კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მომხმარებლების უფლებები და პასუხისმგებლობა

საკუთარი უფლებების დაცვის და ყველაზე ხელსაყრელი შედეგების მიღწევის საუკეთესო საშუალება ინფორმირებულობაა. ამიტომ იცოდეთ საკუთარი უფლებები და გახსოვდეთ, რომ იმავდროულად გაგაჩნიათ პასუხისმგებლობები.

სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით მზღვეველის დროულად ინფორმირების პასუხისმგებლობა

თუ ისეთი მოვლენა მოხდა, რომელსაც მოიცავს სადაზღვევო პოლისი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მზღვეველს. ყველა სადაზღვევო ორგანიზაციას   ინდივიდუალურად აქვს დადგენილი შეტყობინების ვადები და ფორმა, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაციას უფლება ექნება, უარი თქვას თანხის ანაზღაურებაზე. 

სადაზღვევო ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცედურების დაცვის პასუხისმგებლობა

გადაამოწმეთ, რაიმე პროცედურა ხომ არ არის, რომელსაც უნდა მიჰყვეთ სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობისას, თუ არ ხართ დარწმუნებული ან საკითხის დაზუსტება გსურთ, დაუსვით კითხვა მზღვეველს.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მისამართი: ლევან მიქელაძის ქ. #3;
  • ტელ: +995 32 223 44 10;
  • ელ-ფოსტა: info@insurance.gov.ge

პრეტენზიის წარდგენის უფლება

თუ მიგაჩნიათ, რომ მზღვეველი არღვევს თქვენს უფლებებს ან არაკეთილსინდისიერად იქცევა - შეგიძლიათ წარადგინოთ პრეტენზია.

პრეტენზიის დაფიქსირება შეგიძლიათ:

  • მზღვეველის სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულში. პრეტენზიის წარდგენის წესი და მისი განხილვის ვადა მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში;
  • საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში.  

დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების ცვლილების უფლება

დისტანციურად დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ შეთანხმებული დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების ცვლილება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას ან/და სადაზღვევო პროდუქტის ბუნებას. 

სადაზღვევო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

თქვენ მიერ სადაზღვევო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მზღვეველმა ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე, გონივრულ ვადაში უნდა მოგაწოდოთ დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.  

სადაზღვევო დოკუმენტაციის ასლების მოთხოვნის უფლება

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში (მათ შორის დისტანციურად დადებული ხელშეკრულების დროს), მზღვეველი ვალდებულია გონივრულ ვადაში, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე, მატერიალური ფორმით, მოგაწოდოთ დაზღვევის პირობებთან დაკავშირებული ყველა თანხმლები დოკუმენტის (დაზღვევის ხელშეკრულება, დაზღვევის პოლისი, დანართები და დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია) ასლი.