საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან (ბიურო) ურთიერთობისას
თქვენ უფლება გაქვთ
მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ცვლილება, თუ ის არასწორია
თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ბიუროში მონაცემების ცვლილება (გასწორება, წაშლა, განახლება), თუ აღნიშნული არასწორადაა მითითებული. ბიურო კი ასეთ შემთხვევაში ვალდებულია, გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს შესაბამისი მონაცემები.
მოითხოვოთ ბიუროში თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია
თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ და მიიღოთ თქვენ შესახებ ბიუროში დაცული ინფორმაცია შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, ხოლო წელიწადში სამჯერ – უფასოდ, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.
დააფიქსიროთ პრეტენზია
თქვენ უფლება გაქვთ, დააფიქსიროთ თქვენი პრეტენზია ბიუროსთან, რა შემთხვევაშიც ის ვალდებულია, ათი სამუშაო დღის განმავლობაში დაგიბრუნოთ პასუხი.
ფინანსური ორგანიზაციისა და ბიუროს ვალდებულებები
ფინანსურ ორგანიზაციას ბიუროში თქვენ შესახებ არსებული მონაცემების გადამოწმების უფლება აქვს მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე
თუ ფინანსურ ორგანიზაციაში არ გაგაჩნიათ სესხი ან რამე სხვა ტიპის ვალდებულება, იმისათვის, რომ გადაამოწმოს/გამოითხოვოს ინფორმაცია ბიუროდან, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, თქვენგან მოიპოვოს ერთჯერადი თანხმობა და ამ მიზნით სპეციალურ განაცხადზე მოგაწერინოთ ხელი. აღნიშნული განაცხადით მოპოვებული თანხმობა მოქმედია 30 დღის განმავლობაში.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თუ ფინანსურ ორგანიზაციაში სარგებლობთ სესხით ან გაქვთ სხვა ტიპის ვალდებულება, თქვენგან შესაბამისი პროდუქტის (მაგალითად, საკრედიტო) ხელშეკრულებით მოპოვებული თანხმობის ფარგლებში, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს, ამ ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს/შეამოწმოს თქვენი მონაცემები ისე, რომ თავიდან აღარ აიღოს თქვენი თანხმობა თითოეული ამ შემოწმების წინ.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, ბიუროს ინფორმაცია მიაწოდოს თქვენი ვალდებულებების ცვლილებისთანავე, ყოველდღიურ რეჟიმში
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, თქვენი ვალდებულების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში განაახლოს და მიაწოდოს ბიუროს. ეს პირობა თქვენზე სესხის ან სხვა ტიპის ვალდებულების გაცემის წინაპირობა იქნება. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ თუ მსგავსი პირობა თქვენთვის მისაღები არაა, ფინანსური ორგანიზაცია სესხის გაცემაზე სრულებით ლეგიტიმურად გეტყვით უარს. საყურადღებოა ისიც, რომ თქვენი საკრედიტო ისტორიის დეტალები ბიუროში ხელმისაწვდომია ფინანსური ორგანიზაციებისთვის ვალდებულების სრულად დაფარვიდან, ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან მისი გაუქმებიდან, ან ხანდაზმულად აღიარებიდან 5 წლის განმავლობაში. სესხი ხანდაზმულად ითვლება მხოლოდ შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და/ან იმ შემთხვევაში, როცა თვითონ ფინანსურმა ორგანიზაციამ აღიარა ვალდებულება ხანდაზმულად. თუ სესხის არც დაფარვა, არც ხანდაზმულად აღიარება არ მომხდარა, ასევე, არც ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხდარა მისი გაუქმება და მისი დაფარვაც არ ხდება, ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია ბიუროში უვადოდ იქნება ხელმისაწვდომი.
მსგავსი თემები
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს საკრედიტო რეპორტში უზუსტობაა?
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან ურთიერთობისას
- როდესაც სესხის მიმდინარე შენატანის გადახდას ვეღარ ახერხებთ
- რა არის საკრედიტო ქულა და საკრედიტო რეიტინგი?
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- მზღვეველთა პასუხისმგებლობები
- სესხის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება