დღესდღეობით საქართველოში 15 კომერციული ბანკი მოქმედებს. კომერციული ბანკები საფინანსო ბაზარზე ყველაზე მრავალფეროვან საქმიანობას ეწევიან საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტების შეთავაზების კუთხით. საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, სესხის გაცემის გარდა, მხოლოდ მათ შეუძლიათ, შემოგთავაზონ ისეთი მომსახურებები, როგორებიცაა მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშების გახსნა და ამ პროდუქტებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება, სადებეტო ბარათებით სარგებლობა და სხვა.
რა ტიპის რეგულაცია ვრცელდება კომერციულ ბანკებზე?
კომერციული ბანკის სტაბილურობას დიდწილად ის მოთხოვნები უზრუნველყოფს, რომელსაც მას რეგისტრაციის მომენტიდან ეროვნული ბანკი უყენებს. კერძოდ, ბანკის დასაფუძნებლად განსაზღვრულ ფინანსურ და არაფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად, საჭიროა წარდგენილ იქნას საზედამხედველო კაპიტალი მინიმუმ 50 მილიონი ლარის ოდენობით. საზედამხედველო კაპიტალს საბანკო ლიცენზიის მიღების მსურველი იურიდიული პირები მხოლოდ ფულადი სახით წარადგენენ. საზედამხედველო კაპიტალი იქმნება იმისთვის, რომ მოსალოდნელი ან მოულოდნელად წარმოქმნილი დანაკარგები დაბალანსდეს და შესაძლო რისკები თავიდან იქნას აცილებული. კომერციული ბანკის ლიცენზირების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია. განმცხადებლის დეტალური შესწავლა, ლიცენზირებული ბანკის ფუნქციონირებისა და მისი ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი იმის გარანტია, რომ ლიცენზირებული კომპანია სტაბილურად შეძლებს მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევას.
რა ტიპის სესხის აღება შეგიძლიათ კომერციულ ბანკში?
სესხის აღება შეგიძლიათ როგორც პირადი საჭიროების, ისე ბიზნესისთვის. კომერციულ ბანკში პირადი მიზნობრიობით აღებული სესხის ბევრ ტიპს შეხვდებით: სამომხმარებლო, იპოთეკური, სტუდენტური, სწრაფი სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი. ასევე, ბიზნესის გაფართოებისთვის, საბრუნავი საშუალებებისთვის, ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა საქმიანობისთვის ბიზნეს სესხებით სარგებლობაც შეგიძლიათ.
საქმიანობის სპეციფიკისა და ორგანიზაციის ტიპიდან გამომდინარე, კომერციული ბანკი, უფრო ხშირად, სესხზე ყველაზე კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს მომხმარებელს. აღნიშნულის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ის, რომ ორგანიზაციის მასშტაბებიდან გამომდინარე, ბანკებს სხვა გამსესხებლებთან შედარებით უფრო იაფ საკრედიტო რესურსზე მიუწვდებათ ხელი. თუმცა, სესხის გაცემის პროცესი შესაძლოა შედარებით უფრო კომპლექსური და, შესაბამისად, სხვებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი იყოს. მეორე მხრივ, ბანკში სესხის აღება შესაძლოა უფრო მოქნილი იყოს იმ მომხმარებლებისთვის, რომელიც ამავე ბანკის სხვა პროდუქტებით სარგებლობენ, მაგალითად, იღებენ ფულად გზავნილებს, ერიცხებათ ხელფასი მიმდინარე ანგარიშზე, ფლობენ სადეპოზიტო პროდუქტებს. ბანკთან თანამშრომლობის ისტორია არსებული მომხმარებლების მომსახურებას ამარტივებს, რამდენადაც დამატებითი საბუთების წარმოდგენის გარეშე მათი გადახდისუნარიანობის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
კომერციულ ბანკებს სესხის დამტკიცების თანხობრივი ლიმიტები არ აქვთ დაწესებული. შესაბამისად, თუ თქვენი ფინანსური მონაცემებით გადახდისუნარიანად იქნებით მიჩნეული, შესაძლებლობა გექნებათ ბანკში სასურველი თანხა ისესხოთ. ამასთანავე, ბანკთან ურთიერთობის დადებითი მხარეა ისიც, რომ აქ სხვა არასასესხო, საოპერაციო პროდუქტებითაც ისარგებლოთ.
სად შეიძლება ვნახო საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ჩამონათვალი?
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ განახლებადი ინფორმაცია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების შესახებ.
მსგავსი თემები
- დაზოგვის ფორმალური მეთოდები
- ფინანსური ინსტიტუტების შედარება მომსახურებისა და პირობების მიხედვით
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება
- სესხის დამტკიცება
- ბიზნესისთვის რელევანტური პროდუქტები და მომსახურებები
- რა შეკითხვები უნდა დასვათ ფინანსურ ორგანიზაციასთან
- სესხის თანხა და ვადა