ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები სხვა ნორმატიულ დოკუმენტებთან ერთად ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსით (შემდგომში - ეთიკის კოდექსი) რეგულირდება, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით შემუშავდა და მოქმედია 2022 წლის 1-ლი მარტიდან.
ეთიკის კოდექსი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და მიზნად თქვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და სექტორში გაუმჯობესებული პრაქტიკის დანერგვას ისახავს.
ეთიკის კოდექსი ფინანსურ ორგანიზაციებს, კრედიტის ამოღების მიზნით კრედიტთან დაკავშირებულ და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციისას კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ავალდებულებს.
ეთიკის კოდექსით მოწესრიგებული და განისაზღვრულია ფინანსური ორგანიზაციის მიერ შესასრულებელი მთელი რიგი ვალდებულებები, კერძოდ:
მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის, საქმიანი და ზრდილობიანი ფორმით ურთიერთობის ვალდებულება
ფინანსურ ორგანიზაციას მსესხებლებსა და მათ საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის დროს ეკრძალება შეცდომაში შემყვანი თუ არასწორი ინფორმაციის მიწოდება. მიწოდებული, მისაწოდებელი და/ან არასრულად მიწოდებული ინფორმაცია აღნიშნულ პირებს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც ისინი არ მიიღებდნენ უტყუარი, სწორი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
თუ ვალდებულებაზე მოთხოვნა სასამართლოს მიერ მიჩნეულია ხანდაზმულად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნულზე ინფორმაცია მიაწოდოს კრედიტთან დაკავშირებულ პირებს.
მომხმარებლებსა და მათ საკონტაქტო პირებთან დაკავშირების წესი
კოდექსის მიხედვით დადგენილია მომხმარებლებთან და საკონტაქტო პირებთან დაკავშირების წესები და ამისათვის განისაზღვრულია ორი ტიპის საკონტაქტო პირი, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მიზნით.
კერძოდ, თუ ვერ ხერხდება მომხმარებლებთან დაკავშირება, მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანუ უშუალოდ მსესხებლის მიერ განსაზღვრულ პირებთან დაკავშირება შესაძლებელია მომხმარებლისთვის ვალდებულების შესახებ ინფორმაციის გადაცემის მიზნით, ხოლო ნებისმიერ მესამე პირთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ მსესხებლის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
მომხმარებელთან დაკავშირების დრო
მომხმარებლებთან და მათ საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციისთვის განისაზღვრულია დღის კონკრეტული მონაკვეთი, კერძოდ, 09:00 - 20:00 სთ.
გახსოვდეთ, თუ ფინანსური ორგანიზაცია გიკავშირდებათ სხვა პირის ვალდებულებაზე ან მისი ადგილმდებარეობის მოსაძიებლად და ამავდროულად, თქვენ არ წარმოადგენთ ხელშეკრულების მონაწილე მხარეს (თავდები/ქონების მესაკუთრე და სხვა), თქვენ უფლება გაქვთ, ფინანსურ ორგანიზაციას თქვენთან კომუნიკაციის შეწყვეტა მოსთხოვოთ. კრედიტორი კი ვალდებულია, თქვენი მოთხოვნა გაითვალისწინოს.
კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები
განისაზღვრულია ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლებსა და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოებისა და ორი თვის ვადით შენახვის ვალდებულება. კერძოდ, თუ მომხმარებლებთან ურთიერთობა მიმდინარეობს დისტანციურად (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) აღნიშნული კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა შეინახოს ორი თვის ვადით. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ადგილზე ვიზიტის ამსახველ კომუნიკაციაზე, ასევე თუ მომხმარებელმა და საკონტაქტო პირებმა უარი თქვეს ჩანაწერის წარმოებაზე. ასეთ შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება აღნიშნული უარის თქმის დამადასტურებელი ინფორმაცია შეინახოს ორი თვის ვადით.
კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების შენახვის ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს ეკისრებათ 2022 წლის 1-ლი ივნისის შემდეგ.
ფინანსური ორგანიზაციის მიერ საკრედიტო პორტფელის გასხვისება
საკრედიტო პორტფელის გასხვისება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა (თუ იურიდიული პირი თანხმობას გაგაცხადებს კრედიტის არაფინანსუ ორგანიზაციაზე გასხვისებაზე) დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებულ სუბიექტებზე. ამასთან, თუ საკრედიტო პორტფელი არ გასხვისებულა, თუმცა მას მართავს ისეთი პირი, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული სუბიექტი, კოდექსის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება, უშუალოდ კრედიტორს, რომლის საკუთრებაშიც არის კრედიტი.
ადგილზე ვიზიტი
ფინანსურ ორგანიზაციებს კოდექსის მიხედვით ეზღუდებათ მომხმარებლის ან მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში ვიზიტი მათს საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის ან/და რეალიზაციის მიზნით, თუ აღნიშნული ქმედების უფლებამოსილება არ აქვთ კანონმდებლობით მინიჭებული.
ეთიკის კოდექსის გავრცელების არეალი და ძალაში შესვლის თარიღი
ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვა ევალებათ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.
ეთიკის კოდექსის ძირითადი მოთხოვნები მოქმედია 2022 წლის 1 მარტიდან, ხოლო მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოების ვალდებულება - 2022 წლის 1 ივნისიდან.
დამატებითი ინფორმაცია
ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის, ასევე, ფინანსურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზის ნომერზე - 0322 406 406.