კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური ინსტიტუტების შედარება მომსახურებისა და პირობების მიხედვით

დაფინანსების წყაროს შერჩევამდე ბიზნესის პასუხისმგებლობაა კარგად გაერკვეს შემოთავაზებულ პირობებში, განიხილოს და ერთმანეთს შეადაროს რამდენიმე შემოთავაზება და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. შემდეგ განყოფილებაში ჩვენ განვიხილავთ იმ ძირითად პარამეტრებს, რომლებზე დაყრდნობითაც ბიზნესს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი სესხის გამცემი ორგანიზაცია. 

კომერციული ბანკებისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სესხის გამცემი სუბიექტების და საკრედიტო კავშირების საქმიანობას  საქართველოს ეროვნული ბანკი უწევს ზედამხედველობას.

დღესდღეობით, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, საფინანსო მომსახურების მიღება ბიზნესს სხვა, არასაბანკო და არამიკროსაფინანსო დაწესებულებებიდანაც შეუძლია, როგორიცაა მაგალითად, სესხის გამცემი სუბიექტები და სხვა კერძო წყაროები. თუმცა, მეწარმე უნდა დაფიქრდეს, რამდენად მორგებულია დაფინანსების წყარო სამეწარმეო/ბიზნესსაჭიროებებზე. 

გასათვალისწინებელია, რომ სესხის გაცემის პრაქტიკა (მათ შორის, მოთხოვნილი საბუთების რაოდენობა, გადახდისუნარიანობის შემოწმების სტანდარტი, შემოთავაზებული პირობები და ა. შ.)  შესაძლოა განსხვავდებოდეს სესხის გამცემ ორგანიზაციებს შორის. ამასთან, ქვემოთ მოცემულ ცხრილში მხოლოდ ზოგადი ცნობებია წარმოდგენილი და თითოეული მეწარმის პასუხისმგებლობაა გადაწყვეტილება ამომწურავი ინფორმაციის მოძიების, შემოთავაზებული პირობების დეტალურად განხილვისა და ხელშეკრულების ყურადღებით წაკითხვის შემდეგ მიიღოს.

სესხებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სალომბარდე სესხიც - ეს არის საფინანსო პროდუქტი, რომელიც საშუალებას იძლევა უზრუნველყოფის საფუძველზე სესხად იქნეს აღებული გარკვეული თანხა (ძირითადად, უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები მოცულობით). სალომბარდე სესხი არ მიიჩნევა ბიზნესის დასაფინანსებლად განკუთვნილ პროდუქტად; ამასთან, ამ პროდუქტთან მიმართებით მეწარმეს ყურადღება მართებს, რადგან ის მაღალპროცენტიანია და მისი გაცემისას, ჩვეულებრივ, არ ხდება მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის სიღრმისეულად შემოწმება. სალომბარდე სესხებს გასცემენ როგორც სესხის გამცემი სუბიექტები, ისე ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც. 

საბოლოოდ, მეწარმემ თავად უნდა განსაზღვროს რა მომსახურება სჭირდება მას და რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს ამა თუ იმ ინსტიტუტთან თანამშრომლობას. მანვე უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი: სწრაფად აიღოს სესხი იქ, სადაც საპროცენტო განაკვეთი შედარებით მაღალია და სესხი მარტივადაა ხელმისაწვდომი, თუ აიღოს სესხი ისეთ დაწესებულებაში, რომელშიც უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთია, თუმცა შესაძლოა მეტი დოკუმენტაცია და მეტი დრო დასჭირდეს სასესხო განაცხადის დაკმაყოფილებას. 

შევადაროთ ერთმანეთს ბაზარზე ყველაზე გავრცელებული ფინანსური ინსტიტუტები, მათ მიერ ბიზნესისთვის შემოთავაზებული პროდუქტების/მომსახურებების, ასევე სესხის გაცემის პირობების მიხედვით:

პროდუქტი/მომსახურება კომერციული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია      სესხის გამცემი სუბიექტი
სასესხო პროდუქტები
ბიზნესსესხი კი კი კი
საკრედიტო ხაზი კი - -
ბიზნესოვერდრაფტი კი - -
გარანტია კი  - -
სესხის დამტკიცების პროცესი და პირობები 
სესხის დამტკიცების პროცესი შედარებით მკაცრი პროცედურები შედარებით მარტივი პროცედურები მინიმალური პროცედურები
საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაბალი შედარებით მაღალი მაღალი
უზრუნველყოფა შეიძლება მოითხოვებოდეს შეიძლება მოითხოვებოდეს შეიძლება მოითხოვებოდეს
სხვა პროდუქტები/მომსახურებები
ანგარიში კი - -
დეპოზიტი კი - -
ფულადი გზავნილი კი კი -
ფულადი გადარიცხვა კი - -
სადებეტო ბარათი კი - -
საკრედიტო ბარათი კი კი -
ვალუტის გაცვლა(კონვერტაცია) კი კი კი

მნიშვნელოვანია, რომ სესხის გაცემამდე ფინანსური ინსტიტუტის მიერ საფუძვლიანად მოხდეს ბიზნესის გადახდისუნარიანობის შესწავლა. ეს საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტს თავიდან აირიდოს/შეამციროს ბიზნესის მხრიდან სესხის დაუბრუნებლობის რისკი და, ამასთან, ეხმარება მეწარმეს ნათლად დაინახოს, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად მის ბიზნესში და რა სამომავლო პერსპექტივები აქვს მას. გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესის წარმატებასა თუ წარუმატებლობას, უპირველეს ყოვლისა, თვითონ მსესხებლის მიერ საკუთარი შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების გონივრული გაანალიზება განაპირობებს.