულ ვადებში რეაგირება და ა. შ. აღსანიშნავია, რომ ეს წესი იცავს მომხმარებელთა ფართო არეალს - როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული წესი 2019 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება სესხის გამცემ სხვა ორგანიზაციებზეც, თუმცა ის არ ფარავს სალიზინგო და სადაზღვევო საკითხებს. ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესიზე მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.
სესხის გადახდის გრაფიკი
ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, მეწარმემ ფინანსურ ორგანიზაციასთან უნდა განიხილოს და შეათანხმოს საკუთარ ბიზნესზე მორგებული გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი. თუ ბიზნესის შემოსავალი სეზონურია, შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობა - საშეღავათო თვეების განმავლობაში სესხზე შენატანი მცირდება ან საერთოდ უქმდება და სესხის ძირითადი (ძირი) თანხის შესაბამისი ნაწილიც არასაშეღავათო პერიოდზე ნაწილდება. ამასთან, საშეღავათო პერიოდში შესაძლოა მხოლოდ სესხის პროცენტის გადახდა, ხოლო ძირი თანხის გადახდა მეწარმეს შეუძლია დაიწყოს საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ.
მაგალითი: თქვენ ფლობთ საოჯახო სასტუმროს ბაკურიანში და სესხის აღება გსურთ შემოდგომის პერიოდში, როდესაც თქვენ არ გყავთ დამსვენებელი. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ინსტიტუტმა შეიძლება შემოგთავაზოთ საშეღავათო პირობები, მაგალითად: სესხის გადახდას დაიწყებთ იანვარში, ზამთრის სეზონის დაწყებისას, ან იანვრამდე გადაიხდით მხოლოდ სესხის პროცენტს, ხოლო პროცენტთან ერთად ძირი თანხის დაფარვას დაიწყებთ იანვრიდან.ინდივიდუალური გრაფიკი მნიშვნელოვანია ყველა იმ ბიზნესისათვის, რომლებსაც ახასიათებთ შემოსავლების მიღების სეზონურობა. ასეთი ბიზნესებია: აგრობიზნესი, ტურისტული ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი და სხვ.
ბიზნესსესხის დაფარვა, ძირითადად, ანუიტეტური გრაფიკით ხდება.
ანუიტეტი
ანუიტეტი არის გადახდის ისეთი გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც სესხის დასაფარად ყოველთვიურად ერთი და იგივე თანხაა გადასახდელი. სესხის დაფარვის ამ ფორმის უპირატესობა ის არის, რომ მეწარმემ ზუსტად იცის სესხის დასაფარად რა თანხის გამოყოფა მოუწევს ყოველთვიურად ბიზნესის შემოსავლებიდან.
ანუიტეტის შემთხვევაში თითოეული შენატანი მოიცავს როგორც სესხის ძირითად, ანუ ძირ თანხას, რომელიც ფინანსურმა ორგანიზაციამ სესხის სახით გამოყო, ისე ძირ თანხაზე დარიცხულ პროცენტს, რომლის განაკვეთიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ყოველ მომდევნო თვეს პროცენტი ერიცხება სესხის დარჩენილ, უკვე შემცირებულ ძირ თანხას; შესაბამისად, დროის გასვლასთან ერთად, მცირდება საპროცენტო ხარჯი. გასათვალისწინებელია, რომ თუ მეწარმე გრაფიკით შეთანხმებულ ვადაში არ შეიტანს სესხის ყოველთვიურ გადასახადს, ფინანსური ორგანიზაცია მას პირგასამტეხლოს/ჯარიმას დააკისრებს, რომლის ოდენობაც ასევე შეთანხმებულია ხელშეკრულებით.
როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, სესხის ძირი თანხის შემცირებასთან ერთად, კლებულობს მასზე დარიცხული საპროცენტო ხარჯიც.
სესხის მოცულობა - 15000 ლარი; პერიოდი(თვე) - 12 თვე; საპროცენტო განაკვეთი -14%.
პერიოდი სესხის ძირის საწყისი ბალანსი ჯამური შენატანი (PMT) სესხის ძირის გადახდა სესხზე დარიცხული პროცენტი სესხის ნარჩენი ძირი თვე1 15000 1347 1172 175.00 13828 თვე2 13828 1347 1185 161.33 12643 თვე3 12643 1347 1199 147.50 11443 თვე4 11443 1347 1213 133.51 10230 თვე5 10230 1347 1227 119.35 9003 თვე6 9003 1347 1242 105.03 7761 თვე7 7761 1347 1256 90.54 6505 თვე8 6505 1347 1271 75.89 5234 თვე9 5234 1347 1286 61.06 3948 თვე10 3948 1347 1301 46.06 2647 თვე11 2647 1347 1316 30.88 1331 თვე12 1331 1347 1331 15.53 0 ჯამი 16162 15000 1162
სესხის კალკულატორი
სესხის აღებამდე მეწარმემ ფინანსურ ორგანიზაციასთან უნდა განიხილოს ჯამში რა თანხის გადახდა მოუწევს სესხის სანაცვლოდ. სესხთან დაკავშირებული მთლიანი ხარჯის დამოუკიდებლად შეფასება და სხვადასხვა სასესხო შემოთავაზების შედარება შესაძლოა რთული იყოს; ამ მიზნით მეწარმეს შეუძლია გამოიყენოს სესხის კალკულატორი, რომელიც ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ეს კალკულატორი აჩვენებს გრაფიკს, რომელშიც ასახული იქნება სესხის ყოველთვიური სავარაუდო შენატანები და ის ჯამური თანხა, რომელიც ყოველი შენატანის განხორციელების შემდეგ რჩება გადასახდელი. სესხის კალკულატორის დახმარებით მეწარმე გააანალიზებს, თუ რა დაუჯდება სესხი რეალურად.
რესტრუქტურიზაცია
იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი გარკვეული გარემოებების გამო ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, შესაძლოა დახმარების გარეშე ვეღარ შეძლოს არსებული ვალდებულებების დაფარვა. ასეთ დროს მეწარმემ უნდა მიმართოს იმ ფინანსურ ორგანიზაციას, რომლისგანაც აიღო სესხი და შესაძლებელია მასთან შეთანხმდეს სესხის გადახდის ახალ პირობებზე, რომლებიც უკეთ შეესაბამება ბიზნესის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას. ამ პროცესს რესტრუქტურიზაცია ეწოდება, რაც არსებული სესხის მომსახურების პირობების შეცვლას გულისხმობს და რომლის მიზანიც, ძირითადად, მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების გამარტივებაა.
რესტრუქტურიზაციის დროს, რამდენიმე სესხის არსებობის შემთხვევაში, ეს სესხები ყოველთვიური შენატანების შემცირების მიზნით, ძირითადად, ერთ სესხად ერთიანდება და უფრო გრძელ ვადაზე ნაწილდება. რესტრუქტურიზაციას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი; ამასთან, სესხის უფრო გრძელ ვადაზე გადანაწილება საბოლოოდ სესხზე გადასახდელი ჯამური თანხის ზრდას იწვევს. შესაბამისად, რესტრუქტურიზაციამდე მსესხებელმა ეს გარემოებებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.