მოგზაურობისთვის დიდი შემოსავალი სულაც არ არის აუცილებელი. შესაძლებელია წინასწარ დაგეგმვით, მოსალოდნელი ხარჯების განსაზღვრით და შედარებით ეკონომიური ვარიანტების არჩევით იმოგზაუროთ თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში და არც მინიმალურ კომფორტზე თქვათ უარი. გთავაზობთ რჩევებს, როგორ შეიძლება დაგეგმოთ მოგზაურობა ნაკლები ხარჯებით:
1. იმოგზაურეთ მაშინ, როდესაც სხვები არ მოგზაურობენ
როგორც წესი, თვითმფრინავის ბილეთებისა თუ სასტუმროების ფასი გაცილებით დაბალია მაშინ, როდესაც ფრენა აქტიურ სეზონში არ ხორციელდება. ფასი, ასევე, შედარებით ნაკლებია სამუშაო დღეებში, ვიდრე შაბათ-კვირას. შეეცადეთ, წინასწარვე ადევნოთ თვალი როგორც თვითმფრინავის ბილეთების, ისე სასტუმროების ფასების დინამიკას და ისეთ დროს დაჯავშნოთ, როდესაც ფასი უფრო ნაკლებია. ფრენების, ასევე სასტუმროების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ისეთ ვებგვერდებზე, როგორიცაა მაგალითად, Expedia.com ან Skyscanner.net, ასევე Booking.com.
2. ისარგებლეთ ბიუჯეტური ავიაკომპანიებით
ე.წ. ბიუჯეტური ავიაკომპანიები ჩვეულებრივ ავიაკომპანიებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ფასს გვთავაზობენ. დაბალი ფასი ბევრი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული და რა თქმა უნდა, ეს მგზავრების უსაფთხოების ხარჯზე არ ხდება. საქართველოში, ამჟამად, ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ოპერირებს და ფრენებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ბილეთების ფასები მუდმივად იცვლება, ამიტომ „ჩაუჯექით“ ავიაკომპანიების ვებგვერდებს, თვალი ადევნეთ ფასების ცვლილებას და მოგზაურობაც იმის მიხედვით დაგეგმეთ, თუ რომელ პერიოდში იქნება ბილეთი ყველაზე იაფი.
3. უარი თქვით ბარგზე
ბიუჯეტური ავიაკომპანიები ბარგზე დამატებით ფასს აწესებენ. თუ მინიმალურ ფასად ფრენა გსურთ, თუ ეს შესაძლებელია, თქვით ბარგზე უარი, და მხოლოდ უფასო ხელბარგი დაიტოვეთ.
4. დაზოგეთ აეროპორტიდან ტრანსფერზე
როდესაც უცხო ქალაქში ჩაფრინდებით, ერთი შეხედვით, უფრო მარტივია, ტაქსიში ჩაჯდეთ და მშვიდად მიხვიდეთ სასტუმრომდე. თუმცა, როგორც წესი, აეროპორტიდან ქალაქამდე ხშირად მოძრაობს მატარებელი, ავტობუსი, მეტრო და ა.შ. უმჯობესია, წინასწარ შეისწავლოთ აეროპორტიდან გადაადგილების გზები და დახარჯოთ გაცილებით ნაკლები საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაში, ვიდრე ტაქსში ან სასტუმროს/ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებულ ტრანსფერში დახარჯავდით.
5. შეარჩიეთ ბიუჯეტური ღამის გასათევი
სასტუმრო, ჰოსტელი, ბინის ქირაობა - დარჩენის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და მათი ფასებიც განსხვავებულია. სასტუმროს და ჰოსტელის ვარიანტები შეგიძლიათ წინასწარ დაათვალიეროთ მაგალითად, Booking.com-ზე ან hostelworl.com-ზე და თქვენთვის მისაღები დაჯავშნოთ, ბინებისთვის კი Airbnb.com-ს გადახედეთ. შესაძლებელია უფასოდ დარჩენაც, მაგალითად, Couchsurfing-ის მეშვეობით. ყოველთვის გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს, რათა დარწმუნდეთ, რომ განცხადებებში მოცემული პირობები შეესაბამება რეალობას.
6. წინასწარ იზრუნეთ ქალაქთაშორის გადაადგილებაზე
თუ სხვა ქალაქებში ან სხვა ქვეყნებში გადასვლასაც გეგმავთ, არსებობს როგორც რეგიონალური, ისე საერთაშორისო მატარებლები და ავტობუსები. უმჯობესია, თუ მათ ფასებს წინასწარ გაეცნობით და ბილეთებსაც წინასწარ, ონლაინ იყიდით. თუ რამდენიმე მეგობარი მოგზაურობთ, შეიძლება მანქანის ქირაობა უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ მანქანის ქირაობის, დაზღვევის, საწვავის, პარკინგის და გზებზე გადასახადის ხარჯები.
7. ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
ქალაქში გადასაადგილებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტი შედარებით იაფი საშუალებაა. როგორც წესი, ერთჯერადი ბილეთები უფრო ძვირი ღირს, ამიტომ უმჯობესია, თუ ისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე დღიანი აბონემენტით. ასევე შესაძლებელია ველოსიპედის ქირაობა, ან უბრალოდ, ფეხით სიარული.
8. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია სანახავი ადგილების შესახებ
წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია იმ ღირსშესანიშნაობების, მუზეუმების, პარკების, ატრაქციონებისა თუ სხვა ადგილების შესახებ, რაც აუცილებლად სანახავია და სადაც შესაძლებელია, წინასწარ იყიდეთ ბილეთები ონლაინ. ასე არა მხოლოდ თანხას დაზოგავთ, არამედ, დღის დაგეგმვაშიც დაგეხმარებათ და ყველაზე მოთხოვნად სანახაობებზე ვიზიტის საშუალებას მოგცემთ, რადგან, ადგილზე ყიდვისას, ხშირად რიგებია ან ბილეთები სულაც ხელმიუწვდომელი შეიძლება აღმოჩნდეს.
9. გაიგეთ, მოქმედებს თუ არა სტუდენტური ფასდაკლება, სხვა შეღავათები ან უფასო დღეები
ბევრი მუზეუმი სტუდენტებსა და 26 წლამდე პირებს ფასდაკლებას სთავაზობს, ამიტომ თუ სტუდენტი ხართ, იქონიეთ ამ სტატუსის დამადასტურებელი საბუთი ან პასპორტი. ასევე, ზოგიერთი მუზეუმი მნახველების მიღების უფასო დღეებსაც აწესებს . წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია ამის შესახებ და თუ შესაძლებელია, თქვენი ვიზიტი ასეთ დღეს დაამთხვიეთ.
10. კვებისას გამოიყენეთ 1-2-ის წესი
ეს ნიშნავს ერთ „ხელგაშლილ“ სადილზე ორ ეკონომიურ კვებას. ეს წესი დაგეხმარებათ გარკვეული თანხის დაზოგვაში ისე, რომ უარი არ თქვათ ადგილობრივი სამზარეულოს შედევრებზე. ასევე, კარგი იქნება მოიძიოთ მომხმარებელთა შეფასებები საკვები ობიექტების შესახებ, მაგალითად, Google-ს შეფასებებით ან Tripadvisor-ზე. ეს დაგეხმარებათ კარგი საჭმელის აღმოჩენაში თქვენთვის მისაღებ ფასად.
11. იყიდეთ ვალუტა ნაკლები დანახარჯებით
გადაამოწმეთ, რა ვალუტა გჭირდებათ თქვენს სამოგზაურო ქვეყანაში, შეგიძლიათ ამ ვალუტის ყიდვა ადგილზე, თუ უმჯობესია მისი აქვე წინასწარ შეძენა. შეადარეთ ერთმანეთს კურსები. ასევე, ადგილობრივად ვალუტის კონვერტაციისას დააკვირდით, ხომ არ მოქმედებს საკომისიო. ხშირად, იქ სადაც ერთი შეხედვით კარგი კურსია, შესაძლოა მაღალი საკომისიოც მოქმედებდეს.
12. თუ შოპინგს აპირებთ, ისარგებლეთ Tax Free-ით
Tax Free ნიშნავს თქვენს მიერ უცხო ქვეყანაში შეძენილ საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის უკან დაბრუნებას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ ვაჭრობთ, ინახავთ ქვითრებს, ავსებთ სპეციალურ ფორმას და აეროპორტში იბრუნებთ გადახდილი თანხის გარკვეულ პროცენტს. შეამოწმეთ, მოქმედებს თუ არა ამ ქვეყანაში, ან მოცემულ სავაჭრო ობიექტში Tax Free რეჟიმი, ამასთან დააზუსტეთ მისი პირობებიც.
13. გაეცანით სხვების გამოცდილებას
დაბოლოს, ყოველთვის კარგია გაეცნოთ სხვების გამოცდილებას, იქნება ეს თქვენი მეგობრები თუ უცხო ადამიანები, რომლებიც სოციალური ქსელებით ან სხვა პლატფორმების საშუალებით წერენ თავიანთი გამოცდილების შესახებ ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობისას.