მიზანი, მათ შორის, ფინანსური მიზანი ერთგვარად ადამიანის ქმედებების ორიენტირია. თუ მას დეტალურად გაწერთ, შესრულებაც გაცილებით მარტივი ხდება. რა არის მიღწევადი მიზანი? ეს არის მრავალ ოცნებათაგან ის კონკრეტული, რომლის გაზომვა, მიღწევის გზების დაგეგმვა და მიღწევა რეალურია. თუ გსურთ, თქვენი ოცნებები მიზნებად გადააქციოთ და მათი მიღწევა დაიწყოთ, მნიშვნელოვანია მიანიჭოთ მათ შეძლებისდაგვარად მეტი კონკრეტიკა და განსაზღვროთ მათთან დაკავშირებული დეტალები, რათა მიზნის მიღწევის ქმედებების განსაზღვრისას, უფრო მარტივად შეძლოთ სამოქმედო გეგმის გაწერა. მიზნის არჩევისას იხელმძღვანელეთ შემდეგით:
მიზანი უნდა იყოს კონკრეტული
მაგალითად, თუ თქვენ ოცნებობთ საუკეთესო ავტომობილზე, ამ ოცნების მიზნად გადაქცევისთვის საჭიროა განსაზღვროთ, კონკრეტულად რომელი მოდელის, რომელი წლის გამოშვება გსურთ შეიძინოთ, მეტი კონკრეტიკისთვის ფერიც კი შერჩეული უნდა გქონდეთ.
მიზანი უნდა იყოს გაზომვადი
თუ თქვენ ოცნებობთ ზოგადად უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაზე, მისი მიღწევა რთული იქნება სანამ მას უფრო კონკრეტულ მიზნად არ აქცევთ. საჭიროა, განსაზღვროთ, რა შემთხვევაში ჩათვლიდით, რომ სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გაქვთ. მაგალითად, შეიძლება თქვათ, რომ საბანკო ანგარიშზე 15,000 ლარის არსებობა, რომლის განკარგვაც თავისუფლად შეგეძლებათ, საკმარისი იქნება თქვენთვის ფინანსური სტაბილურობის შესაგრძნობად. ეს უკვე გაზომვადი მიზანია. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რომ შრომობთ ამ თანხის ანგარიშზე დასაგროვებლად.
მიზანი უნდა იყოს მიღწევადი
მიზნების მიღწევის ერთ-ერთ სირთულეს სწორი დაგეგმვა წარმოადგენს. შეიძლება მიუღწეველი მიზნების დასახვამ უარი გათქმევინოთ მიზნების დასახვასა და მათკენ სწრაფვაზეც კი. ამიტომ, საჭიროა თქვენ მიერ შერჩეული მიზანი განხორციელებადი იყოს. თუ თქვენ გადაწყვეტთ 1 წელიწადში შეიძინოთ 150,000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება, მაშინ როდესაც დანაზოგი არ გაქვთ, ხოლო აუცილებელი ხარჯების შემდეგ თქვენ განკარგვაში არსებული თანხა თვეში 1,000 ლარია, ეს მიზანი დადგენილ ვადაში მიუღწეველი იქნება.
მიზანი თქვენი სურვილების შესაბამისი უნდა იყოს
ვინაიდან თითოეული მიზნის მისაღწევად ძალისხმევა დაგჭირდებათ, მიზნის შერჩევისას აუცილებლად უნდა ჰკითხოთ თქვენს თავს, თუ რატომ გსურთ ამ მიზნის მიღწევა. თუ გაუაზრებლად აირჩევთ მისაღწევ მიზანს, შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ გააცნობიეროთ რომ ეს თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია და მის მისაღწევად ენერგიისა და ძალისხმევის დახარჯვა დაგენანოთ. აქვე მნიშვნელოვანია გააანალიზოთ, ნამდვილად მიგიყვანთ თუ არა კონკრეტული მიზნის მიღწევა იმ მთავარ მიზნამდე, რაც დაისახეთ.
მიზანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მისი მიღწევისთვის წინასწარ განსაზღვრული ვადა
იმისთვის, რომ მიზნის მიღწევა გაგიადვილდეთ, საჭიროა დაადგინოთ მიზნის მისაღწევი ღონისძიებების დაწყებისა და დასრულების დროითი საზღვრები. როდესაც განსაზღვრული გაქვთ მიზნის მიღწევის საბოლოო თარიღი, მეტი მოტივაცია გექნებათ გაჰყვეთ წინასწარ დასახულ გეგმას. ამასთან, წინასწარ განსაზღვრული დრო დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ, რა გჭირდებათ მიზნის მისაღწევად. მაგალითად, თუ გსურთ მობილური ტელეფონის შესაძენად შეაგროვოთ 1,000 ლარი, ამ მიზნისთვის დროითი შუალედის განსაზღვრა დაგეხმარებათ უფრო სწრაფად და კონკრეტულად დაისახოთ სამოქმედო გეგმა. მაგალითად, თუ გსურთ ამ მიზანს 5 თვეში მიაღწიოთ, გეცოდინებათ რომ თვეში 200 ლარის დაზოგვა დაგჭირდებათ, თუ ამ ვადას 10 თვემდე გაზრდით, მაშინ ყოველთვიურად დასაზოგი თანხა მიზნის მისაღწევად 100 ლარი იქნება. რეალურად დროითი საზღვრები არა მარტო მიზნის მიღწევის საბოლოო თარიღის განსაზღვრაში, არამედ დაზოგვის თქვენთვის ხელსაყრელი მეთოდის შერჩევაშიც დაგეხმარებათ.
მიზნები ვადიანობის მიხედვით განსხვავდება
მეტი სიცხადისთვის, შესაძლოა ბიუჯეტი ისე შეადგინოთ, რომ მასში მიზნები ვადიანობის მიხედვით დაალაგოთ. თუ თქვენც ისეთი მომხმარებლების რიცხვს განეკუთვნებით, ვისაც უფრო მეტი სიცხადე, მეტ კომფორტს ანიჭებს, მაშინ მიზნების ვადიანობის მიხედვით დალაგების რჩევაც გამოგადგებათ. მისაღწევად საჭირო დროის მიხედვით თქვენი მიზნები შეიძლება იყოს:
მოკლევადიანი
ძირითადად, მოკლევადიან მიზნებს მიეკუთვნება ის მიზნები, რომლების მიღწევაც 1 წლამდე ვადაშია შესაძლებელი. მაგალითად, მოკლევადიანი მიზანია თანხის დაზოგვა საყვარელი მომღერლის კონცერტის ბილეთის საყიდლად ან თანხის დაზოგვა ზაფხულის დასვენების დასაფინანსებლად.
საშუალოვადიანი
საშუალოვადიანი მიზნები კი ის მიზნებია, რომელსაც 1-დან 3 წლამდე პერიოდში მივაღწევთ. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ავტომობილის შესაძენად ან გრძელვადიანი სესხის წინსწრებით დასაფარად თანხის შეგროვება.
გრძელვადიანი
მიზნები, რომელთა მისაღწევადაც 3 წელზე მეტი გჭირდებათ, გრძელვადიანი მიზნებია. მაგალითად, თუ გსურთ, თანხა დაზოგოთ სახლის შესაძენად ან ბიზნესის დასაწყებად, მიზნის მისაღწევად შეიძლება 5 ან 10 წელი დაგჭირდეთ.
„პირველ რიგში, გადაუხადეთ საკუთარ თავს!“
დანაზოგებთან დაკავშირებული ფინანსური მიზნების მიღწევა რომ გაგიადვილდეთ, აუცილებელია, მათი ამ მიზნების განსაზღვრის შემდეგ შეადგინოთ გეგმა, თუ რა ქმედებების განხორცილებით აპირებთ მიზნის მიღწევას.
დაზოგვის გადაწყვეტილების მიღებისას, შეიძლება, ეს პროცესი რთულად მოგეჩვენოთ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რთულია და არც თუ მცირე ნებისყოფას მოითხოვს ლოდინი და საკუთარი თავის შეზღუდვა შემოსავლების თავისუფლად ან ახლავე ხარჯვისგან. ამასთან, მაშინაც კი, როცა შემოსავლებს დაუფიქრებლად კი არ ხარჯავთ, არამედ წინასწარ ანაწილებთ მიმდინარე ხარჯებზე, ამ ხარჯებზე ფიქრისას შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ დასაზოგი თანხა საერთოდაც არ გრჩებათ. მსგავსი მიდგომით, შესაძლოა უფრო მეტად დაშორდეთ თქვენს მიზნებს. მათ შესრულებაზე კი თქვენს ნაცვლად, საეჭვოა, ვინმე სხვამ იზრუნოს.
ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არსებობს - ორიენტირად გაიხადეთ დევიზი: „პირველ რიგში, გადაუხადეთ საკუთარ თავს!“. ეს ნიშნავს, ჯერ საკუთარ თავზე, საკუთარ მიზნებსა და, შესაბამისად, ამ მიზნების მისაღწევად საჭირო დანაზოგზე დაფიქრდეთ, მერე კი სხვა (სხვებისთვის გადასახდელ) ხარჯებზე.
თუ საქმეს ამგვარად მიუდგებით, უფრო მარტივად და მიზანდასახულად შეძლებთ, თავიდან გადახედოთ თქვენს მიმდინარე ხარჯებს და დაფიქრდეთ, რამდენად შესაძლებელია მათი შემცირება/კორექტირება, ისე რომ აღნიშნული დანაზოგების შესაბამისი თანხის გამონთავისუფლება შეძლოთ.
შეისწავლეთ თქვენი პირადი ბიუჯეტი
შეიძლება თუ არა დაზოგვა, როდესაც ზუსტად იმდენს ხარჯავთ, რამდენსაც თვის განმავლობაში გამოიმუშავებთ? ან გაქვთ თუ არა დაზოგვის საშუალება მაშინ, თუ ზოგჯერ ხარჯების დაფარვაც კი გიჭირთ? პრაქტიკა აჩვენებს, რომ სინამდვილეში ფულის დაზოგვა ყოველთვის შესაძლებელია, თანხის დაზოგვისთვის კი ჯერ საჭიროა, შეისწავლოთ თქვენი პირადი ბიუჯეტი და იპოვოთ ის ნაწილი, რომლიდანაც თანხის გამოთავისუფლებას შეძლებთ. პირადი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.