ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები სხვადასხვა ნორმატიული დოკუმენტებითაა მოწესრიგებული.
ამ მენიუში მოცემულია მხოლოდ რამდენიმე ძირითადი დოკუმენტი და მათი მოკლე აღწერა.
ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი
აღნიშნული წესის მიზნებისათვის მომხმარებლებად განიხილებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, ფინანსურ ორგანიზაციებად კი მიიჩნევა კომერციული ბანკი , მიკროსაფინანსო ორგანიზაცია , საკრედიტო კავშირი და სესხის გამცემი სუბიექტი. ამასთან, ფინანსურ პროდუქტებად განიხილება ყველა ის მომსახურება ( სესხი , დეპოზიტი , ანგარიში და ა.შ), რასაც აღნიშნული ფინანსური ორგანიზაციები აწვდიან მომხმარებლებს. წესი, ერთი მხრივ, არეგულირებს მომხმარებლისთვის პროდუქტების შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პროცესს, მეორე მხრივ, ადგენს ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს და მომხმარებლის უფლებებს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პერიოდშიც. ამასთან, წესით გათვალისწინებულია მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრეტენზიებზე რეაგირების საკითხები. აქვე საყურადღებოა, რომ წესის გარკვეული მოთხოვნები, მაგალითად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებული სტანდარტები, ვრცელდება მხოლოდ 1,000,000 ლარამდე მოცულობის საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტებსა და ხელშეკრულებებზე.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესი
არეგულირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებისთვის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სწორად დამუშავებისა და აღრიცხვის საკითხებს. აღნიშნული წესის მიხედვით, თუ საკრედიტო ვალდებულება გარკვეული ლიმიტის ფარგლებშია (მიმდინარე მომენტისათვის 3 მილიონი ლარი), საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, ბიუროს მიაწოდონ ინფორმაცია მომხმარებლების საკრედიტო მონაცემების შესახებ. ამ წესით ასევე, მოწესრიგებულია მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრეტენზიებზე რეაგირების საკითხებიც.
მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტრუქცია
აღნიშნული ინსტრუქციით რეგულირდება მომხმარებელთა უფლებები და მზღვეველთა ვალდებულებები სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების, ხელშეკრულების გაფორმებამდე და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პერიოდშიც. ამასთან, წესით გათვალისწინებულია მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრეტენზიებზე რეაგირების საკითხები.
საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი
აწესრიგებს საგადახდო მომსახურების მიმწოდებლების ანუ პროვაიდერების მიერ მომხმარებლისათვის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით მისაწოდებელი ინფორმაციის ჩამონათვალსა და მისი მიწოდების ფორმას.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი
ითვალისწინებს როგორც ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის პირობებს, ისე ამ პუნქტების ვალდებულებებსა და მომხმარებელთა უფლებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
სამოქალაქო კოდექსის ნაწილში, სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნების გარდა, ფინანსური სექტორის მომხმარებლებისთვის, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, შემდეგი საკითხები: კოდექსით დადგენილია სესხზე, ნასყიდობით განვადებასა და ლიზინგზე დასარიცხი მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, დღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა და დარიცხვის წესი, ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯამურად დასარიცხი თანხის ლიმიტი, ასევე, სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში მაქსიმალური პირგასამტეხლოს ოდენობა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ დადგენილია შეზღუდვები ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და ავტოსატრანსპორტო საშუალების უზრუნველსაყოფად წარდგენაზე.
მსგავსი თემები
- მომხმარებლის უფლებები ფინანსურ ორგანიზაციებთან
- სასარგებლო ბმულები
- ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებები
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან ურთიერთობისას
- როგორ მართოთ აღებული ვალდებულება?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას
- რჩევები ფინანსური პროდუქტით სარგებლობისას
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან ურთიერთობისას