ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური წიგნიერების საკითხები ინტეგრირებულია სამივე საფეხურზე, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში: დაწყებით საფეხურზე - საგანში „მე და საზოგადოება“, საბაზო და საშუალო საფეხურებზე კი საგანში „მოქალაქეობა“.
იხილეთ ამონარიდები ეროვნული სასწავლო გეგმიდან, რომლებიც ეხება უშუალოდ ფინანსურ-ეკონომიკური წიგნიერების საკითხების სწავლებას.
დაწყებითი საფეხური - „,მე და საზოგადოება“
III-IV კლასი
ამ საფეხურზე ყურადღება გამახვილებულია მოსწავლისთვის ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, მიზნების შესაბამისად რაციონალური მოქმედება, რესურსების სწორად დაგეგმვა, ხარჯვა და დაზოგვა.
დაწყებით საფეხურზე გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხები:
- ფული
- დაზოგვა
- ხარჯვა
- პირადი ბიუჯეტი
ინიციატივა და მეწარმეობა - მიმართულების მიზანია მოსწავლეს განუვითაროს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება; აღჭურვოს იგი ისეთი უნარებით, როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, მიზნების შესაბამისად რაციონალური მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა, დროის და სხვა რესურსების სწორად დაგეგმვა, ხარჯვა და დაზოგვა.
საფეხურის სტანდარტის შედეგები:
დაწყებითი საფეხურის მოსწავლემ უნდა შეძლოს
- საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება;
- რესურსების რაციონალურად დაგეგმვა და დაზოგვა ასაკის შესატყვისი სამომხმარებლო და ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, სხვადასხვა პროფესიის საჭიროებისა და მნიშვნელობის გასაცნობიერებლად.
კითხვები:
- რატომ გვჭირდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოფნა ჩვენ ირგვლივ?
- რატომ ვყიდულობთ სხვადასხვა საქონელს და მომსახურებას?
ცნებები და ტერმინები:
ეკონომიკა (პროფესია, პირადი და საზოგადო საკუთრება, დაზოგვა, რესურსები);
საბაზო საფეხური - „მოქალაქეობა“
VII, IX კლასი
ამ საფეხურზე ყურადღება გამახვილებულია მოსწავლისთვის სამეწარმეო და ფინანსური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
საბაზო საფეხურზე გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხები:
- ფული და ბარტერი
- ბაზარი (მოთხოვნა და მიწოდება) და ფასი
- კერძო და საჯარო საკუთრება
- შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა)
- დაზოგვა და ქველმოქმედება
- პროფესია და სამსახური
- სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
- საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
- დაზღვევა
- მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
მოქალაქეობის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს მოსწავლეს გამოუმუშავოს მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, მათ შორის სამეწარმეო და ფინანსური.
ინიციატივა და მეწარმეობა - მიმართულება გულისხმობს ინოვაციურ და კრიტიკულ აზროვნებას; იდეების საქმედ ქცევასა და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებას.
საფეხურის სტანდარტის შედეგები:
საბაზო საფეხურის მოსწავლემ უნდა შეძლოს
- მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;
- მომავალი პროფესიის შერჩევისთვის საკუთარი შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გააზრება;
- ასაკის შესაბამისი ფინანსური უნარ-ჩვევების (მაგ., პირადი ფინანსების დაგეგმვა და პასუხისმგებლობით განკარგვა) გამოვლენა.
VII კლასი
სასწავლო თემა - ეკონომიკური ურთიერთობები თემში
თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები:
მოსწავლემ უნდა შეძლოს
- გააანალიზოს, თუ რა განაპირობებს ადამიანების ეკონომიკურ აქტივობას; რა ლოგიკით იღებენ ისინი ამა თუ იმ ფინანსურ გადაწყვეტილებას;
- ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილების მიღებისას დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, ტოლერანტობა) გათვალისწინება;
- საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებისა და კონკრეტული მიზნების შესაბამისად პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა;
- თემში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში საკუთარი ჩართულობის მნიშვნელობისა და გზების გაცნობიერება;
- გააანალიზოს, თუ როგორ ყალიბდება ბაზარი.
შემოთავაზებული წლიური პროგრამა
თემის ფარგლებში დასამუშავებელი საკითხები:
- ფული და ბარტერი
- ბაზარი (მოთხოვნა და მიწოდება) და ფასი
- კერძო და საჯარო საკუთრება
- შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა)
- დაზოგვა და ქველმოქმედება
თემასთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვები:
- რატომ არის საჭირო ფული?
- როგორ ყალიბდება ბაზარი? ვინ არიან ბაზრის მონაწილეები?
- როგორ თანხმდებიან ამა თუ იმ საქონლისა და მომსახურების ფასზე? რა განაპირობებს ფასების ცვალებადობას?
- რატომ და როგორ უწყობს ხელს კონკურენცია ეკონომიკის განვითარებას?
- როგორ შევაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები? როგორ ვაკეთებთ არჩევანს?
- რატომ და როგორ უნდა დავგეგმოთ საკუთარი ბიუჯეტი?
- რა ახდენს გავლენას ხარჯვით გადაწყვეტილებებზე?
- როგორ გავარჩიოთ საჭიროება და სურვილი? როგორ ვხარჯოთ თანხა გონივრულად?
- რატომ არის მნიშვნელოვანი დაზოგვა?
- როგორ გამოვიყენოთ საკუთარი რესურსები ჩვენი თემის სასარგებლოდ? სხვის დასახმარებლად?
თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
- გაცვლა ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველია;
- ბაზრის ჩამოყალიბებას მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განაპირობებს;
- კონკურენციის წყალობით ადამიანები იღებენ ინოვაციურ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ პროდუქციას;
- სტაბილურ შემოსავალს შრომის სანაცვლოდ გამოვიმუშავებთ;
- ჩვენი სურვილები უსასრულოა, არსებული რესურსი კი - სასრული;
- ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები;
- ჩვენს ხარჯვით ქცევებზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს, მათ შორის, მეგობრები, გარემო, რეკლამა;
- ფინანსური კეთილდღეობის საწინდარი დაზოგვა და გონივრული ხარჯვაა და არა - დიდი შემოსავლები.
IX კლასი
სასწავლო თემა - ეკონომიკა და სახელმწიფო
თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები:
მოსწავლემ უნდა შეძლოს
- ფინანსურ-ეკონომიკურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის სწორი ფორმების გაანალიზება;
- მომხმარებლის უფლებებისა და პასუხისმგებლობების, ასევე მომხმარებლის უფლებების (შრომისა და მეწარმეობის თავისუფლება, საკუთრების უფლება) დაცვის მექანიზმების გაანალიზება;
- გააანალიზოს, თუ რა ფაქტორების გათვალისწინებით იკვეთება პრიორიტეტები სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას;
- სახელმწიფოში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში საკუთარი ჩართულობის მნიშვნელობისა და გზების გაცნობიერება;
- ფინანსური გადაწყვეტილებების განხილვისას მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება.
შემოთავაზებული წლიური პროგრამა
თემის ფარგლებში დასამუშავებელი საკითხები:
- პროფესია და სამსახური
- სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
- საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
- დაზღვევა
- მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
თემასთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვები:
- რატომ არსებობს სხვადასხვა პროფესია? რატომ ინაწილებენ ადამიანები შრომას?
- რატომ არის მნიშვნელოვანი სამსახურის დაწყებისას შრომითი ხელშეკრულების გაფორმება?
- რატომ ვიხდით გადასახადებს? რაში ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს?
- როგორ ვირჩევთ ფინანსურ მომსახურებას/პროდუქტს? როგორ და რატომ ვურთიერთობთ ფინანსურ ორგანიზაციებთან?
- რატომ არსებობს ეროვნული ბანკი?
- როგორ უნდა ავწონ-დავწონოთ ფინანსურ მომსახურებასთან/პროდუქტთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები?
- რატომ უნდა მოვეპყროთ პასუხისმგებლობით ნასესხებ ფულს? რატომ არის საჭირო გავერკვე სესხის პირობებში გადაწყვეტილების მიღებამდე? რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფინანსური ვალდებულებისთვის თავის არიდებას?
- როგორ დაგვეხმარება დაზღვევა ფინანსური რისკების თავიდან არიდებაში?
- რა უფლებები და პასუხისმგებლობები გვაქვს ჩვენ, როგორც მომხმარებლებს?
თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები
- შრომის დანაწილება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს; ყველა პროფესია საჭირო და დასაფასებელია;
- გადახდილი გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის და მოსახლეობის კეთილდღეობას ხმარდება;
- სესხის აღებამდე რეალისტურად უნდა ავწონ-დავწონოთ ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები, ყურადღებით გავეცნოთ ხელშეკრულებას და ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა შემოთავაზება;
- დაზღვევა გვეხმარება ფინანსური რისკების შემცირებაში ან თავიდან არიდებაში;
- ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, გარკვეული უფლებები და პასუხისმგებლობები გვაქვს;
- პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებები ჩემი მომავალი კეთილდღეობის საფუძველია.
საშუალო საფეხური - „მოქალაქეობა“
XII კლასი
სასწავლო თემა - გლობალური ეკონომიკა და საქართველო
ამ საფეხურზე ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკური პროცესების პირად ფინანსურ კეთილდღეობაზე ზეგავლენის შესწავლაზე, ფინანსური თაღლითობისა და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებზე.
საშუალო საფეხურზე გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხები:
- საერთაშორისო ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაცია;
- ვალუტა და გაცვლითი კურსი;
- ინვესტირება;
- ფინანსური რისკები, თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება.
თემა მოიცავს გლობალიზებული ეკონომიკისა, ფინანსური ურთიერთობებისა და საერთაშორისო ვაჭრობის გავლენების შესწავლას მოქალაქეთა კეთილდღეობაზე. მიმოხილულია XX-XXI საუკუნეების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები. ყურადღება ეთმობა ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოების საკითხების შესწავლას.
თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები
- გლობალური ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გამოწვევების (შეღავათიანი საგარეო სავაჭრო რეჟიმები, მასშტაბური რეგიონული პროექტები, საერთაშორისო ვაჭრობა, სამუშაო ძალის საერთაშორისო მიგრაცია; კაპიტალის საერთაშორისო მიგრაცია; ოფშორული ზონები) ამოცნობა და საზოგადოებაზე მათი გავლენის გაანალიზება;
- გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებთან და გამოწვევებთან მიმართებით დაინტერესებულ მხარეთა (ინდივიდი/მომხმარებელი, საზოგადოება, სახელმწიფო, ბიზნესი, საერთაშორისო ორგანიზაციები) ქმედებების გაანალიზება; პროცესების ანალიზისას გამოკვეთილი დილემების დაკავშირება დემოკრატიის პრინციპებთან.
- გლობალური ეკონომიკურ გამოწვევებსა და მომხდარ ცვლილებებთან ასოცირებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გააზრება და ამ ინფორმაციის თანატოლთა ცნობიერების ასამაღლებლად გამოყენება.
- გლობალური ეკონომიკური პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის გზებზე მსჯელობისას მდგრადი განვითარების პრინციპების (გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობა) გათვალისწინება.
შემოთავაზებული წლიური პროგრამა
თემის ფარგლებში დასამუშავებელი საკითხები:
- საერთაშორისო ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაცია;
- ვალუტა და გაცვლითი კურსი;
- ინვესტირება;
- ფინანსური რისკები, თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება.
თემასთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვები:
- რატომ არის ხელსაყრელი საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომის თავისუფალი გადაადგილება?
- რატომ არის სასარგებლო საერთაშორისო ვაჭრობა ეკონომიკისთვის და ცალკეული მომხმარებლისათვის?
- რატომ ესწრაფვის ზოგიერთი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკურ ინტეგრაციას?
- რატომ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები (მაგ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი)?
- რა გავლენა აქვს ვალუტის კურსის ცვლილებას ადამიანების ფინანსურ გადაწყვეტილებებზე?
- როგორ დავიცვათ თავი ფინანსური თაღლითობისაგან?
- როგორ ამოვიცნოთ გაყალბებული ფული?
თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
- სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკა ერთმანეთთანაა დაკავშირებული;
- პროდუქციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ეკონომიკური ინტეგრაციისა და თავისუფალი ვაჭრობის დამსახურებაა;
- ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ჩვენს ფინანსურ გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს;
- პერსონალური და ფინანსური მონაცემების გაფრთხილება ფინანსური უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაგვეხმარება;
- ჩვეულებრივ, რაც უფრო მაღალია დაპირებული სარგებელი, მით მაღალია ფინანსურ შემოთავაზებასთან დაკავშირებული რისკიც;
- საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, პირველ რიგში, ჩვენი პასუხისმგებლობაა.