კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კობა გვენეტაძემ ჰააგაში ფინანსური განათლების თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, ჰააგაში ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის  ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ფინანსური განათლების ტექნიკური მხარდაჭერის ხუთწლიანი პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების ქსელი (OECD/INFE) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარ პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 110-ზე მეტი ქვეყნის 240-ზე მეტ საჯარო სტრუქტურას აერთიანებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოში განხორცილებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია, ასევე ვრცლად ისაუბრა ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ფინანსური განათლების გაუმჯობესების საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ღონისძიების ფარგლებში, მოხდა თითოეული მონაწილე ქვეყნის ფინანსური განათლების კუთხით არსებული საჭიროებების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა.

მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ფინანსური განათლების თემაზე OECD/INFE-ს და საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით მრგვალი მაგიდის დისკუსიებს უმასპინძლა თბილისში.