სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფინანსური ორგანიზაცია მეწარმესთან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია სესხის ოდენობის, საპროცენტო განაკვეთის, მხარეების უფლებებისა და ვალდებულებების და სხვა პირობების შესახებ.
სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდეთ, სთხოვეთ ფინანსურ ორგანიზაციას, გადმოგცეთ ხელშეკრულების ნიმუში, რომლის პირობებსაც აუცილებლად დაწვრილებით უნდა გაეცნოთ. ეს ნიმუში შეგიძლიათ თან წაიღოთ, მშვიდად წაიკითხოთ და, თუ საჭიროდ ჩათვლით, იურისტთანაც განიხილოთ.ხელშეკრულების წაკითხვისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ინფორმაციას:
- სესხის თანხა;
- სესხის ვადა;
- სესხის ვალუტა;
- საპროცენტო განაკვეთის ტიპი (ფიქსირებული თუ ცვლადი);
- ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ;
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
- სხვადასხვა საკომისიო (მაგ., სესხის გაცემის საკომისიო);
- შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები;
- სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯები;
- პრეტენზიის დაფიქსირების ფორმები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი.
მას შემდეგ, რაც გულდასმით გაეცნობით ხელშეკრულებას, არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა, თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებით და სთხოვეთ ფინანსური ორგანიზაციის თანამშრომელს მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია:
- რა ინფორმაციას მოიცავს ხელშეკრულების თავსართი?
- რა საკომისიოები ახლავს თან სესხის აღებას?
- სესხის აღება რა ვალუტით არის ჩემი ბიზნესისათვის უფრო ხელსაყრელი და რატომ?
- რა რისკები შეიძლება ახლდეს უცხოური ვალუტით სესხის აღებას?
- შესაძლებელია თუ არა უცხოური ვალუტით აღებული სესხის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში?
- რა მოხდება თუ დავარღვევ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს, მაგალითად, თუ აღებულ კრედიტს არამიზნობრივად გამოვიყენებ?
- შესაძლებელია თუ არა, რომ სესხი დავფარო წინსწრებით და რა საკომისიო დამეკისრება ამ შემთხვევაში?
- შეიძლება სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო განსხვავებული იყოს იმის მიხედვით, იმავე საფინანსო ინსტიტუტიდან აღებული ახალი სესხით ვფარავ ძველ სესხს თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან აღებული ახალი სესხით?
- რა იყო სესხის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიზეზი?
- შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე მოვითხოვო დამტკიცებული სესხის პირობების, მაგალითად, ვადის ან ვალუტის ცვლილება?
- საჭიროების შემთხვევაში, შემიძლია თუ არა წარმოვადგინო პრეტენზია ფინანსური ინსტიტუტის მიმართ და რა ვადაში მოხდება ჩემი პრეტენზიის განხილვა?
- სესხის დამტკიცების შემთხვევაში, რა ვადას მომცემს ფინანსური ინსტიტუტი მის ასათვისებლად/გასახარჯად?
- აქვს თუ არა ფინანსურ ინსტიტუტს ყველა ის სასესხო და საოპერაციო პროდუქტი, რომელიც ჩემს ბიზნესს სჭირდება?
- არის თუ არა ფინანსური ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული სასესხო პროდუქტი ყველაზე მეტად მორგებული ჩემი ბიზნესის საჭიროებებზე (მათ შორის, შემოსავლების სეზონურობაზე)? თუ არსებობს სხვა პროდუქტი, რომელიც უკეთესად დააკმაყოფილებდა ჩემი ბიზნესის მოთხოვნებს?
- რა მოცულობის ვალდებულების აღება შემიძლია არსებული ფინანსური მონაცემებისა და წარმოდგენილი უზრუნველყოფის პირობებში?
- სესხის აღების შემდეგ შესაძლებელია, რომ კვლავ მქონდეს კომუნიკაცია ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელთან საჭირო კონსულტაციის მიღების მიზნით?
- როგორ უნდა მოვიქცე, თუ ვატყობ, რომ ბიზნესში შექმნილი სირთულეების გამო ვეღარ შევძლებ ფინანსური ინსტიტუტისგან აღებული ვალდებულების წინასწარ შეთანხმებულ ვადებში დაფარვას?
- რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ჩემი ვალდებულების რესტრუქტურიზაცია?
- ვადაგადაცილების შემთხვევაში რა მოცულობის პირგასამტეხლო მექნება გადასახდელი?
- რა ინფორმაცია გადაეცემა საკრედიტო ბიუროს ერთიან მონაცემთა ბაზას ჩემი სესხის შესახებ?
- რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სესხის დაფარვა თავდების ანგარიშიდან?
- რა შემთხვევაში აქვს ფინანსურ ორგანიზაციას ჩემი სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების რეალიზაციის უფლება?
- აქვს თუ არა ფინანსურ ორგანიზაციას ხელშეკრულების რომელიმე პირობის ცალმხრივად შეცვლის უფლება? ასეთ შემთხვევაში რა გზით მოხდება ჩემი ინფორმირება?
- ვის და რა შემთხვევაში შეიძლება გადასცეს ფინანსურმა ინსტიტუტმა ჩემი პერსონალური და კონფიდენციალური მონაცემები?
- შესაძლებელია თუ არა ჩემი ბიზნესსესხის დაზღვევა? თუ კი, რა არჩევანი მაქვს სადაზღვევო პირობების კუთხით?
- რამდენად იქნება დაცული ჩემ მიერ წარმოდგენილი ბიზნესიდეის კონფიდენციალურობა?