ზოგადად, სესხის გამცემები შესაძლოა 2 კატეგორიად დავყოთ:
- ის ორგანიზაციები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ეროვნულ ბანკში და/ან აქვთ შესაბამისი ლიცენზია და აქვთ სესხის გაცემის უფლება და
- სხვა პირები, მათ შორის, მეგობარი, ოჯახის წევრი, თუ კერძო პირები ან კომპანიები, რომელთა ძირითად საქმიანობას თანხის გასესხება არ წარმოადგენს და ამიტომაც, მათ მიმართ ვალდებულება ფიზიკურ პირთა შეზღუდულ რაოდენობას, კერძოდ, 20-მდე პირს აქვს.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პირი, რომლის მიმართაც 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო დავალიანება, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში, სხვა შემთხვევაში კი მის ქმედებას შესაძლოა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის კვალიფიკაცია მიენიჭოს.
ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ფარგლებში სესხის გაცემასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან შემდეგი სტატუსის მქონე ორგანიზაციები: კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო კავშირი ან სესხის გამცემი სუბიექტი. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის ზედამხედველობას ეროვნული ბანკი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მოთხოვნები და დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები განსხვავებულია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ზედამხედველობის ერთნაირი სტანდარტები ვრცელდება.
რატომაა მნიშვნელოვანი გაარკვიოთ, ექცევა თუ არა კრედიტორი ზედამხედველობის ქვეშ?
თუ სესხს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტისგან იღებთ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით თქვენი და სესხის გამცემი ორგანიზაციის უფლებები და პასუხისმგებლობები საკმაოდ დეტალურადაა გაწერილი როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით. გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციებთან რაიმე პრობლემების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა გაქვთ ეროვნულ ბანკს, როგორც ამ ორგანიზაციების ზედამხედველ ორგანოს მიმართოთ, რათა ფინანსური პროდუქტის მომსახურებასთან დაკავშირებული საკუთარი უფლებები დაიცვათ.
სადაც არ უნდა გადაწყვიტოთ სესხის აღება, გასათვალისწინებელია, რომ სესხის აღებით გიჩნდებათ როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებაც. შესაბამისად, სესხის გამცემი ორგანიზაცია უნდა შეარჩიოთ ისე, რომ თქვენი ურთიერთთანამშრომლობა მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს.