კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რჩევები გონივრული შესყიდვისთვის

იმისათვის, რომ პროდუქტისა თუ მომსახურების ყიდვისა და  თანხის ხარჯვის თქვენ მიერ არჩეული პროცესი მაქსიმალურად ეფექტურად და სარგებლიანად წარიმართოს, გაითვალისწინეთ შემდეგი:

ისარგებლეთ სანდო ინტერნეტ-მაღაზიებით

არ ისარგებლოთ ისეთი ინტერნეტ-მაღაზიის მომსახურებით, რომლის უსაფრთხოებასა და სანდოობაზე ინფორმაციას არ ფლობთ და რომელიც ბევრი პირადი მონაცემის - მაგალითად, სახელის, გვარის, პირადი ნომრის, პლასტიკური ბარათის დეტალების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა მონაცემების ერთად დაფიქსირებას გვთხოვთ.

გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს

ინტერნეტ-შესყიდვების დროს გაეცანით გამყიდველს და მის რეპუტაციას, რომელსაც მომხმარებელთა შეფასება ქმნის. კარგი რეპუტაციის მქონე გამყიდველი ერთგვარი გარანტია, რომ შეძენილ ნივთს ნამდვილად მოგიტანენ მითითებულ მისამართზე და მას ზუსტად ის მახასიათებლები ექნება, რაც თქვენ  გსურდათ.

სიფრთხილით მოეკიდეთ არარეალურად კარგ შემოთავაზებას

თუ შერჩეული ნივთის ღირებულება ბევრად დაბალია სხვა მაღაზიებში არსებულ ფასთან შედარებით, კარგად გაარკვიეთ ნივთის შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები. შეიძლება დამატებითი ფარული ხარჯები იმდენად მაღალი იყოს, რომ შემოთავაზებული ფასი თქვენთვის ხელსაყრელი აღარ აღმოჩნდეს ან საქონელს რამე სპეციფიკური წუნი ჰქონდეს. 

გაეცანით გამოყენების პირობებს

თუ ყიდულობთ არა კონკრეტულ ნივთს, არამედ სასაჩუქრე ბარათს, გაეცანით მისი გამოყენების პირობებს. კერძოდ, დააზუსტეთ, ვის შეუძლია ამ ბარათის გამოყენება, რა ვადის განმავლობაშია შესაძლებელი თანხის დახარჯვა, ვადის გასვლის შემდეგ როგორ ხდება ბარათზე დარჩენილი, გამოუყენებელი თანხის განკარგვა. ასევე, მნიშვნელოვანია დააზუსტოთ, თანხის დახარჯვა ერთ შენაძენზეა შესაძლებელი თუ მრავალზე და სხვა.

გადაამოწმეთ პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების პირობები

როდესაც პროდუქტისა თუ მომსახურების დისტანციურად შეძენას გადაწყვეტთ, გამყიდველთან საბოლოოდ შეთანხმებამდე გადაამოწმეთ შეძენილი პროდუქტის მიწოდების პირობები. ამ გზით თავიდან აირიდებთ დამატებით, გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

წინასწარ მოამზადეთ საყიდლების სია

სავაჭრო ობიექტზე ნივთების შესაძენად წინასწარ გამზადებული სიით წადით. წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალი დაგეხმარებათ პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანიდან მიზანმიმართულად თქვენთვის სასურველი აარჩიოთ. ამასთანავე, როდესაც წინასწარ იცით, რისი შეძენა გსურთ, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ არასაჭირო ნივთთან დიდხანს შეყოვნდეთ და იმპულსურად იყიდოთ ის.

წინასწარ განსაზღვრეთ ბიუჯეტი

მაღაზიაში წასვლამდე წინასწარ განსაზღვრეთ შესყიდვების ბიუჯეტი. ასე ზუსტად გეცოდინებათ, კონკრეტული შემთხვევისთვის რა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ. შედეგად, თავს დაიზღვევთ არამიზნობრივი შენაძენისგან და საბოლოოდ, თვის განმავლობაში იმპულსური შენაძენებით გამოწვეულ არამიზნობრივ ხარჯებს აირიდებთ თავიდან.

წინასწარ განსაზღვრეთ შესყიდვების დრო

წინასწარ განსაზღვრეთ, რა დროს დაუთმობთ შესყიდვების პროცესს თქვენი დღის განრიგში. კარგია, თუ ზუსტად იცით რა დროის დახარჯვა შეგიძლიათ მაღაზიებში ვიზიტსა და დისტანციურ შესყიდვებზე. ასეთ დროს ნივთებისა თუ მომსახურების ყიდვის გადაწყვეტილება დაგეგმილია და არ კარგავთ დროს არასაჭირო ნივთების გაცნობაში.

არ შეიძინოთ ემოციურ მდგომარეობაში

შეეცადეთ, არ შეიძინოთ ნივთები მაშინ, როდესაც ემოციურად არასასურველ მდგომარეობაში, მაგალითად მოწყენილი, მშიერი, განაწყენებული ან დაღლილი ხართ. ასეთ დროს ნაკლებად აანალიზებთ პროდუქტის საჭიროებას. იზრდება რისკი, რომ საბოლოოდ გაუმართლებელ დანახარჯებს და ისეთ პროდუქტს მიიღებთ, რომელსაც მომავალში დიდი ალბათობით არ გამოიყენებთ. 

შეძენისას დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ

ყოველთვის დასვით კითხვა: „ამ ნივთს ნამდვილად გამოვიყენებ?“ თუ ნივთის შეძენა დანამდვილებით არ გჭირდებათ, შენაძენი სამომავლოდ გადადეთ.

არ მოექცეთ გავლენის ქვეშ

გახსოვდეთ, კონსულტანტი მაღაზიაში იმისთვისაა, რომ კონსულტაციის გაწევასთან ერთად პროდუქტი მოგყიდოთ. მოუსმინეთ მას, თუმცა გავლენის ქვეშ ნუ მოექცევით. ყოველთვის რაციონალურად გააანალიზეთ კონსულტანტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

არ მიიღოთ გადაწყვეტილება მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით.

არ შეიძინოთ ნივთი მხოლოდ იმის გამო, რომ ფასდაკლებულია

შესაძლოა ფასდაკლება შთამბეჭდავია, მაგრამ თუ ნივთი რეალურად არ გესაჭიროებათ, მასზე დახარჯული ნებისმიერი თანხა ზედმეტი, გაუთვალისწინებელი ხარჯი აღმოჩნდება.

შეადარეთ ფასები

მოიძიეთ და შეადარეთ  არსებული შეთავაზებები, მათ შორის ინტერნეტსივრცეში -  ასე საუკეთესო ფასს შეარჩევთ.