საბალანსო უწყისში აქტივები ვალდებულებებისა და კაპიტალის ჯამს უდრის.
აქტივი არის ნებისმიერი ფასეულობა, რომელსაც კომპანია ფლობს ან სხვებს მართებთ კომპანიის მიმართ. სხვა სიტყვებით, აქტივი - ეს არის კომპანიის სახელზე არსებული ქონება, მათ შორის: ნაღდი ფული, ფული საბანკო ანგარიშზე, უძრავი და მოძრავი ქონება, მარაგები, მზა პროდუქცია და სხვა აქტივები ორ ტიპად იყოფა:
- მიმდინარე აქტივები - აქტივები, რომლებიც 1 წელიწადზე ნაკლებ ვადაში იხარჯება. ამ ტიპის აქტივებს მიეკუთვნება საბრუნავი საშუალებები, ასევე მომხმარებლებისგან მისაღები თანხები, რაიმე მომსახურებისთვის (მაგ., იჯარისთვის, დაზღვევისთვის, რეკლამისთვის) წინასწარ გადახდილი თანხები და სხვა.
- გრძელვადიანი აქტივები - აქტივები, რომლებიც ბიზნესში 1 წელიწადზე მეტი ვადით გამოიყენება. ამ ტიპის აქტივებს მიეკუთვნება ძირითადი საშუალებები: მანქანა-დანადგარები, შენობა-ნაგებობები, მიწა და სხვა.
ვალდებულება არის ის, რაც კომპანიას ეკისრება სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის მიმართ. თავის მხრივ, ვალდებულებებიც ორ ტიპად იყოფა:
- მიმდინარე ვალდებულება - კომპანიის ვალდებულება, რომელიც 1 წლის განმავლობაშია დასაფარი. მიმდინარე ვალდებულებები შეიძლება მოიცავდეს მომწოდებლისთვის გადასახდელ თანხას, მოკლევადიან სესხს, ავანსად მიღებულ თანხას და სხვა.
- გრძელვადიანი ვალდებულება - კომპანიის ვალდებულება, რომლის დაფარვის ვადაც ერთ წელზე მეტია; ამ ტიპის ვალდებულების მაგალითია საინვესტიციო/გრძელვადიანი სესხი.
კაპიტალი არის მფლობელების მიერ ბიზნესში ინვესტირებული ფული ან ქონება. კაპიტალი კომპანიის აქტივებისა და ვალდებულებების სხვაობის ტოლია. საკუთარი კაპიტალი ორი საშუალებით იზრდება: მფლობელის მხრიდან დამატებითი ინვესტიციის განხორციელებით ან გაუნაწილებელი მოგებით, რომელიც დივიდენდის გაცემის შემდეგ კომპანიაში დარჩენილ მოგებას წარმოადგენს.
გაუნაწილებელი მოგება = წმინდა მოგებას - დივიდენდი
საბალანსო უწყისის შაბლონი შეგიძლიათ იხილოთ აქ.