კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა უნდა იცოდეთ მას შემდეგ, რაც დაზღვევას შეიძენთ?

მას შემდეგ, რაც უკვე შეიძენთ სასურველ სადაზღვევო პროდუქტს, უნდა გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ და დაიცვათ ხელშეკრულებით თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დამზღვევმა უარი თქვას ზიანის ანაზღაურებაზე.

დროულად გადაიხადეთ სადაზღვევო პრემია

გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად  დაზღვევის ხელშეკრულების დადების თარიღისა, მზღვეველი თავისუფალია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისაგან თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის თქვენ მიერ არ არის გადახდილი სადაზღვევო პრემია ერთჯერადად, სრულად ან პრემიის პირველი ნაწილი მაინც.  

არ შეწყვიტოთ სადაზღვევო პრემიის გადახდა მზღვეველის ინფორმირების გარეშე

თუ გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ დაზღვევა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ მზღვეველს წერილობით. არ შეწყვიტოთ სადაზღვევო პრემიის გადახდა სადაზღვევო ორგანიზაციის გაფრთხილების გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ თვითნებური გადაწყვეტილება შესაძლოა არ გათავისუფლებდეთ გადახდის ვალდებულებისაგან.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას იმოქმედეთ სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისად 

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მნიშვნელოვანია მოქმედებდეთ სადაზღვევო ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევისას სადაზღვევო ხელშეკრულებით თქვენ მოგეთხოვებოდეთ მზღვეველის ინფორმირება და საპატრულო პოლიციის გამოძახება. დაზღვევით სარგებლობისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ეს ინფორმაცია და შესაბამისადაც იმოქმედოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მზღვეველმა არ აგინაზღაუროთ ზიანი.

გადახედეთ დაზღვევის საჭიროებებს ყოველწლიურად

იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი საჭიროებები შესაძლოა შეიცვალოს - გაიზარდოს ან შემცირდეს, მიზანშეწონილია ყოველწლიურად გადახედოთ თქვენს სადაზღვევო პოლისს. შესაძლოა, შეიძინოთ ახალი ავტომობილი, რომლისთვისაც განსხვავებული სადაზღვევო პირობები გჭირდებათ. ამისათვის უნდა მოითხოვოთ თქვენი პირობების გადახედვა.