ინვესტორებისთვის კრიპტო მიმზიდველია, მათ შორის, ფასის ზრდის პოტენციალის გამო. თუმცა, ვირტუალური აქტივების ღირებულება სწრაფად და მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, ვირტუალური აქტივი ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის მქონე საინვესტიციო მექანიზმად ითვლება, მათ შორის, ფასის ცვალებადობის გამო.
საქართველოში ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელება დაშვებულია მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის შემდეგი წარმომადგენლები: კომერციული ბანკი (მათ შორის, ციფრული ბანკი), მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საბროკერო კომპანია.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის, ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციას, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობას.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ ვრცელ ინფორმაციას (მათ შორის რეგისტრირებული პროვაიდერების რეესტრს) და სამართლებრივ აქტებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.