მავნე პროგრამა ე.წ. Malware, წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის მიზანია კომპიუტერული მოწყობილობებისთვის ზიანის მიყენება ან ინფორმაციის მოპარვა. მისი დანიშნულებაა, მის შემქმნელს სამიზნე მოწყობილობაზე სრული წვდომა მისცეს, სხვადასხვა მიზნების მისაღწევად.
მავნე პროგრამა თქვენს მოწყობილობაში სხვადასხვა გზით შეიძლება აღმოჩნდეს:
- ფიშინგის შედეგად, მაგალითად, გაყალბებული ვებგვერდიდან ან ელ.წერილზე მიმაგრებული ფაილის ჩამოტვირთვით;
- ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობებიდან (მაგ., USB, დისკები) - მათზე ბოროტმოქმედები ტვირთავენ სხვადასხვა მავნე პროგრამას და ათავსებენ მსხვერპლისთვის თვალსაჩინო ადგილას;
- მონაცემთა გაცვლისა და გადმოწერის პლატფორმებიდან (torrent, wetransfer) - გადმოსაწერ ან გაზიარებულ ფაილებზე შესაძლებელია თანდართული იყოს სხვადასხვა მავნე კოდი;
- კომპრომეტირებული ან არალიცენზირებული (ე.წ. Crack) პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვით.
შესაძლებელია ფიქრობდეთ, რომ მავნე პროგრამით ინფიცირებისგან თავის დასაცავად საკმარისია „ანტივირუსის“ გამოყენება, თუმცა, სინამდვილეში დღეს არსებული ვერც ერთი ანტივირუსი ვერ დაგიცავთ ყველა სახის მავნე პროგრამისგან, რადგანაც, კიბერთაღლითები მათ მიერ შექმნილ მავნე პროგრამებს მუდმივად ავითარებენ, რათა შეძლონ უსაფრთხოების სისტემებისთვის თავის არიდება და მათი მოტყუება.
თუმცა, ანტივირუსის დაყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავი დაიცვათ უკვე ცნობილი ვირუსებისა თუ მავნე პროგამებისგან, ხოლო იმისთვის, რომ თქვენი მოწყობილობები არ დაინფიცირდნენ ახალი ტიპის ვირუსებით, რომელთა შესახებ ინფორმაცია ჯერ ანტივირუსებს არ გააჩნიათ, დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები:
ყურადღება გამოიჩინეთ მიმაგრებულ ფაილებთან
არ გადმოწეროთ მიმაგრებული ფაილები მიღებული ელექტრონული წერილებიდან, სანამ არ დარწმუნდებით წერილის ლეგიტიმურობასა და უსაფრთხოებაში.
მოერიდეთ უცხო ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებს
არ მოათავსოთ ნაპოვნი ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები თქვენს კომპიუტერში
განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა
იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებზე ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფის სისუსტეების გამოყენება მავნე პროგრამების გასავრცელებლად, აუცილებელია, პერიოდულად გააკეთოთ პროგრამული უზრუნველყოფების განახლებები.
არ გამოიყენოთ არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა
არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, ე.წ. Crack, ასევე შეიძლება აღმოჩნდეს მავნე პროგრამის შემცველი, რომელიც თქვენს მოწყობილობას დააინფიცირებს.
მსგავსი თემები
- რა უნდა იცოდეთ სოციალური ინჟინერიის შესახებ?
- როგორ დაიცვათ უსაფრთხოება ინტერნეტში
- როგორ დაიცვათ სმარტფონების უსაფრთხოება?
- როგორ გაიაქტიუროთ 2 დონიანი ავთენტიფიკაცია Facebook-სა და Gmail-ზე?
- 5 რჩევა მობილბანკის უსაფრთხოებისთვის
- 4 რჩევა სოციალურ ქსელში უსაფრთხოებისთვის
- ინტერნეტთაღლითობა
- როგორ შექმნათ რთული პაროლები