30 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური განათლება - გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნა.
„ფინანსური განათლება ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვისაც ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატურია, ვინაიდან საკუთარი ბიუჯეტის და ფინანსების სწორად დაგეგმვა სწორედ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვისაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კვლევები ადასტურებს პირდაპირ კავშირს ფინანსური განათლების დონესა და მოსახლეობის ვალის ტვირთს შორის. დაბალი ფინანსური განათლების მქონე მოქალაქეებს, როგორც წესი, „ძვირადღირებული“ ქცევა ახასიათებთ, ანუ, კონკრეტული ფინანსური სერვისით სარგებლობის ან პროდუქტის შეძენისას, ისინი არაინფორმირებულ და შესაბამისად, „ძვირ“ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. დღევანდელი კონფერენციის მიზანი პრობლემების იდენტიფიკაციასთან ერთად იმ ღონისძიებების განსაზღვრაც უნდა იყოს, რომელიც ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული თითოეული ინსტიტუტის ყოველდღიური პასუხისმგებლობა და, უფრო მეტიც, ვალდებულებაცაა. ამ თემაზე ზრუნვა არის ფინანსური სექტორის, ეკონომიკის და ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
კონფერენციის მიზანია სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შეხედულებების გაზიარება ფინანსური განათლების პრობლემასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ფინანსური განათლების დაბალი დონის ნეგატიური ეფექტი მომხმარებლის კეთილდღეობაზე და შედეგად, მისი შესაძლო გავლენა ფინანსურ ინსტიტუტებზე. გაიმართა დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური განათლების დაბალი დონის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები, დაინტერესებული მხარეების როლი, მათი პასუხისმგებლობა და ა.შ.
კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება ბრიტანელმა და გერმანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა შონ მუნდიმ და ანია დაინცერმა გაუზიარეს. შონ მუნდიმ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო გამოცდილება ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ანია დაინცერმა კი გერმანული შემნახველი ბანკების ფინანსური ჯგუფის გამოცდილებაზე ისაუბრა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოქმედი კომერციული ბანკების, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები.