კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მეხსიერების თამაში - ქართული ფული

გთავაზობთ სამაგიდო თამაშს ბავშვებისთვის, რომელიც შეგიძლიათ ამობეჭდოთ და თავად დაამზადოთ.

ასაკი: 3-7 წელი

მოთამაშეების რაოდენობა: 2-4

მოიცავს 36 ბარათს - 18 წყვილს. (12 წყვილი - ლარის ბანკნოტის ბარათები, წინა და უკანა მხარე; 6 წყვილი - მონეტების ბარათები)

როგორ ეთამაშოთ ბავშვ(ებ)ს?

  • ამობეჭდეთ ბარათები ფერად პრინტერზე და გამოჭერით.
  • გაშალეთ და დააწყვეთ ბარათები მაგიდაზე ან იატაკზე: ფულის გამოსახულება უნდა მოექცეს ქვემოთ, ლოგოები/ცარიელი მხარე კი - ზემოთ.

ბარათების განლაგება
ბარათების განლაგება

  • მოთამაშეები რიგრიგობით იღებენ 2-2 ბარათს.
  • ერთი მოთამაშე აიღებს ორ ბარათს და აჩვენებს სხვებსაც. თუ ბარათები წყვილდება - ანუ ორივე ბარათი ზუსტად ერთნაირია, მოთამაშე მას დაიტოვებს. თუ ბარათები არ წყვილდება, ანუ განსხვავებულია, მოთამაშე დააბრუნებს მას თავის ადგილზე. 

წყვილების ნიმუში
წყვილების ნიმუში

  • ამის შემდეგ მეორე მოთამაშე აიღებს ნებისმიერ ორ ბარათს: თუ ბარათები წყვილდება - დაიტოვებს, თუ არა - დააბრუნებს ადგილზე და ა.შ. თამაში გრძელდება მანამ, სანამ ყველა ბარათი არ დაწყვილდება. გაიმარჯვებს ის მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი ბარათი ექნება დაწყვილებული.
  • მოთამაშეებმა უნდა დაიმახსოვრონ ბარათების ადგილმდებარეობა, რათა შეძლონ მათი დაწყვილება.

რჩევა 3-4 წლის ბავშვების შემთხვევაში:

თამაშის გამარტივების მიზნით, შეგიძლიათ შეამციროთ ბარათების (წყვილების) რაოდენობა, ან ითამაშოთ მხოლოდ ბანკნოტებით, ან - მხოლოდ მონეტებით. შესაძლებელია ბავშვებს ყურადღება გაუმახვილოთ მხოლოდ ფულის ვიზუალზე და არ გადატვირთოთ ციფრების (ანუ ბანკნოტის და მონეტის ნომინალის) დასახელებით.

რჩევა 5-7 წლის ბავშვების შემთხვევაში:

გარდა იმისა, რომ ბავშვები ბარათებს აწყვილებენ ვიზუალით, ამ ასაკის ბავშვებს შესაძლებელია თამაშის დროს მიაწოდოთ მეტი ინფორმაცია ფულის შესახებ: მაგალითად, ფული გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყიდოთ სხვადასხვა ნივთი. ამ ბარათებზე ზუსტად ფულის ნიმუშებია გამოსახული. ქაღალდის ფულს - ბანკნოტი ჰქვია, ლითონის, ანუ ხურდა ფულს კი - მონეტა. შემდეგ, როცა რომელიმე ბარათს დააწყვილებს, შეგვიძლია ვუთხრათ შესაბამისი ინფორმაცია. მაგალითად, ყოჩაღ! შენ ახლა დააწყვილე ბარათები, რომელზეც 5 ლარიანის წინა მხარეა დატახული. შეგიძლია მითხრა, სად ახატია ციფრი 5? (ან, რა ციფრი ახატია ამ ბარათზე?) კიდევ რა ახატია 5 ლარიანს? 5 ლარი უფრო მეტია თუ 10? 5 ლარს რომ 5 ლარი მივუმატოთ, რამდენი გვექნება? და ა.შ. კითხვები შეგიძლიათ ცვალოთ ბავშვის ასაკის და მზაობის შესაბამისად.

თამაშის საბეჭდი ვერსია

1. ამობეჭდეთ სათამაშო ბარათები ფერად პრინტერზე

2. ბარათების უკანა მხარეს ამობეჭდეთ ლოგოები ან დატოვეთ ცარიელი და გამოჭერით ბარათები

3. ამობეჭდეთ თამაშის ინსტრუქცია

4. ამობეჭდეთ და გამოჭერით ბარათების შესანახი ყუთი