ფინანსური რჩევები საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის
საზღვარგარეთ სწავლა უდიდესი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, როგორც აკადემიური ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით, ისე ახალი გამოცდილების, უნარების შეძენისა და აღმოჩენების მხრივ. იმისთვის, რომ ბევრად ეფექტიანი და ნაკლებ სტრესული იყოს ახალ გარემოში საკუთარი თავის გამოცდის პროცესი, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლამდე გასათვალისწინებელ რამდენიმე ფინანსურ რჩევას გაგიზიარებთ.
დაგეგმეთ თქვენი ფინანსები წინასწარ და გააკეთეთ ბიუჯეტი
ყველა წარმატებული ფინანსური გეგმის საწყისი სწორი ბიუჯეტირებაა. საზღვარგარეთ წასვლამდე შექმენით ბიუჯეტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სწავლისა და ცხოვრების ხარჯები, ასევე ტრანსპორტირებისა და ადმინისტრაციული საბუთების მომზადების ხარჯები. ბიუჯეტში აუცილებლად შეიტანეთ კვება და პირადი ხარჯების ნაწილი. რაც უფრო ბიუჯეტში ყველა ხარჯის, მათ შორის, გაუთვალისწინებელი ხარჯების მაქსიმალური სიზუსტით გაწერა დაგიცავთ გადახარჯვისგანთუ თქვენი შემოსავალი ან განათლების საზღვარგარეთ მისაღებად განსაზღვრული დანაზოგი ეროვნულ ვალუტაში გაქვთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ გაცვლითი კურსიც და შემოსავალი და ხარჯები რომელიმე ერთ ვალუტაში დათვალეთ.
გახსოვდეთ, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს რეალური და არა მოლოდინებზე დამყარებული, შესაბამისად, წინასწარ მოიძიეთ ფასები.
იპოვეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი
საზღვარგარეთ სწავლის ხარჯში, როგორც წესი, ყველაზე დიდი წილი საცხოვრებლის ხარჯს უჭირავს. ხარჯის შესამცირებლად აუცილებელია, რომ წინასწარ მოიძიოთ ყველა შესაძლებლობა, ფასები შეადაროთ ერთმანეთ და შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება. იცოდეთ, რომ საცხოვრებლის მიღების რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად, სასწავლებლის საცხოვრებელი, ბინის ქირაობა სხვა თქვენს თანატოლთან ერთადზოგიერთი ქვეყანა საერთაშორისო სტუდენტებს საცხოვრებლებს ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს და სხვ. ამიტომ მოიძიეთ ყველა შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რომ, როგორც წესი, ქალაქის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელი უფრო ძვირია, ვიდრე გარეუბნებში. თუმცა გარე უბანში ცხოვრებასაც თვისი ხარჯი აქვს - ტრანსპორტირება და დრო, შესაბამისად, კარგად აღწერეთ თითოეული შესაძლებლობის სარგებელი და ხარჯი.
გამოიყენეთ სტუდენტური ფასდაკლებები
სტუდენტური ცხოვრება შეიძლება საკმაოდ ბიუჯეტურიც იყოს, თუკი თვალს ადევნებთ სტუდენტურ ფასდაკლებებს. ქვეყნებს სხვადასხვა შეთავაზებები აქვთ საერთაშორისო სტუდენტებისთვის,თუმცა როგორც წესი, ფასდაკლებები ვრცელდება უმეტესობა სერვისსა და მომსახურებაზე: კვება, ტრანსპორტირება, გართობა და ა.შ. თავდაპირველად, შეიძლება ფასდაკლებები არც ისე სახარბიელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა საბოლოოდ, ყველა თქვენზე მორგებული ფასდაკლების გამოყენება, მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ თანხას.
გამოიყენეთ ჯანმრთელობის დაზღვევა
საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია. ამიტომ დროულად მიმართეთ თქვენს სასწავლებელს, რომ შემოთავაზებულ სადაზღვევო პაკეტებს კარგად გაეცნოთ. საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართეთ სადაზღვევო კომპანიას, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები მინიმუმამდე შეიმციროთ.
იმგზავრეთ იაფი ტრანსპორტით ან ფეხით იარეთ
სტუდენტებს გარკვეულ სატრანსპორტო სერვისებზე ფასდაკლებებს ყველა ქვეყანა სთავაზობს, თუმცა, შესაძლოა არსებობდეს უფრო ბიუჯეტური სამგზავრო საშუალება, მაგალითად, ველოსიპედი, რომლის შეძენაც გრძელვადიან პერიოდში გაცილებით ბიუჯეტური გადაწყვეტილებაც იქნება. ამიტომ კარგად მიმოიხილეთ ალტერნატივები და უფრო ბიუჯეტური სატრანსპორტო სერვისით ისარგებლეთ ან ფეხით იარეთ, რაც ასევე თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მეტი დრო დაგეხარჯოთ, მაგრამ ესეც თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს მიუსადაგეთ.
მიირთვით შინ და მოერიდეთ გარეთ კვებას
კაფეებსა და რესტორნებში კვება გაცილებით ძვირია ხოლმე, ვიდრე შინ მომზადება. ამიტომ თანხის დაზოგვის მიზნით, გარეთ კვებას მოერიდეთ. შინ მომზადება კი გაცილებით სახალისოც შეიძლება იყოს - დამღლელი დღის შემდეგ განიტვირთებით და ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაზეც დაფიქრდებით.
გაეცანით ადგილობრივ ფინანსურ პროდუქტებს
შეიძლება უცხო ქვეყანაში საკრედიტო ბარათის აღება, განვადება ან სხვა რომელიმე ფინანსური პროდუქტით სარგებლობა დაგჭირდეთ. რადგანაც ყველა ქვეყანაში ფინანსური პროდუქტით სარგებლობის პირობები განსხვავებულია, სჯობს ყველა კითხვა წინასწარ დასვათ, მათ შორის, ძალიან მარტივიც, რათა დამატებით ხარჯი თავიდან აირიდოთ.