კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

შემოსავლების და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

ბიზნესის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფინანსური ინსტიტუტი ამოწმებს მეწარმის გადახდისუნარიანობას. ამ მიზნით ის ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიზნესის ყოველთვიური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების სრულყოფილი ანალიზია. იმისთვის, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა გააანალიზოს შემოსავლები და ხარჯები, ბიზნესის მფლობელს სხვადასხვა ფინანსური დოკუმენტის წარდგენა მოუწევს.

ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება ოფიციალურ და არაოფიციალურ ფინანსურ უწყისებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდია (www.rs.ge), სადაც ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია დარეგისტრირდეს ბიზნესსუბიექტად. რეგისტრაციისას მას ენიჭება სისტემაში შესასვლელი უნიკალური სახელი და პაროლი. შესაბამისად, თითოეულ მეწარმეს ინდივიდუალური ელექტრონული გვერდი აქვს (www.eservices.rs.ge)

ინფორმაციის მიღების წყაროები 

 

მოგების დეკლარაცია

იძლევა ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეწარმის პირად გვერდზე (www.rs.ge).  ინდივიდუალურ (მათ შორის, მიკრო- და მცირე) მეწარმედ რეგისტრაციის შემთხვევაში მოგების დეკლარაცია ივსება წელიწადში ერთხელ და ის მოიცავს ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას კონკრეტული წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით. ჯგუფური ბიზნესის შემთხვევაში (მაგალითად შპს, სპს და სხვა იურიდიული ფორმების) ეს დეკლარაცია ივსება ყოველთვიურად. 

დღგ დეკლარაცია

იძლევა ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) შესახებ. ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge)

საბანკო ანგარიშის ამონაწერი

სესხის გაცემამდე ფინანსური ინსტიტუტი მოითხოვს მეწარმის ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების დამადასტურებელ საბანკო ამონაწერს. როგორც წესი, მოითხოვება ბოლო 6 თვის ინფორმაცია. საბანკო ამონაწერში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ბიზნესის კონკრეტულ ანგარიშზე/ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების შესახებ, კერძოდ: როდის, საიდან და რა თანხა მიიღო ბიზნესმა ანგარიშზე და ასევე, რა თანხა გადაიხადა მან. ამონაწერში, როგორც წესი, მითითებულია მიღებული/გახარჯული თანხის კონკრეტული დანიშნულებაც.

ინფორმაცია საბუღალტრო პროგრამებიდან

კომპანიები და მათი ბუღალტრები ფინანსურ აღრიცხვას, ხშირ შემთხვევაში, ახორციელებენ სხვადასხვა ბუღალტრული პროგრამის გამოყენებით, რომელშიც ასახულია საქმიანობასთან დაკავშირებული დეტალები. მისი საშუალებით ადვილია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება. შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანია ამ პროგრამებიდან მიღებული ინფორმაცია.

ზედნადები 

დოკუმენტი, რომელიც იწერება კომპანიის სახელზე საქონლის ყიდვის და/ან მისი ტრანსპორტირების დროს. ის წარმოადგენს აღრიცხვის დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტს და რომლის გარეშეც აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია. ზედნადები მზადდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში და მისი მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, მეწარმის პროფილზე, ანუ პირად გვერდზე (მას შემდეგ, რაც გამყიდველი მხარე გადმოაგზავნის დოკუმენტს). გასათვალისწინებელია, რომ, როდესაც შესყიდვა ხდება ბიზნესსაქმიანობისთვის, გამყიდველ მხარეს მეწარმემ თავიდანვე უნდა მოსთხოვოს ზედნადები დოკუმენტი, თავის მხრივ კი მიაწოდოს მას ბიზნესის რეკვიზიტები.

საგადასახადო ანგარიშფაქტურა

დოკუმენტი, რომელსაც ადგენს ერთი მხარე მეორისთვის საქონლის მიწოდებისას ან მომსახურების გაწევისას, თუ ორივე მხარე დღგ-ის გადამხდელი კომპანიაა.

შესყიდვის აქტი

დოკუმენტი, რომლითაც გამყიდველი და მყიდველი ხელმოწერით ადასტურებენ ნივთის გადაცემასა და თანხის მიღებას.

ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაცია

დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია თვის განმავლობაში თანამშრომლებისთვის გაცემული ხელფასების შესახებ.

განაცემთა შესახებ ინფორმაცია

ინფორმაცია ისეთი გადახდების შესახებ, რომლებიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, მაგ., ხელფასები, დივიდენდები და სხვა. საშემოსავლო დეკლარაციისგან განსხვავებით, ამ ფორმაში მითითებულია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად ვინ მიიღო შემოსავალი, ხელფასის, დივიდენდის თუ მომსახურების სახით. მაგალითად, x პირმა, პირადი მონაცემების მითითებით, დეკემბრის თვეში ხელფასის სახით აიღო 1000 ₾ , რომელზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 250 ლარის ოდენობით. საშემოსავლო დეკლარაციაში პირის პირადი მონაცემები არ აისახება, მაგრამ მიეთითება თითოეული განაცემის კონკრეტული თარიღი, მაგ., 7 დეკემბერი. გასათვალისწინებელია, რომ საშემოსავლო დეკლარაციისა და განაცემთა შესახებ ინფორმაციის ჯამური მონაცემები თვის ჭრილში უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

მიკრო- და მცირე მეწარმეები ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებსა და პროგრამებს შეიძლება არ იყენებდნენ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეს ჰქონდეს ჩანაწერები, რომლებზე დაყრდნობითაც ფინანსური ორგანიზაცია თავად შექმნის ფინანსურ დოკუმენტებს, დაითვლის კოეფიციენტებს და შეფასების იმავე მექანიზმით განიხილავს სესხის განაცხადს.

მეწარმის ჩანაწერები

მეწარმეებს ხშირად აქვთ ბიზნესის ჩანაწერები - ე. წ. „ჟურნალი“ - რომელშიც ასახულია სხვადასხვა ფინანსური ინფორმაცია, რაც ზემოთ მოცემული დოკუმენტაციით შესაძლოა დადასტურებული არ იყოს. მიკრომეწარმე, რომელსაც სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება არ აქვს, ინფორმაციას გაყიდული საქონლის ან გაწეული მომსახურების შესახებ შესაძლებელია პირად ჟურნალში ასახავდეს და, შესაბამისად, ის ვერ წარმოადგენს შემოსავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ქვითარი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა და სხვა). მაგალითად, მექანიზატორს შეუძლია ჟურნალში შეიტანოს დეტალური ინფორმაცია, თუ ვის გაუწია მიწის დამუშავების მომსახურება (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, დამუშავებული მიწის ფართობი, ღირებულება). ფინანსური ორგანიზაცია, თავის მხრივ, გადაამოწმებს ამ ინფორმაციას და გამოიყენებს მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  

დამფინანსებლისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ფლობს ბიზნესი და რა ვალდებულებები აქვს მას მიმდინარე პერიოდში

აქტივებთან დაკავშირებული ინფორმაცია

ბიზნესის სახელზე არსებული ქონების  დასადასტურებლად მეწარმეს შეუძლია წარადგინოს საბალანსო უწყისი, აქტივების შეძენის ქვითრები: საგადასახადო დავალებები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ბიზნესის სახელზე არსებული უძრავი ქონების შემთხვევაში) და შესყიდვის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. მის აქტივს ასევე შეადგენს თანხა, რომელიც კლიენტებს მართებთ ბიზნესის მიმართ. ამის დასადასტურებლად მეწარმემ უნდა წარადგინოს შედარების აქტი, რომელშიც ასახულია დებიტორებისაგან მისაღები თანხის მოცულობა. 

ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია

მოიცავს ყველა ვალდებულებას, რომლებიც ბიზნესს აქვს, მათ შორის, სესხი ფინანსურ ინსტიტუტში, მომწოდებლებისთვის გასასტუმრებელი თანხა ან სხვა ნებისმიერი სახის ვალი. ასეთი ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში, მეწარმეს მოეთხოვება წარმოადგინოს საკრედიტო ხელშეკრულება ფინანსური ინსტიტუტიდან, რომელშიც აქვს სესხი, ან ცნობა დავალიანების შესახებ, რათა დადგინდეს მოცემულ დროს არსებული დავალიანების ზუსტი ოდენობა; ხოლო მომწოდებლებთან, დავალიანების შემთხვევაში, მეწარმემ უნდა წარადგინოს შედარების აქტი.  

საფინანსო ორგანიზაცია ყველა ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ითხოვს იმისთვის, რომ სრულყოფილი წარმოდგენა შეიქმნას, თუ რამდენად რეალურია ბიზნესის გეგმები და შეძლებს თუ არა ბიზნესი განსაზღვრული გრაფიკით არსებული ვალდებულებების დაფარვას. ამ და სხვა ზემოხსენებულ ფაქტორებზე დაყრდნობით ფინანსური ინსტიტუტი იღებს გადაწყვეტილებას გასაცემი სესხის ოდენობასთან და ვადასთან დაკავშირებით. 

მნიშვნელოვანია, ფინანსურ ორგანიზაციას მიეწოდოს უტყუარი და სრულფასოვანი ინფორმაცია ბიზნესსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. სრულყოფილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია როგორც დამფინანსებლისთვის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ისე ბიზნესის ფინანსური კეთილდღეობისთვის. თუ მეწარმე სესხზე დადებითი პასუხის მიღების მოტივით მცდარი ინფორმაციის მიწოდებას ეცდება, ამან შესაძლოა ბიზნესი გარკვეული პერიოდის შემდეგ დააზარალოს და კრედიტის გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე დააყენოს.
  

ფინანსური ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის იდეას, ფინანსურ ინფორმაციასა და გეგმებს არ გაანდობს სხვა პირს და არ გამოიყენებს პირადი ინტერესებისათვის.