თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა ე.წ. ფინანსური პირამიდაა, რომლის შესახებაც ინფორმაციის წინასწარ ფლობა თავიდან აგაცილებთ საეჭვო გარიგებებში მონაწილეობის რისკს.
ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით, გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან ინვესტიციას და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი და/ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. ამასთან, ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალდებულებების გასასტუმრებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვა ხდება საჭირო. საყურადღებოა ერთი ფაქტორიც - მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის კონკრეტულ მომენტში, სქემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ახალი წევრების და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შესაბამისად, როდესაც აღნიშნული შეუძლებელი გახდება, კომპანია ვეღარ გაისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და ფინანსური პირამიდა აუცილებლად დაიშლება, მისი წევრები კი აუცილებლად დაკარგავენ დაბანდებულ ფულს.