ბანკები დეპოზიტების სხვადასხვა სახეობას ინდივიდუალურად შემუშავებული პირობებით და სხვადასხვა სახელით გთავაზობენ, თუმცა ყველა დეპოზიტი 2 ძირითად ტიპად იყოფა: ვადიანი ან უვადო დეპოზიტები.
ვადიანი დეპოზიტი
ვადიანი დეპოზიტი ეს არის ბანკთან წინასწარ შეთანხმებული ვადით გახსნილი დეპოზიტი. მაშინ როცა უვადო ანუ მოთხოვნამდე დეპოზიტის შემთხვევაში, მისი დასრულების ვადის შეთანხმება წინასწარ არ ხდება, ანუ ხელშეკრულება იდება მხარეების (ბანკის და მეანაბრის) მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილის დაფიქსირებამდე.
ვადიანი დეპოზიტების ყველაზე ხშირად გავრცელებული ტიპებია:
ვადიანი დეპოზიტი
თუ გსურთ კონკრეტული ვადით განათავსოთ დეპოზიტზე თანხა და ამავდროულად არ გეგმავთ მასზე თანხის დამატებას, ვადიანი ანაბარი თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. ვადას, რომლითაც შესაძლებლობა გაქვთ ბანკში თანხა განათავსოთ ვადიან ანაბარზე, ბანკები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ, თუმცა ყველაზე ხშირად ბაზარზე 3 თვიდან 36 თვემდე დეპოზიტებს შეხვდებით. ხშირად წინასწარ განსაზღვრულია დეპოზიტის გასახსნელად განსათავსებელი მინიმალური თანხის მოცულობა. ვადიანი დეპოზიტის არჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ მისაღები სარგებლის საპროცენტო განაკვეთსაც. გასათვალისწინებელია, რომ ვადიანი ტიპის ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით მაღალია და სარგებლის დარიცხვაც, ძირითადად ე.წ. მარტივი დარიცხვის მეთოდით ხდება.
ზრდადი დეპოზიტი
თუ გსურთ კონკრეტული მიზნისთვის დააგროვოთ გარკვეული თანხა, ზრდადი/შეგროვებადი ტიპის დეპოზიტი საკმაოდ კარგი არჩევანია. ზრდადი დეპოზიტიც ვადიანი დეპოზიტის ტიპს განეკუთვნება - მას გააჩნია კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც საშუალება გაქვთ თანხა დააგროვოთ. მაგალითად, თუ შვილის დაბადების დღე 6 თვეშია და მისი საჩუქრისთვის ან წვეულების გადასახდელად გსურთ თანხის შეგროვება, ზრდადი დეპოზიტი ამ მიზნის მიღწევაში კარგად დაგეხმარებათ.
სარგებლის დარიცხვა ხშირად ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის მიხედვით ხდება, ანუ ყოველდღიურად თქვენთვის გადასახდელი სარგებლის დასაანგარიშებლად ბანკი ითვალისწინებს იმ დღისათვის საანაბრე ანგარიშზე განთავსებული თანხის მოცულობას. თუ მაგალითად, მიმდინარე თარიღისთვის ანაბარზე 100 ლარი გქონდათ, ხოლო მომდევნო თარიღში თანხა დაამატეთ და ის 150 ლარი გახდა, თქვენთვის გადასახდელი სარგებლის ოდენობა მიმდინარე თარიღისთვის დაანგარიშდება 100 ლარიდან, ხოლო მომდევნო დღეს - უკვე 150 ლარიდან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ყოველდღიურად იანგარიშება ერთი დღის საპროცენტო სარგებელი (წლიური % / 365). თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა პროცენტის დარიცხვა ამა თუ იმ პერიოდში არსებული საშუალო ან მინიმალური ნაშთის მიხედვით ხორციელდება.
ზრდადი დეპოზიტის მთავარი დამახასიათებელია მასზე პერიოდულად თანხის დამატების საჭიროება. დასამატებელი თანხის მიმართ მოთხოვნები - მოცულობა, პერიოდულობა განსაზღვრულია ბანკების მიერ. რიგ შემთხვევაში, შესაძლოა პერიოდული შენატანის გაკეთება სავალდებულო იყოს და ამ პირობის დარღვევის შემთხვევაშიც ნაკლები სარგებელი ირიცხებოდეს და ხელშეკრულებაც წყდებოდეს. თუმცა, შეგხვდებათ უფრო მოქნილი შემოთავაზებებიც. მაგალითად, ზოგჯერ დარღვევად არ ჩაგეთვლებათ, თუ რამდენიმე პერიოდულ შენატანს გამოტოვებთ, რიგ შემთხვევაში კი თანხის დამატების მკაცრი ვალდებულება საერთოდაც არ არსებობს. თუ ზრდადი ანაბრის გახსნას კონკრეტული მიზნით აპირებთ, აქ მოცემული კალკულატორის საშუალებით შეგიძლიათ დაითვალოთ, ამა თუ იმ მოცულობის შენატანების განხორციელების შემთხვევაში, რა ვადაში შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.
საბავშვო დეპოზიტი
საბავშვო დეპოზიტი შეგიძლიათ გახსნათ ბავშვის სახელზე და მისი ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება ბავშვის სრულწლოვანების მიღწევის თარიღამდე. ეს არის ვადიანი დეპოზიტის კონკრეტული ტიპი, რომლის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ის ბავშვისთვის თანხის დასაგროვებლად იხსნება. ბანკებს საბავშვო დეპოზიტებზე სხვადასხვა შეთავაზები აქვთ. ამ ტიპის დეპოზიტზე თანხის დაგროვების პრინციპი ზრდადი დეპოზიტის მსგავსია - იწყებთ მინიმალური ან ნულოვანი შენატანით და პერიოდულად ამატებთ თანხას. საპროცენტო სარგებელი ამ დეპოზიტებზე შესაძლოა ირიცხებოდეს როგორც მარტივი, ისე რთული დარიცხვის პრინციპით. საბავშვო დეპოზიტის გახსნისთვის, როგორც წესი, მოითხოვება ბავშვის დაბადების მოწმობა.
საბავშვო დეპოზიტის გახსნა, სტანდარტულად, შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც წარადგენს ბავშვის ანუ მეანაბრის დაბადების მოწმობას. თუმცა, ანაბრის განკარგვა შეუძლია მხოლოდ მშობელს/მშობლებს ან მეურვეს ან მათ მიერ მინდობილ პირს. ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ კი ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი სრულწლოვანი გახდება, ანაბრის თანხის განკარგვის უფლება მხოლოდ მას ენიჭება.
მოთხოვნამდე დეპოზიტი
ვადიანი დეპოზიტების გარდა კომერციული ბანკები უვადო ტიპის დეპოზიტებსაც სთავაზობენ მომხმარებელს.
უვადოდ ანუ მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტის გახსნა განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც აგროვებთ არა კონკრეტული მიზნის დასაფინანსებლად, არამედ იქმნით ე.წ. „ფინანსური უსაფრთხოების ბალიშს“ ანუ აგროვებთ თანხას, რომელსაც გამოიყენებთ გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად. უვადო, ანუ მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტი სხვადასხვა სახელით შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა ბანკში, თუმცა მათ მაინც ექნებათ მთავარი საერთო მახასიათებლები, კერძოდ: დეპოზიტი გაიხსნება უვადოდ და მასზე თანხის განთავსების ან ანაბრიდან თანხის გამოტანასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ძირითადად, არ იარსებებს.
მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტს გახსნისას პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ დეპოზიტის გასახსნელად გჭირდებათ თუ არა პირველადი შენატანი, და, არსებობის შემთხვევაში, შეესაბამება თუ არა თქვენს ხელთ არსებულ თანხას.
მნიშვნელოვანი დეტალია დეპოზიტის პროცენტისა და მისი დარიცხვის მეთოდის გარკვევა. მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვა ძირითადად, რთული პრინციპით ხდება, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია პროცენტის კაპიტალიზაციის, ანუ სარგებლის ანგარიშზე ჩარიცხვის პერიოდულობა. ამასთან, რიგ შემთხვევაშიც დაწესებულია მინიმალური ნაშთი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვაც.
მოთხოვნამდე დეპოზიტის სარგებლობისას მნიშვნელოვანია დააზუსტოთ თანხის განთავსების არხები, თანხის ხელმისაწვდომობის საკითხი და მასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები. ძირითადად, ბანკები საშუალებას გაძლევენ დეპოზიტზე თანხა განათავსოთ როგორც ნაღდი სახით, ისე დისტანციური არხების გამოყენებით ან გადარიცხვით, ასევე, შესაძლოა, შემოთავაზებულ იქნეს ავტომატური გადარიცხვის მომსახურებაც, როცა ანაბარზე ანგარიშიდან თანხა თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრული მოცულობითა და პერიოდულობით ხორციელდება. ზოგჯერ ანაბარზე თანხის განთავსების მეთოდი განაპირობებს თანხის ანგარიშიდან გატანის საკომისიოს მოცულობასაც.
სადეპოზიტო სერტიფიკატი
დეპოზიტის სახეობას წარმოადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომელსაც, ასევე, ბანკები სთავაზობენ თავის მომხმარებლებს.
სადეპოზიტო სერტიფიკატი - ეს არის ერთგვარი ფასიანი ქაღალდი, რომლითაც ბანკი იღებს ვალდებულებას, სერტიფიკატით განსაზღვრულ დღეს გადაგიხადოთ თქვენ, როგორც სერტიფიკატის მფლობელს წინასწარ განსაზღვრული თანხა. თქვენ სადეპოზიტო სერტიფიკატს ყიდულობთ უფრო იაფად, ვიდრე მასში ბანკი თანხას გადაგიხდით სერტიფიკატზე მითითებული ვადის ბოლოს. საბოლოო ჯამში, დეპოზიტების მსგავსად, სადეპოზიტო სერტიფიკატი საშუალებას გაძლევთ თქვენი თანხა მიანდოთ ბანკს და წინასწარ შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ ამ თანხასთან ერთად მიიღოთ დამატებითი სარგებელიც.
სტანდარტული და არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი
სერტიფიკატი მისი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით შეიძლება იყოს სტანდარტული და არასტანდარტული. მთავარი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები საკანონმდებლო დონეზეა რეგულირებული და თუ არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის სახელშეკრულებო პირობები ბანკმა წინასწარი შეტყობინების 30-დღიანი ვადის დაცვით შესაძლოა ცალმხრივად შეცვალოს, სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობების ცვლილება ვადის ბოლომდე დაუშვებელია. მაგალითად, არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულებით შესაძლოა, ბანკი შეგითანხმდეთ, რომ 1-წლიან სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვადის ბოლოს წლიურ 10%-ს გადაგიხდით. მას აქვს უფლება, ნებისმიერ დროს წინასწარ 30 დღით ადრე შეგატყობინოთ, რომ ნაცვლად წლიური 10%-სა, 9,5%-ს გადაიხდის. სტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატზე ბანკს ამგვარი ცალმხრივი ცვლილების უფლება არ გააჩნია და ვალდებულია, ვადის ბოლომდე შეინარჩუნოს.
დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი
სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი შეიძლება იყოს დისკონტური ან საპროცენტო. დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი გულისხმობს, რომ მას დისკონტური ფასით ყიდულობთ და ვადის ბოლოს ნომინალურ ფასს იღებთ. მაგალითად, თუ ყიდულობთ 1,000 ლარიან სადეპოზიტო სერტიფიკატს, ყიდვის მომენტში მასში შესაძლოა პირობითად 900 ლარი გადაიხადოთ, მაგრამ ვადის ბოლოს ბანკი მის ნომინალურ ფასს ანუ 1,000 ლარს გადაგიხდით. საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის ფლობისას კი განსაზღვრულია საპროცენტო სარგებელი, რომელსაც დამატებით მიიღებთ იმ თანხასთან ერთად, რაც სადეპოზიტო სერტიფიკატში გადაიხადეთ. მაგალითად, თუ საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი 1,000 ლარად შეიძინეთ, ბანკი აღნიშნულ თანხასთან ერთად ვადის მიხედვით შემოგთავაზებთ გარკვეულ საპროცენტო სარგებელსაც, რომელსაც პერიოდულად ან ვადის ბოლოს მიიღებთ.
სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვა
სტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატი იხსნება ლარში, 3, 6, 9, 12, 18 ან 24 თვის ვადით. სერტიფიკატის გაცემისას ხელშეკრულებაში ბანკი დააფიქსირებს აქვს თუ არა უფლება თქვენგან გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი ვადაზე ადრე. გამოსყიდვის უფლება ნიშნავს ბანკის უფლებას დეპოზიტის ვადაზე ადრე დაგიბრუნოთ სრული თანხა და სარგებელი. თუ ასეთი უფლება აქვს, წინასწარ განისაზღვრება გამოსყიდვის პირობები. სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნისას, აუცილებელია სერტიფიკატის ხელშეკრულებაში დაფიქსირდეს მისი ტიპი, თანხა, გადასახდელი პროცენტი, ვადა, სარგებლის გადახდის პირობა.
სადეპოზიტო სერტიფიკატის დარღვევის და გასხვისების უფლება
სადეპოზიტო სერტიფიკატის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი სტანდარტული ვადიანი დეპოზიტისგან არის მისი დარღვევისა და გასხვისების უფლება. თუ სტანდარტულ ვადიან დეპოზიტს დაარღვევთ და თანხის მიღებას მალევე შეძლებთ, სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულების დარღვევის უფლება სტანდარტულ შემთხვევაში არ გექნებათ. თუმცა ამ დისკომფორტის მიუხედავად ამ პროდუქტის არჩევა თქვენთვის შეიძლება მისაღები იყოს, რადგან ძირითადად სადეპოზიტო სერტიფიკატზე მისაღები საპროცენტო სარგებელი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ ვადიან ანაბარზე. ამასთან, პირობების ცვლილებისგან თქვენ უფრო მეტად ხართ დაცული და თანხის საჭიროების შემთხვევაში ორი არჩევანი გაქვთ: ან ისარგებლოთ ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით ან გაასხვისოთ სადეპოზიტო სერტიფიკატი. გასხვისება ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ პირი, ვინც იყიდის თქვენს სადეპოზიტო სერტიფიკატს, ანუ გადაგიხდით შეთანხმებულ ფასს მისი ვადის ამოწურვამდე. სერტიფიკატის გასხვისებით თქვენ უკვე ახალ მფლობელს აძლევთ უფლებას, მიიღოს საპროცენტო სარგებელი და სერტიფიკატის თანხაც ვადის ამოწურვის შემდეგ.
მსგავსი თემები
- შეესაბამება თუ არა დეპოზიტი თქვენს მიზანს და შემოსავალს?
- დეპოზიტის განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები
- მოგზაურობის დაფინანსება
- როგორი ტიპის დეპოზიტები არსებობს?
- დეპოზიტის მნიშვნელოვანი პირობები
- სტუდენტობის დროს გასათვალისწინებელი რჩევები
- როგორ შექმნათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
- როცა შვილის სტუდენტობას გეგმავთ