თავდებობა შესაბამისი ხელშეკრულებით ფორმდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის გასააზრებლად, დამატებით ფორმდება სპეციალური თავდებობის განაცხადიც, სადაც მოცემულია თავდებობის ზღვრული თანხები.
ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულებაც ხელმოწერამდე წაკითხვას და ყველა საკითხის დაზუსტებას საჭიროებს. ქვემოთ აღვწერთ თავდებობის ხელშეკრულების რიგ მნიშვნელოვან პუნქტებს, რომელსაც სასურველია ყურადღება მიაქციოთ.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
ხელშეკრულების მხარეებში ამ შემთხვევაში კრედიტორი, მსესხებელი და თავდები იგულისხმება. ამ პუნქტების დეტალურად გაცნობა დაგეხმარებათ გადაამოწმოთ, ხომ ნამდვილად იმ პირს უდგებით თავდებად, ვისზეც გადაწყვეტილება მიიღეთ. ასევე, შეძლებთ გადაამოწმოთ ვის მიმართ წარმოქმნილ ვალდებულებაზე დგებით თავდებად.
თავდებობის ტიპი
ეს გულისხმობს, სოლიდარულია თავდებობა თუ სუბსიდიური. თუ თავდებობა სოლიდარულია, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ კრედიტორს აძლევთ უფლებას, სესხის ვადაგადაცილებისთანავე თქვენ მოგთხოვოთ შესაბამისი შენატანის განხორციელება ან ვადაგადაცილების დასაფარად სულაც თქვენი თანხმობის გარეშე თქვენი ანგარიშიდან შესაბამისი თანხა ჩამოჭრას.
ვალდებულების აღწერა
ამ პუნქტებში აღწერილია იმ სესხის პირობები, რომლის დაფარვაზეც იღებთ პასუხისმგებლობას. აუცილებელია გადაამოწმოთ თანხა, ვალუტა, ვადა, ვადაგადაცილებების შემთხვევაში დამატებითი პირგასამტეხლოების და ჯარიმების დარიცხვისა და გადახდის წესი და იმ საკრედიტო ხელშეკრულების მონაცემები, რომელზეც თავდები იქნებით. ასევე გადაამოწმეთ, თავდებობით მხოლოდ კონკრეტულ სესხზე იღებთ პასუხისმგებლობას თუ გენერალურ ხელშეკრულებაზე და, საბოლოო ჯამში, მსესხებლის მიერ მომავალში აღებულ სესხზე. მნიშვნელოვანია ერთმანეთს შეადაროთ ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული სიტყვიერი შეთანხმება და ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები. თუ თავდებობას პირობითად 10,000 ლარიან სესზე აპირებდით, ხოლო ხელშეკრულებაში მოცემული პირობებით ირკვევა, რომ თქვენი მაქსიმალური პასუხისმგებლობა 20,000 ლარამდეა, დაინტერესდით რის მიხედვითაა ეს თანხა დაანგარიშებული. უმრავლეს შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობის თანხა განისაზღვრება არა მხოლოდ სესხის ძირის მიხედვით, არამედ ხელშეკრულებით დადგენილი სხვა ხარჯების - საპროცენტო სარგებლის, საკომისიოებისა და შესაძლო პირგასამტეხლოების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი თქვენთან შეთანხმებით უნდა განისაზღვროს. გასათვალისწინებელია, რომ თანხობრივი ლიმიტები მოცემულია არა მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში, არამედ თავდებობის განაცხადშიც.
მხარეთა უფლებები და პასუხისმგებლობები
ამ პუნქტებში ჩაშლილია, თუ რა უფლება აქვთ თავდებობის ხელშეკრულების ფარგლებში თავდებს, კრედიტორს და სესხის ამღებს. ასევე, გაწერილია თავდებისა და კრედიტორის პასუხისმგებლობები ხელშეკრულების დადების მომენტიდან. ვინაიდან ეს დეტალები სესხის გადახდის პერიოდში თავდებისა და კრედიტორის ურთიერთობის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია, მნიშვნელოვანია დეტალურად გაეცნოთ მას.
ხელშეკრულების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები
ხელშეკრულებაში, როგორც წესი, განსაზღვრულია თავდებობის ვადა, ამ ვადის ცვლილების შემთხვევები, გაწერილ ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა.
აუცილებელია ყველა ზემოაღნიშნული დეტალი მოიძიოთ დოკუმენტში, გაეცნოთ და თუ ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს, დასვათ დამატებითი შეკითხვები.