რა არის ფულადი გზავნილი?
შეგვიძლია თუ არა თანხის გადარიცხვა, თუ არ ვიცით მიმღების ანგარიშის ნომერი? გადარიცხვის შესრულება მომხმარებელს იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ მიმღების ანგარიშის რეკვიზიტები მისთვის უცნობია ან ამ ოპერაციის შესრულება ანგარიშის გაუხსნელად სურს. ამ შემთხვებისთვის შემუშავებულია ფულადი გზავნილების სისტემები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ამ ტიპის გადარიცხვის განხორციელება. დღესდღეობით გამოიყენება ფულადი გზავნილების არაერთი სისტემა.
ფულადი გზავნილი - ეს არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ სასურველი თანხა მესამე პირს საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე გაუგზავნოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, პრაქტიკულად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ფულადი გზავნილით სარგებლობისას საჭიროა სხვადასხვა მონაცემის დაფიქსირება, როგორც წესი მიმღების პირადი მონაცემები: სახელი და გვარი, შესაძლოა, დამატებით პირადი საიდენტიფიკაციო თუ საკონტაქტო ნომრის მითითებაც მოითხოვებოდეს. გზავნილის განხორცილებისას, თოთოეულ მათგანს ენიჭება უნიკალური კოდი, რომელითაც ხდება განაღდებისას მისი იდენტიფიცირება.
საქართველოში ფულადი გზავნილების მიღება შეგიძლიათ როგორც ბანკებში, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელ სხვა დაწესებულებებში. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების რეგისტრაციას და მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მახასიათებლები
საკომისიო
გზავნილს აქვს მომსახურების საკომისიო, რომელსაც იხდის თანხის გამგზავნი ან მიმღები.
კოდი
გზავნილს ბანკი ანიჭებს გზავნილის კოდს, ანუ უნიკალურ ნომერს, რომელიც საჭიროა მისი განაღდებისთვის და რომელიც მისი მთავარი საიდენტიფიკაციო მონაცემია.
განაღდების ადგილი
გზავნილის განაღდება შესაძლებელია როგორც ოპერატორთან, ასევე ავტომატური გადახდების აპარატებისა და ბანკომატების საშუალებით. გზავნილის განხორციელება ან მიღება შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, მაგალითად, ინტერნეტბანკის მეშვეობით, ასევე, ფილიალში ვიზიტით.
თანხის ლიმიტები
შეიძლება არსებობდეს გზავნილით გასაგზავნი თანხის მინიმალურ და მაქსიმალურ მოცულობა
გაგზავნისას საჭირო ინფორმაცია
ფულადი გზავნილის განსახორციელებლად, როგორც წესი, მოითხოვება სხვადასხვა ინფორმაცია, მაგალითად:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მიმღების პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;
- სხვა (მაგალითად, საკონტაქტო ნომერი).
მიღებისას საჭირო ინფორმაცია
თანხის მიმღებმა საჭიროა:
- წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- წარადგინოს თანხის გამომგზავნის მონაცემები;
- დაასახელოს გამოგზავნილი თანხის ოდენობა და ვალუტა;
- წარადგინოს გზავნილის მისაღებად საჭირო კოდი.
ფულადი გზავნილის განხორციელების პირობები
ფულადი გზავნილის განხორცილება შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტაში, სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებს შორის. ის, თუ რა პირობებით შეგიძლიათ ფულის გაგზავნა საჭიროა გზავნილის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან, კონკრეტული გზავნილის მიხედვით დააზუსტოთ. სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით თანხის მიღება უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვების განხორციელებით. როგორც წესი, ფულადი გზავნილის გაუქმება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მიმღებს ის ჯერ არ გაუნაღდებია.
ფულადი გზავნილის განხორციელებისას თანხის გაგზავნის საკომისიოს იხდის თანხის გამგზავნი ან მიმღებები, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს თანხის გამგზავნი. თუ გზავნილის საერთაშორისოა და მის განაღდებას გადავწყვეტთ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ ნებისმიერ პირთან, თანხის მიღებისას შესაძლოა დამატებითი საკომისიო დაგვაკისრონ გზავნილთან დაკავშირებული სხვა ოპერაციის შესრულებისთვის. მაგალითად, თანხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის სერვისით სარგებლობისას მისი განააღდებისათვის ან გზავნილის კონვერტაციისთვის. იმისთვის, რომ ფულადი გზავნილის განაღდება მინიმალური დანახარჯით შევძლოთ, საჭიროა სხვადასხვა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ შემოთავაზებული პირობები ერთმანეთს შევადაროთ, დავითვალოთ გზავნილის გაგზავნის, მიღების და ორგანიზაციის მომსახურების ხარჯები.
ფულადი გზავნილებით სარგებლობისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია
უსაფრთხოების წესების დაცვა
გზავნილის განხორციელებისას უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები მაგალითად:
- გზავნილის ონლაინ განხორცილებისას საჭიროა დაიცვათ ონლაინ ოპერაციების უსაფრთხოების წესები. კერძოდ, ინტერნეტტრანზაქციები დაცულ ვებგვერდებზე განახორციელოთ, სადაც ვებგვერდის მისამართი იწყება https://-ით ან shttp:// და არა http://-ით;
- გზავნილის კოდის გადაცემისას, ინფორმაცია მხოლოდ მიმღებს მიაწოდეთ.
ფულადი გზავნილის სისტემის არჩევა
ფულადი გზავნილის სისტემის არჩევისას უნდა დააზუსტოთ, ფუნქციონირებს თუ არა გზავნილის ეს კონკრეტული სისტემა იმ ქვეყანაში/ქალაქში, სადაც გსურთ თანხის გადაგზავნა.
გზავნილის შესრულების დრო
მნიშვნელოვანია დააზუსტოთ გზავნილის შესრულების დრო - რამდენად სწრაფად მიიღებს ადრესატი თქვენ მიერ გაგზავნილ თანხას.