სესხის აღებას შესაძლოა სესხის გაცემა/მომსახურებასთან დაკავშირებულ ისეთი ხარჯები ახლდეს თან, როგორიცაა:
სესხის დამტკიცების / სესხის გაცემის საკომისიო
ამ საკომისიოს ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელს იმ მომსახურებისთვის აკისრებს, რომელსაც სესხის გაცემის პროცესი მოიცავს, მათ შორის სასესხო განაცხადის მიღება, მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შემოწმება, სესხის კომიტეტზე დამტკიცება და ა.შ. აღნიშნული საკომისიო, როგორც წესი, სესხის მოცულობის პროპორციულად და/ან ფიქსირებული თანხით განისაზღვრება. მაგალითად, სესხის თანხის 0,5%, მინიმუმ 100 ლარი.
სესხის თანხის განაღდების საკომისიო
როგორც წესი, საბანკო ანგარიშზე მათ შორის სესხის სახით ჩარიცხული თანხის გატანა ფასიანია და აღნიშნული საკომისიო განაღდებული თანხის პროპორციულად იანგარიშება.
ანგარიშის მომსახურების საკომისიო
სესხის გაცემისას, როგორც წესი, მსესხებელს მიმდინარე ანგარიშიც ეხსნება. ჩვეულებრივ, ანგარიშის მომსახურება ფასიანია და საკომისიო ფიქსირებულია. ზოგიერთ შემთხვევაში ბანკი თითოეული ანგარიშის მომსახურებისთვის იღებს საკომისიოს, ზოგჯერ კი ე.წ. სატარიფო პაკეტები მოქმედებს, რაც რამდენიმე პროდუქტის მომსახურების საკომისიოების გაერთიანებას გულისხმობს. ამ ინფორმაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რამდენადაც თუ სესხის დაფარვის შემდეგ ანგარიშს არ დახურავთ, მასზე საკომისიოს დარიცხვა გაგრძელდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გამსესხებელს უფლება არ აქვს არააქტიურ ანგარიშს საკომისიო 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაარიცხოს.
სესხის უზრუნველყოფის რეგისტრაციასთან და სესხის დაფარვის შემდეგ რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული ხარჯები
თუ სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ან მოძრავი ქონების წარდგენა დაგჭირდათ, გასათვალისწინებელია, რომ სესხის გამცემის სასარგებლოდ ქონების ვალდებულებით დატვირთვა აუცილებლად რეგისტრირდება იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (უძრავი და მოძრავი (გარდა ავტომობილებისა) ქონების შემთხვევაში) ან შსს მომსახურების სააგენტოს (ავტომობილების შემთხვევაში) მიერ. მათი მხრიდან ამ მომსახურების გაწევა ფასიანია და მომსახურების ღირებულება, როგორც წესი, მსესხებელს ეკისრება. მომსახურების საფასური ფიქსირებულია და რეგისტრაციის ვადაზეა დამოკიდებული - რაც სწრაფია მომსახურება, მით უფრო ძვირია ის. აღნიშნული ტარიფები შეგიძლიათ წინასწარ დააზუსტოთ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სესხის დაფარვის შემდეგ ქონებაზე ვალდებულების რეგისტრაციის გაუქმებაც ფასიანია. ვინაიდან ეს ხარჯები პირდაპირ უკავშირდება სესხით სარგებლობას, ისიც სესხთან დაკავშირებულ ხარჯებში შედის და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში გაითვალისწინება.
სადაზღვევო ხარჯები
სესხის აღებისას, კრედიტის პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება მსესხებლის ჯანმრთელობის და/ან უზრუნველყოფის სახით წარდგენილი ქონების დაზღვევა დაგჭირდეთ, რაც დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული. რას ითვალისწინებს დაზღვევის მომსახურება? დაზღვევის პირობები სადაზღვევო კომპანიის მიხედვით ინდივიდუალურია. სესხის გაცემის პროცესში ყველაზე ხშირად უძრავი ქონების სხვადასხვა რისკებზე და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა მოითხოვება. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანიამ, როგორც წესი, უნდა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტში დარჩენილი სესხის ძირითადი თანხა, თუ მსესხებელი გარდაიცვალა ან თუ დაზიანდა ან განადგურდა უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ან მოძრავი ქონება. თუმცა, დაზღვევის გაფორმებამდე, კარგად უნდა გაარკვიოთ დაზღვევის პირობები, დააზუსტოთ რა რისკებს ფარავს დაზღვევა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას თქვენი მხრიდან რა ქმედებებია საჭირო. ასე თქვენ უფრო მომზადებული იქნებით არასტანდარტული სიტუაციებისთვის.
მსგავსი თემები
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვა
- სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯები
- როგორი ტიპის სასესხო პროდუქტები არსებობს?
- ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
- რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს სესხის აღებას?
- მომხმარებლისთვის გადასაცემი დოკუმენტების სტანდარტი
- როგორ მოემზადოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?