კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დეპოზიტის განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები

დეპოზიტი თანხის დაგროვებისა და სარგებლის მისაღებად საჭირო ფინანსური პროდუქტია, თუმცა, დეპოზიტით სარგებლობას შესაძლოა თან ახლდეს ხარჯებიც. მათ შორის:

სადეპოზიტო და/ან დეპოზიტის მომსახურე ანგარიშის გახსნისა და მომსახურების საკომისიო

დეპოზიტის გახსნისას, თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე შეგაქვთ. ამ ტიპის ანგარიშზე შესაძლოა დაწესებული იყოს ანგარიშის გახსნისა და/ან მომსახურების საკომისიო. ზოგადად, საბანკო მომსახურებისას შეხვდებით როგორც სადეპოზიტო, ასევე მიმდინარე ტიპის ანგარიშებს. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებულ თანხას ერიცხება დამატებითი სარგებელი, ხოლო მიმდინარე ანგარიში მულტიფუნქციური ანგარიშია და მასზე ძირითადად, სარგებლის დარიცხვა არ ხდება. ვადიანი დეპოზიტის გახსნისას აუცილებლად გაგეხსნებათ მიმდინარე ანგარიშიც, რომელზეც ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ მოხდება თქვენი თანხის განთავსება. მიმდინარე ანგარიშს შესაძლოა მომსახურების საკომისიო ჰქონდეს. ეს ანგარიში, ასევე შეიძლება გამოიყენოთ დეპოზიტზე თანხის უნაღდო სახით გადატანისთვისაც. თუ ასეთი ანგარიში მხოლოდ დეპოზიტის მომსახურებისთვის გახსენით, საჭიროა საკომისიოების საკითხი და ანგარიშის გამოყენების ფუნქციონალი დააზუსტოთ. თუ მიმდინარე ანგარიში მხოლოდ დეპოზიტისთვის გახსენით, ძირითადად, დეპოზიტის მოქმედების პერიოდში ბანკები ანგარიშით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკომისიოებს არ ითხოვენ, თუმცა დეტალური ინფორმაცია აუცილებელია თავად მომსახურე ბანკში მიიღოთ.

თანხის ანგარიშიდან გატანის საკომისიო

როდესაც ანაბრის თანხა სადეპოზიტოდან მიმდინარე ანგარიშზე აღმოჩნდება და თქვენ შეგეძლებათ მისი გამოყენება, ამ თანხის განაღდებისთვის შეიძლება დაწესებული იყოს  თანხის განაღდების ანუ ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის საკომისიო. ზოგჯერ ბანკები თანხის განაღდების სხვადასხვა პირობებს სთავაზობენ მომხმარებელს იმის მიხედვით, თანხა ნაღდი სახითაა ბანკის სალაროში შეტანილი, თუ მისი სხვა ანგარიშიდან ჩარიცხვა განახორციელეთ, დეპოზიტის ვადის ბოლოს იქნა თანხა მასზე ჩარიცხული თუ ვადაზე ადრე მოხდა მისი გატანა.