რა მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებები?
უძრავი თუ მოძრავი ნივთების უზრუნველყოფაში წარმოდგენის შემთხვევაში, შესაბამისად, იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულება ფორმდება. ხელშეკრულების დეტალები სესხის პირობებისა და სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკის მიხედვით განსხვავდება. ქვემოთ ამგვარი ხელშეკრულებების იმ პუნქტებზე მოგაწვდით ინფორმაციას, რომლის გაცნობაც განსაკუთრებით საყურადღებოა:
ხელშეკრულების მხარეები
ხელშეკრულება მოიცავს ქონების მესაკუთრისა და იმ კრედიტორის მონაცემებს, ვის სასარგებლოდაც დაიტვირთა ქონება იპოთეკით/გირავნობით. შესაბამისად, თუ ქონების მესაკუთრე მესამე პირია, უშუალოდ მსესხებელი ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე არ იქნება.
ხელშეკრულების საგანი
იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებები ყოველთვის განსაზღვრავს თუ რა ვალდებულებას უზრუნველყოფს კონკრეტული ხელშეკრულება. აქვე ფიქსირდება აღნიშნული ხელშეკრულება გენერალურ ხელშეკრულებას უზრუნველყოფს თუ მხოლოდ კონკრეტულ საკრედიტო ხელშეკრულებას. თავდებობის მსგავსად, იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებაც შესაძლოა არა კონკრეტულ სესხზე, არამედ გენერალურ ხელშეკრულებაზე გაფორმდეს. შესაბამისად, იპოთეკის/გირავნობის საგნით ხდება ამ ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში შემდგომში გაცემული ყველა სესხის უზრუნველყოფაც.
მხარეთა უფლება-მოვალეობები
ის თუ რა უფლებები გაგაჩნიათ და რა ვალდებულებებს კისრულობთ ხელშეკრულებით, დეტალურად მოცემულია მის შესაბამის პუნქტებში. ამ პუნქტებში გაეცნობით იპოთეკის/გირავნობის საგნის გასხვისების ან საკუთრების უფლების ცვლილების პირობებს. აქვე მოცემულია იპოთეკის საგნის განკარგვასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები და სხვა მსგავსი ინფორმაცია, ზოგჯერ, ასევე, დაზღვევის ან ქონების მოვლასთან დაკავშირებული სხვა სპეციფიკური მოთხოვნებიც.
რატომ არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დეტალურად გაცნობა?
როდესაც ამა თუ იმ ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას გადაწყვეტთ, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ სესხის გადაუხდელობის შემთხევაში დგება კრედიტორის მხრიდან ვალდებულების დაფარვის მიზნით ქონების რეალიზაციის რისკი. ასე, რომ ყველა შესაძლო რისკის წინასწარ გასააზრებლად და დასაბალანსებლად, აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს. უნდა გახსოვდეთ, რომ ხელშეკრულების პირობებზე ხელმოწერით, კრედიტორს ეთანხმებით ყველა იმ პირობაზე, რაც მოცემულია ხელშეკრულებაში. ამიტომ, დეტალურად უნდა წაიკითხოთ ხელშეკრულების ყველა პუნქტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროთ მას ხელი.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა, საერთოდ, ღირს თუ არა ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღება? ამ კითხვაზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ როგორც შესაძლებლობები, ასევე რისკებიც. უზრუნველყოფის წარდგენით, თავისთავად იღებთ იმის რისკს, რომ თუ არ ან ვერ დაფარავთ სასესხო ვალდებულებას, ის უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის შედეგად დაიფარება. თუმცა, როგორც წესი, უზრუნველყოფილი სესხის საპროცენტო განაკვეთი არაუზრუნველყოფილთან შედარებით უფრო დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სესხების გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ (სწორად შეაფასეთ თქვენი გადახდისუნარიანობა, სწორად განსაზღვრეთ რისკები და დაეყრდენით მუდმივ შემოსავალს), უზრუნველყოფილი სესხის აღებით შეგიძლიათ უფრო შეღავათიანი, ანუ თქვენთვის უფრო ხელსაყრელი პირობით ისარგებლოთ.