გაგაცნობთ რამდენიმე ნაბიჯს, რომლის გავლაც დაგეხმარებათ, ფინანსურად უფრო მომზადებული შეხვდეთ საპენსიო ასაკს.
ნაბიჯი 1 : დაისახეთ ფინანსური მიზანი - თანხის შეგროვება საპენსიო დანაზოგისთვის
საპენსიო ასაკისთვის დაზოგვა არ არის მარტივი საქმე იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჩვენ გვაქვს არაერთი, ხშირად უფრო მოკლევადიანი ფინანსური მიზანი, რომლის შესრულებაც იმ მომენტისთვის უფრო პრიორიტეტული გვგონია. თუმცა, აუცილებელია ვიფიქროთ და ვიზრუნოთ გრძელვადიან ფინანსურ მიზნებზეც. მაგალითად, ბავშვის სწავლის დაფინანსებისთვის თანხის შეგროვება გრძელვადიანი მიზანია და მასზე მშობლები ხშირად ფიქრობენ. ანალოგიურად, წინასწარ მზადება მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკისთვისაც.
ნაბიჯი 2: განსაზღვრეთ დანაზოგის მოცულობა თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე
თქვენი პირადი ბიუჯეტის შედგენისას განსაზღვრეთ იმ თანხის მოცულობა, რომლის პერიოდული გადადებაც საპენსიო დანაზოგის შესაქმნელად არ შეგიქმნით დისკომფორტს. შემოსავლის ან ხარჯების ცვლილებასთან ერთად, ეცადეთ, არ შეწყვიტოთ დაზოგვა, არამედ შეცვალეთ (გაზარდეთ ან შეამცირეთ) დანაზოგის ყოველთვიური მოცულობა შეცვლილი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ნაბიჯი 3: გააკეთეთ დანაზოგი რაც შეიძლება ადრე და ხშირად
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ დაწყებული დაზოგვა თქვენი საპენსიო ასაკისთვის, დაიწყეთ იმ მომენტიდან, როგორც კი განსაზღვრავთ ამ ფინანსურ მიზანს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაზოგვას, მით უფრო მეტი ღირებულების მქონე იქნება თქვენი დანაზოგი წლების შემდეგ. განვიხილოთ ასეთი მაგალითი: დათომ საპენსიო ასაკისთვის დაიწყო დაზოგვა 45 წლის ასაკში და ყოველთვიურად ზოგავს 100 ლარს. მისმა მეგობარმა გიორგიმ კი 35 წლის ასაკში დაიწყო დაზოგვა და ყოველთვიურად 65 ლარს ზოგავს. ვთქვათ, რომ დანაზოგს ერიცხება საპროცენტო განაკვეთი წლიური 7%-ის ოდენობით.
დათო | გიორგი | |
ყოველთვიური დანაზოგი | 100 | 65 |
რა ასაკში დაიწყეს გროვება | 45 | 35 |
საპენსიო ასაკამდე დარჩენილი წლები | 20 | 30 |
ჯამური დანაზოგი | 24,000 | 23,400 |
ჯამური დანაზოგი დარიცხულ სარგებელთან ერთად | 35,734 | 43,746 |
დააკვირდით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ნაკლებს ზოგავდა, მან და დავითმა თითქმის ერთნაირი მოცულობის დანაზოგის შექმნა შეძლეს, რადგან გიორგი 10 წლით მეტი ვადის განმავლობაში ზოგავდა. ყველაზე საყურადღებო ამ მაგალითში კი ისაა, რომ მიუხედავად თანაბრად გადადებული დანაზოგისა, გიორგის დანაზოგს 10 წლით მეტი ვადის განმავლობაში ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი, შესაბამისად, მისი ჯამური დანაზოგი გაცილებით აღემატება დათოს მიერ საბოლოოდ მისაღებ დანაზოგს.
ნაბიჯი 4: განიხილეთ დაზოგვის შესაძლო ალტერნატივები და რისკები
ნაბიჯი 5: ეცადეთ შეცვალოთ ჩვევები, რომელიც იმპულსურ ხარჯვას უკავშირდება
ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, რომელშიც ხშირად რეკლამების და მარკეტინგული კამპანიების მსხვერპლი ვხვდებით. შედეგად ხშირად არასაჭირო ან იმპულსურ შენაძენს ვახორციელებთ. შეეცადეთ, შეამციროთ ასეთი დაუფიქრებელი შესყიდვები. ეს დაგეხმარებათ არამარტო ყოველთვიური არააუცილებელი ხარჯის შემცირებაში, არამედ შეცვლის თქვენს ჩვევას. ყოველი ახალი ხარჯის გაწევისას დაფიქრდით, ხომ არ ჯობია ამ თანხით გაზარდოთ თქვენი რომელიმე, მაგალითად, საპენსიო დანაზოგი.
ნაბიჯი 6: იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე
ნაბიჯი 7: არ დაგავიწყდეთ ინვესტირება თქვენს მომავალში
რაც უფრო ახალგაზრდა ხართ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ განვითარდეთ კარიერულად, მიიღოთ დამატებითი განათლება, დაიწყოთ თქვენი ბიზნესი. სწავლასა და განვითარებაში დაბანდებული ინვესტიცია აუცილებლად მოგიტანთ შედეგს. თქვენი შემოსავლის ზრდა კი შესაბამისად აისახება თქვენს საპენსიო დანაზოგზე. საპენსიო ასაკისთვის წინასწარ და დაგეგმილად მომზადება, ერთი მხრივ, საშუალებას მოგცემთ მშვიდად და სასიამოვნოდ გაატაროთ თქვენი ცხოვრების ეს ეტაპი, მეორე მხრივ კი, გარკვეული ჩვევების გამომუშავებას შეძლებთ - დაზოგვაზე მუდმივად ზრუნვით თქვენ უფრო მარტივად გაუმკლავდებით ცხოვრების მიმდინარე ეტაპს და მის სირთულეებსაც. და გახსოვდეთ - არასოდესაა გვიანი, დაიწყოთ ზრუნვა თქვენს მომავალზე.
მსგავსი თემები
- ქორწინების შემდეგ გასათვალისწინებელი ფინანსური რჩევები
- ახალ სამსახურთან დაკავშირებული ხარჯები
- როგორ შექმნათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
- რატომ უნდა დაზოგოთ თანხა?
- როცა შვილის სტუდენტობას გეგმავთ
- დაზოგვის ფორმალური მეთოდები
- როგორ დაზოგოთ ფული უსაფრთხოდ?
- როგორი ტიპის დეპოზიტები არსებობს?