საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ურთიერთობისას პროვაიდერი ვალდებულია:
წინასწარ მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია
წინასწარ, სანამ მიიღებს თქვენგან დავალებას ამა თუ იმ ოპერაციის შესრულებაზე, მაგალითად, ფულადი გზავნილის განხორციელებაზე ან კომუნალური გადასახადის გადახდაზე, წარმოგიდგინოთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია:
- წარსადგენი რეკვიზიტების ჩამონათვალი
- როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე უცხოეთში, საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მაქსიმალური დრო
- ყველა სახის საკომისიოს შესახებ ინფორმაცია და, თუ საკომისიო ფიქსირებული არაა, ამ საკომისიოების გამოთვლის პრინციპი
- თუ გადახდის ოპერაციის შესრულება დაკავშირებულია ვალუტის კონვერტაციასთან, მაშინ ვალუტის გაცვლის ფაქტობრივი ან საორიენტაციო კურსი და ვალუტის გაცვლის საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- თუ გადახდის ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, მაშინ პროვაიდერი, ასევე, ვალდებულია, მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია უცხოური შუამავლის მიერ საკომისიოს შესაძლო დაკავების შესახებ.
მომსახურების გაწევისას, თქვენ მიერ საჭირო ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია
თქვენგან საგადახდო დავალების მიღებისთანავე ანუ მას შემდეგ, რაც შეიყვანთ მაგალითად, ფულადი გზავნილის განსახორციელებლად ან კომუნალური გადასახადის გადახდისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას, მიუთითებთ შესაბამის თანხას და დაადასტურებთ თანხმობას ამ ოპერაციის განხორციელებაზე, პროვაიდერი ვალდებულია მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
- გადახდის ოპერაციის (ტრანზაქციის) უნიკალური კოდი ან სხვა მონაცემების ერთობლიობა, რომელიც იძლევა ოპერაციის იდენტიფიკაციის (სხვა ოპერაციებისაგან გამორჩევის) საშუალებას;
- გადახდის ოპერაციის თანხა, ვალუტა, დავალების მიღების თარიღი;
- გადამხდელის მიერ პროვაიდერისთვის გადასახდელი/გადახდილი ყველა საკომისიო და, თუ საკომისიო ფიქსირებული არაა, მათი გამოთვლის პრინციპიც;
- თუ გადახდის ოპერაციის შესრულება დაკავშირებულია ვალუტის კონვერტაციასთან, მაშინ გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გამოყენებული ვალუტის გაცვლითი კურსი და კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხა და ვალუტა.