კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა არის ტელეფონბანკი?

ტელეფონბანკი
ტელეფონბანკი საბანკო მომსახურების დისტანციურად  მიღების ერთ-ერთი საშუალებაა.

ტელეფონბანკის გამოყენებით ბანკში გაწერილი იდენტიფიკაციის პროცედურის საშუალებით (მათ შორის, ხმის იდენტიფიკაციის ბიომეტრიული ანაბეჭდის და საპაროლე სისტემების გამოყენებით) შეგიძლიათ ბანკში მიუსვლელად მიიღოთ ესა თუ ის მომსახურება სატელეფონო ზარის საშუალებით. 

ტელეფონბანკის მეშვეობით მისაღები სერვისები, ასევე, ამ სერვისების პირობები/ლიმიტები შესაძლოა განსხვავდებოდეს ბანკების მიხედვით, მაგრამ სტანდარტულად, შესაძლებელია, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშებისა და მათზე არსებული ნაშთების შესახებ, მოითხოვოთ თანხის თქვენი ან მესამე პირის ანგარიშზე გადარიცხვა, დაბლოკოთ ბარათები, შეასრულოთ ვალუტის კონვერტაცია და სხვა. 

როგორ შეგიძლიათ ტელეფონბანკით სარგებლობა?

ტელეფონბანკი
ტელეფონბანკით სარგებლობა ხორციელდება ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. სასურველი მომსახურების მისაღებად საჭიროა მომსახურე ბანკის სატელეფონო ნომერზე დაკავშირება და ბანკის თანამშრომლის (ან რიგ შემთხვევაში სატელეფონო ბოტების თუ ავტომოპასუხის) დახმარებით იდენტიფიკაციის პროცესის გავლა. 

ტელეფონის საშუალებით ბანკისთვის მიცემული დავალება (მაგალითად, თანხის გადარიცხვა თქვენი ანგარიშიდან სხვა პირის ანგარიშზე) თქვენ მიერ ხელმოწერილი წერილობითი დავალების ტოლფასია. შესაბამისად, ტელეფონბანკით განხორციელებულ ოპერაციებში მიწოდებული რეკვიზიტების თუ სხვა საჭირო ინფორმაციის სისწორე თქვენი პასუხისმგებლობაა. ასეთი მომსახურების გაწევისას მომსახურე ბანკი უფლებამოსილია გააკეთოს და შეინახოს აუდიოჩანაწერები კანონით დადგენილი წესების შესაბამისად (მაგალითად, ჩანაწერი განახორციელოს მხოლოდ თქვენი ინფორმირების შემდეგ). იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ტიპის დისტანციური მომსახურების მსგავსად, ტელეფონბანკით მომსახურებაც უფრო მაღალი რისკებით ხასიათდება, ვიდრე მომხმარებლის სერვისცენტრში ფიზიკური ვიზიტისას მომსახურება, როგორც წესი, ტელეფონბანკით მომსახურებისას დაწესებულია ხოლმე თანხობრივი ლიმიტები.

ტელეფონბანკის მომსახურებით სარგებლობა, როგორც წესი, შესაძლებელია ბანკის არასამუშაო საათებშიც, რაც განაპირობებს ამ მომსახურებით სარგებლობის მოსახერხებლობას.