2 დღიანი ონლაინ კონფერენცია ორიენტირებული იყო ბავშვებისა და ახალგაზრდების სეგმენტისთვის ფინანსური განათლების პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების პროცესზე, და ამ მიმართულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.
კონფერენციას, გარდა პროექტის მონაწილე ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებისა, ასევე ესწრებოდნენ პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობაა შესაბამის ქვეყნებში ფინანსური განათლების ეროვნული ინიციატივების შემუშავება და დანერგვა.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სხვა ქვეყნებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების სხვადასხვა პროგრამების შემუშავების, მათ შორის ფინანსური განათლების სკოლებში დანერგვისა და მასწავლებელთა გადამზადების მიმართულებით.
„ბავშვები და ახალგაზრდები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია და ეროვნული ბანკი ამ სეგმენტისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს, რამდენადაც ფინანსური განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად და მისი გამომუშავება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით, რათა ფინანსური განათლების მიწოდება იყოს ეფექტიანი და პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა.