თუ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მაგალითად, თქვენი შემოსავალის მიღების თარიღმა გადაიწია, ან მიმდინარე თვეში გაუთვალისწინებელი გადაუდებელი ხარჯის გაწევა მოგიწიათ, სესხის გადახდის დღეს საკმარისი თანხა არ აღმოგაჩნდათ და სესხის შენატანის გადახდას ვერ ახერხებთ, როგორც წესი, ამას მოჰყვება:
პირგასამტეხლოს დარიცხვა
სესხზე შენატანების ვადაგაცილებისას, როგორც წესი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოები. მათი მოცულობა და დაანგარიშების პრინციპი დგინდება საკრედიტო ხელშეკრულებით, თუმცა, არსებობს ამ პირგასამტეხლოს კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტებიც.
შეტყობინება სესხის გამცემი ორგანიზაციისგან
სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან სესხზე შენატანის ვადის გადაცილებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში მსესხებელს ვადაგადაცილების შესახებ შეატყობინონ, თუ ამ პერიოდში სრულად არ იქნა დაფარული დავალიანება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენთან დაკავშირება თქვენივე მიზეზით ვერ მოხერხდა (არ უპასუხეთ ზარს, საკონტაქტო ინფორმაცია შეცვალეთ და ამის შესახებ სესხის გამცემისათვის არ გიცნობებიათ), გამსესხებლის მხრიდან თქვენთვის შეტყობინების ვალდებულება დარღვეულად არ ითვლება.
თავდების ინფორმირება
თუ სესხებისას წარადგინეთ თავდები, სესხზე ვადაგადაცილების შემთხვევაში, სესხის გამცემი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს თავდების ინფორმირება ვადაგადაცილების შესახებ. გარდა ამისა, სესხის გამცემს უფლება აქვს თავდების ანგარიშზე თანხის არსებობისას, მისი თანხმობის გარეშე, თანხები მიმართოს თქვენ მიერ აღებულ სესხზე.
ვადაგადაცილების დაფარვა თქვენი სხვა ანგარიშიდან
სასესხო ხელშეკრულება ხშირად ითვალისწინებს სესხის დაფარვის სხვა პირობებსაც. მათ შორის შეიძლება იყოს ვადაგადაცილების შემთხვევაში სხვა, მათ შორის შესაძლოა სადეპოზიტო ანგარიშიდან, თქვენი თანხმობის გარეშე, სესხის დაფარვის უფლებაც. აღნიშნული პირობის გადამოწმება შეგიძლიათ სესხის გამცემთან და სასესხო ხელშეკრულებაში.
თქვენი საკრედიტო რეიტინგის ცვლილება
როდესაც საკრედიტო პროდუქტს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ორგანიზაციისგან იღებთ, თქვენ მიერ აღებული სესხის მონაცემები საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიეწოდება. ამასთან, ბიუროს სესხის დაფარვის ისტორიის შესახებაც გადაეცემა ინფორმაცია. ამ მონაცემების საფუძველზე იქმნება საკრედიტო რეიტინგი. საკრედიტო რეიტინგი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომელზე დაყრდნობითაც კრედიტორები აფასებენ მომხმარებლის რისკიანობის დონეს. კარგი საკრედიტო ისტორია საკრედიტო პროდუქტებზე უფრო მარტივად და უფრო ხელსაყრელი პირობებით წვდომის ერთ-ერთი წინაპირობაა. ხანმოკლე ვადაგადაცილება თქვენს საკრედიტო რეიტინგზე გავლენას არ მოახდენს. თუმცა, გადახდის გრაფიკის დარღვევა ისახება საკრედიტო ბიუროს ბაზაში და ახალი სესხის აღებისას შეიძლება სესხის გამცემს კითხვები გაუჩინოს თქვენს გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, თქვენი სესხის შესახებ ჩანაწერი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში რჩება მისი დაფარვიდან ან ჩამოწერიდან ან ხანდაზმულად აღიარებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში. იქამდე კი არსებული ვადაგადაცილებული სესხის შესახებ ინფორმაცია კრედიტორებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია - რაც იმას ნიშნავს, რომ ვადაგადაცილების აღმოფხვრამდე სესხის აღების შესაძლებლობას მცირდება.
მსგავსი თემები
- რას ემსახურება საკრედიტო რეპორტის არსებობა?
- ვის აქვს თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის უფლება?
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს საკრედიტო რეპორტში უზუსტობაა?
- როგორ შეგიძლიათ მართოთ სესხის გადახდის პრობლემა
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- სესხის გადახდა და გრაფიკი
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?