კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა უნდა გავითვალისწინოთ აქციებში ინვესტირებამდე?

მაღალი შემოსავლები თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. აქცია წარმოადგენს რისკიან აქტივს, რომელსაც მაღალი ზრდის პოტენციალთან ერთად თან ახლავს მაღალი შესაძლო ზარალის პოტენციალიც. ამისი კარგი მაგალითია, 2000-იანი წლების დასაწყისში,ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ენერგო სექტორში - ენრონი (Enron), რომლის აქციის ფასი 2000 წელს (როდესაც ყველაზე მაღალი იყო აქციის ფასი) 90 აშშ დოლარამდე აღწევდა, ხოლო 2001 წლის ოქტომბერში 0.26 ცენტამდე დაეცა და კომპანია გაკოტრდა. მათ, ვისაც მთელი თავისი კაპიტალი აღნიშნული კომპანიის აქციებში ჰქონდათ ინვესტირებული, ყველაფერი დაკარგეს. 

აქციებში ინვესტირებამდე საჭიროა ინფორმაციის მოძიება სად და როგორ არის შესაძლებელი აქციების შეძენა, რა საკომისიოებთან არის დაკავშირებული აქციების ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანია შეფასდეს როგორც კომპანიის მიმდინარე ფინანსური მაჩვენებლები, ისე მისი სამომავლო პერსპექტივა იმის გათვალისწინებით, თუ რა პროდუქტს აწარმოებს ან რის წარმოებას აპირებს, სად ყიდის და სად აპირებს მომავალში გაფართოებას, რამდენად მზარდ ინდუსტრიაშია და ა.შ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ განსაზღვროთ ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, იმისთვის რომ მისი აქციები შეიძინოთ. ეს მოთხოვნები შესაძლოა იყოს ინდუსტრია, ფინანსური მაჩვენებლები, კომპანიის ზომა, დივიდენდის მოცულობა და სხვა კომპონენტები, რაც საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენს მიზნებსა და ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული კომპანიების აქციები. მოთხოვნების წინასწარ განსაზღვრით თქვენ შეძლებთ ათასობით კომპანიის აქციიდან გაფილტროთ და ამოარჩიოთ საუკეთესო (თქვენი კრიტერიუმებით) კომპანიები, რაც წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.