კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზოგვა ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ

ქორწინებისთვის მზადება უმჯობესია, იმაზე ადრე დაიწყოთ, ვიდრე თქვენს რჩეულთან დაქორწინებას გადაწყვეტდეთ. რატომ? რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაზოგვას როგორც ქორწილის დღისთვის, ისე მომავალი ოჯახის საჭიროებებისთვის, მით უფრო მომზადებული და ფინანსურად დამოუკიდებელი შეხვდებით ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას.  

დაზოგვა საქორწილო საჭიროებებისათვის

თუ ოჯახის შექმნასთან ერთად, ქორწილის გადახდასაც გეგმავთ, მაშინ დაგვეთანხმებით, რომ არც თუ მცირე თანხა  დაგჭირდებათ.  საქორწინო დარბაზი და ჩაცმულობა, ფოტოგრაფი, მუსიკოსები, სტუმრები - ამ და სხვა ამაღელვებელ და ემოციურ მოვლენებზე იხარჯება წყვილის ენერგია, დრო და არც თუ ისე მცირე ფინანსური სახსრები. გონივრული იქნება თუ, ამ დღესასწაულის ხარჯებს წინასწარ გაკეთებული დანაზოგით დაფარავთ. ხშირად, მშობლების და ახლობლების ფინანსური დახმარებითაც ხდება ამ დღის აღნიშვნა. 

არც თუ ისე იშვიათად ამ დღის აღსანიშნავად წყვილი ან მათი მშობლები სესხს იღებენ. ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად დაფიქრებაა საჭირო. ჩამოწერეთ, რა სახის ახალი ხარჯები დაემატება თქვენს არსებულ ხარჯებს დაქორწინების შემდეგ, რისი შეძენა დაგჭირდებათ ახლად შექმნილი ოჯახისთვის, იქნება ეს სახლი, თუ საყოფაცხოვრებო ნივთები, კომუნალური თუ საკვების ხარჯები. ამის შემდეგ კი დაფიქრდით და გამოთვალეთ, რამდენად შეძლებთ ამ გაზრდილ ხარჯებთან ერთად გაუმკლევდეთ ქორწილისთვის აღებული სესხის გადასახადსაც.      

დაზოგვა ოჯახის ერთობლივი მიზნების დასაფინანსებლად

ახლად შექმნილ ოჯახში ბევრ საერთო მიზანი ჩნდება. ეს შეიძლება იყოს ავტომობილის შეძენა, დასასვენებლად წასვლა, მზადება ბავშვის დაბადებისთვის ან სულაც ახალი სახლის შეძენა და სხვა მრავალი. ხშირად წყვილებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ სესხით ან განვადებით სარგებლობისას არის შესაძლებელი ახალი ნივთების შეძენა. ზოგჯერ არ სურთ საკმარისი თანხის შეგროვბამდე დაცდა და ურჩევნიათ, მალევე შეიძინონ ნივთი განვადებით.ასეთ დროს, კარგი იქნება, თუ დასახავთ პრიორიტეტებს, რისი შეძენა გესაჭიროებათ დაუყოვნებლივ, რადგან  სრულყოფილ ცხოვრებას ვერ შეძლებთ, და რისი შეძენაა შესაძლებელი გარკვეული ვადის შემდეგ, მას მერე, რაც შეაგროვებთ ამ მიზნისთვის საკმარის თანხას.

ერთობლივი ცხოვრების მანძილზე დასახული მიზნების მისაღწევად დანაზოგები მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. ამასთან, მოკლევადიან მიზნებთან ერთად, გრძელვადიანი მიზნებიც გასათვალისწინებელი და საყურადღებოა. მაგალითად, დაოჯახების შემდეგ, წყვილები მალევე იაზრებენ, რომ შვილების განათლებისთვისაც აუცილებელია დაზოგვა და ამისთვის თადარიგი რაც შეიძლება ადრე უნდა დაიჭირონ. და, რა თქმა უნდა, მეუღლეებმა საკუთარ სიბერეზეც, შეძლებისდაგვარად ადრე უნდა დაიწყონ ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში სავალდებულო საპენსიო სქემა ფუნქციონირებს, კარგი იქნება, თუ თქვენც იზრუნებთ საკუთარ საპენსიო ასაკზე და ამისათვის პერიოდულად მცირედ დანაზოგს გააკეთებთ.   

რამდენი უნდა დაზოგოთ?

დასაზოგი თანხის მოცულობას ყველა ოჯახი ინდივიდუალურად განსაზღვრავს და ეს მათს მიზნებსა და მისწრაფებებზეა დამოკიდებული. თუმცა, ექსპერტების რჩევის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, დაზოგოთ თქვენი ერთობლივი შემოსავლების 10% მაინც. ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა მარტივად არ მოგეჩვენოთ. თქვენი შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, რეკომენდებულია, თანხა დაზოგოთ ყოველთვის. დაიწყეთ ნაკლები თანხით, თუ ეს ჩვევა არ გაქვთ გამომუშავებული და ყოველთვიურად ეცადეთ შემატოთ დანაზოგს უფრო მეტი თანხა, ვიდრე წინა თვეს გადადეთ. ასე თქვენ გამოიმუშავებთ დაზოგვის ჩვევას და შემოსავლის ზრდასთან ერთად შეგეძლებათ გაზარდოთ დანაზოგი. უფრო მეტს იმის შესახებ, თუ რა ხერხებს მიმართოთ დაზოგვის ჩვევების გამოსამუშავებლდ, აქ  გაეცანით.