რა არის საკრედიტო საინფორმაციო ბიურო?
საკრედიტო საინფორმაციო ბიურო (საკრედიტო ბიურო ან ბიურო), ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აგროვებს ინფორმაციას თქვენი საკრედიტო ისტორიის შესახებ, ამუშავებს მას და დამუშავებულ ინფორმაციას თქვენივე ნებართვის საფუძველზე, გადასცემს დაინტერესებულ მხარეებს. საკრედიტო საინფორმაციო ბიურო სავალდებულო წესით რეგისტრირდება საქართველოს ეროვნულ ბანკში და მისი ზედამხედველობის ქვეშ ექცევა. საქართველოში ამ ეტაპზე მოქმედი ერთადერთი საკრედიტო საინფორმაციო ბიურო სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოა“ (შემდგომში კრედიტინფო), ამიტომაც ამ მენიუში მოყვანილი ინფორმაცია დიდ წილად მორგებულია სწორედ კრედიტინფოს მუშაობის სპეციფიკასა და შემოთავაზებულ სერვისებზე, რომელიც თავის მხრივ, შესაბამისობაში უნდა იყოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობის სპეციალური წესებთან.
როგორ მიეწოდება ინფორმაცია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს?
სესხის გამცემი ორგანიზაციები კრედიტინფოს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან მომხმარებლის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მოიცავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, სასესხო ვალდებულების ტიპსა თუ მოცულობას, დაფარვის ვადებს, სესხის გრაფიკს, გადახდის ისტორიას და სხვა, სესხთან დაკავშირებულ ინფორმაციას. კრედიტინფო ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, აანალიზებს მომხმარებლების გადამხდელუნარიანობას და გადახდის ისტორიასა თუ სხვა მრავალი ფაქტორის გამოყენებით ამუშავებს მომხმარებლის შესაფასებელ ინდიკატორებს, მათ შორის, საკრედიტო ქულას.
გადამუშავებული ინფორმაცია, მომხმარებლის მონაცემებთან ერთად თავს იყრის საკრედიტო რეპორტში, რომელიც თავის მხრივ შეჯამებული ინფორმაციის წარმოსადგენი ერთგვარი ანგარიშგების ფორმაა. თუ რეპორტში რაიმე სახის ცდომილებაა, მისი ჩასწორებისთვის, შესაძლოა განხორციელდეს დამატებითი კომუნიკაცია, მათ შორის, მომხმარებლის ინიცირებით.
ვინ არის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ინფორმაციის მომხმარებელი?
საკრედიტო რეპორტის მომხმარებლები არიან როგორც საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ მიიღონ ინფორმაცია არსებულ თუ პოტენციურ მსესხებლებზე/მომხმარებელზე, ისე უშუალოდ ის პირების ვის შესახებაც დაცულია ინფორმაცია კრედიტინფოს ბაზაში. კრედიტინფო მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა არხის საშუალებით მიღოს ინფორმაცია საკუთარი საკრედიტო რეპორტის შესახებ. ამ ინფორმაციის მიღება რიგ შემთხვევაში უფასოა, ხოლო გარკვეულ სიტუაციაში შესაძლოა ფასიანი იყოს. მაგალითად, თქვენ უფლება გაქვთ წელიწადში სამჯერ უფასოდ მიიღოთ თქვენი სტანდარტული საკრედიტო რეპორტი. ამასთან, რეპორტის მოთხოვნა შეგიძლიათ როგორც ონლაინ რეჟიმში, ისე მატერიალური სახით. თუ თქვენ, პირადი მიზნებისთვის დაგჭირდებათ კრედიტინფოდან ინფორმაციის უფრო დიდი სიხშირით გამოთხოვა, ან დაგჭირდებათ იმ ინფორმაციის მიღება, რასაც კრედიტნფო თავად ამუშავებს მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და პირდაპირ არ ღებულობს კრედიტორებისგან (მაგ. საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებლები), შესაძლოა ეს მომსახურება ფასიანი იყოს .
საკრედიტო რეპორტი ბიუროს ბაზით მოსარგებლე ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ პოტენციური თუ არსებული მომხმარებლის გადახდისუნარიანობა. კერძოდ, შეისწავლონ მსესხებლის ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან და სხვა ფაქტორებთან ერთად, საკრედიტო რეიტინგისა და ქულის გათვალისწინებით მიიღონ პროდუქტის მოწოდების გადაწყვეტილება.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კრედიტინფოს მიერ დამუშავებული ინფორმაცია კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ პოტენციური მსესხებლის საკრედიტო ისტორია, დაეხმარონ ბაზარზე არსებულ კრედიტორებს მინიმალურ დროში მიიღონ სრული ინფორმაცია მსესხებლის ვალდებულებებსა თუ საკრედიტო ისტორიაზე და ამით თავიდან აირიდონ პირის არამართებული დაკრედიტება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მნიშვნელოვანი რგოლია ჯანსაღი დაკრედიტების პროცესის შესაქმნელად.
სხვა პირების და ორგანიზაციების მიერ, საკრედიტო ბიუროდან თქვენი საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, მხოლოდ თქვენივე თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი. თუ თქვენ გსურთ გაეცნოთ თქვენს საკრედიტო რეპორტს, საჭიროა, მიმართოთ კრედიტინფოს, გაეცნოთ ინფორმაციას მის მიერ შემოთავაზებულ მომსახურების წესებს და ისარგებლოთ ფასიანი ან უფასო მომსახურებით.
მსგავსი თემები
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს საკრედიტო რეპორტში უზუსტობაა?
- რა ინფორმაციას მოიცავს საკრედიტო რეპორტი?
- სესხი (კრედიტი)
- რას ემსახურება საკრედიტო რეპორტის არსებობა?
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?
- ობლიგაციის ღირებულების განსაზღვრა
- რჩევები საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად
- საკრედიტო რეპორტი (ანგარიშგება)