ბანკომატით სარგებლობა
თუ პროდუქტის ან მომსახურების ღირებულების გადახდისთვის, მეგობრისთვის სასესხებლად ან ნებისმიერი სხვა მიზნით ნაღდი ფული დაგჭირდათ, მარტივად შეგიძლიათ ბანკომატთან შეჩერდეთ და საგადახდო ბარათის გამოყენებით ანგარიშზე არსებული, საკრედიტო ლიმიტით დაშვებული და / ან საბარათე არსებული სასურველი თანხა მიიღოთ.
ბანკომატი - ეს არის ერთგვარი სალარო-ავტომატი, რომლითაც მარტივი საბანკო ოპერაციები სრულდება, ძირითადად, საბანკო ბარათის გამოყენებით.
ყველაზე გავრცელებული საბანკო ოპერაციები, რომლის შესრულებაც ბანკომატითაა შესაძლებელი, ბარათზე მიბმული ანგარიშიდან თანხის განაღდება და ანგარიშზე არსებული ნაშთის ანუ ბალანსის შემოწმებაა. თუმცა, ფუნქციურად მეტად დატვირთული ბანკომატებით, ასევე, შესაძლებელია ანგარიშზე თანხის შეტანა, ფულადი გზავნილების მიღება, სესხის აღება და სხვა საბანკო ოპერაციის შესრულება.
ბანკომატის ნაწილები
ეკრანი
ბანკომატს აქვს ეკრანი, სადაც მომხმარებელს შეუძლია წაიკითხოს შესასრულებელი ტრანზაქციის დეტალები, აირჩიოს, თუ რა ოპერაციის შესრულება სურს, გაეცნოს იმ საბანკო პროდუქტის პირობებს, რომლის მიღებაც ბანკომატით შეუძლია და სხვა.
ეკრანის ღილაკები
ღილაკები, რომელიც კლავიატურისგან განსხვავებით, განთავსებულია მთავარი ეკრანის გვერდებზე და ძირითადად გამოიყენება ეკრანზე გამოსული ოპერაციის დასადასტურებლად. მაგალითად, როდესაც ირჩევთ ოპერაციის ვალუტას, შესაბამისი ჩამონათვალი ჩნდება ეკრანის ღილაკების გასწვრივ და მათზე დაჭერით შეგიძლიათ გააკეთოთ სასურველი არჩევანი.
თანხის გაცემის და თანხის შესატანი ჭრილები
ზოგი ბანკომატი აღჭურვილია არა მხოლოდ თანხის გაცემის, არამედ თანხის მიღების ფუნქციითაც. ამ ტიპის ბანკომატებს აქვთ თანხის მიმღები ჭრილიც.
ხმის სისტემა
ბანკომატების უმრავლესობა აღჭურვილია ხმის სისტემით, საიდანაც შეგიძლიათ მოისმინოთ როგორც ბანკომატის გამოყენებისას არსებული მექანიკური ღილაკების ხმა, ასევე შეძლებთ მოისმინოთ ოპერაციის ხმოვანი განმარტება, თუკი ბანკომატს ამის ფუნქცია აქვს.
ბარათის წამკითხველი
ბანკომატის ეს ნაწილი საგადახდო ბარათის ჩიპიდან ან ბარათის მფლობელის შესახებ ბარათის მაგნიტურ ზოლზე განთავსებულ ინფორმაციას კითხულობს. ბანკომატებზე ბარათის წამკითხველი შესაძლოა შეგხვდეთ ჭრილის სახით, სადაც ათავსებთ თქვენს ბარათს, ან უკონტაქტო წამკითხველის სახით, სადაც მონაცემების წასაკითხად საკმარისია მასთან ბარათის მიახლოება.
კლავიატურა
ბანკომატზე განთავსებული კლავიატურა, რომელზეც მოცემულია სიმბოლოებისა და ციფრების აღმნიშვნელი ღილაკები და რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეიყვანოთ ბარათის პინკოდი, დაწეროთ შესასრულებელი ოპერაციის თანხის მოცულობა, აირჩიოთ ოპერაციის ტიპი, დაარედაქტიროთ ოპერაციის დეტალები, მაგალითად შეცვალოთ თანხის მოცულობა, ვალუტა და სხვა ან სულაც გააუქმოთ ბანკომატით შესასრულებელი ტრანზაქცია.
თანხის სათავსო
ბანკომატის ნაწილი, სადაც მოთავსებულია სხვადასხვა ვალუტისა და ნომინალის ბანკნოტები. განსხვავებული ვალუტისა და განსხვავებული ნომინალის ბანკნოტები ცალ-ცალკე სათავსოებშია მოთავსებული. თანხის განაღდების ოპერაციის შესრულებისას ხდება სათავსოებიდან შესაბამისი ბანკნოტების გაცემა.
საბეჭდი მოწყობილობა
ბანკომატით რომელიმე საბანკო ოპერაციის შესრულების, ან უბრალოდ ანგარიშზე არსებული ბალანსის შემოწმების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ქვითარი დაბეჭდოთ ან ამ ინფორმაციას ეკრანზე, ფურცლის ბეჭდვის გარეშე გაეცნოთ.
უსაფრთხოების კამერა
ბანკომატები, როგორც წესი, უსაფრთხოების ვიდეო კამერებითაა აღჭურვილი, რომლითაცბანკომატით მოსარგებლე პირის დაფიქსირება ხდება. ვიდეოჩანაწერების საშუალებით, საჭიროებისამებრ, ხორციელდება ტრანზაქციის დეტალების შესწავლა და/ან ტრანზაქციის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირება. პრობლემური სიტუაციის წარმოქმნისას, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ბანკომატის მფლობელი ორგანიზაცია შეძლებს უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი ნახოს.
ბანკებმა ბანკომატები შესაძლოა როგორც ფილიალების ტერიტორიაზე, ისე სხვა ნებისმიერ ადგილას განათავსონ. ფილიალებს გარეთ ბანკომატები ძირითადად ხალხმრავალ ადგილებშია განთავსებული, სადაც მომხმარებლებს თანხის ანგარიშიდან გამოტანა ყველაზე ხშირად სჭირდებათ.
თუ რაიმე პრობლემა წარმოგექმნათ ან კითხვები გაგიჩნდათ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურე ბანკს, რომელსაც ბანკომატი ეკუთვნის. პრობლემის თემატიკის გათვალისწინებით, შეიძლება საჭირო გახდეს არა ბანკომატის მფლობელ, არამედ თქვენს მომსახურე ბანკს მიმართოთ. მაგალითად, თუ თქვენი ბარათი სხვა ბანკის ბანკომატმა დააკავა, თქვენ მომსახურე ბანკს უნდა მიმართოთ და ის შესაბამისი პროცედურების დაცვით გამოითხოვს ბარათს და თქვენ დაგიბრუნებთ.
ბანკომატით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები
ბანკომატით სარგებლობის, ისევე როგორც ბარათით სარგებლობის თუ ზოგადად საბანკო მომსახურების ტარიფებს ადგენს თქვენი მომსახურე ბანკი. ხშირად ბანკომატით განხორციელებული ოპერაციების საკომისიოები ფილიალებში განხორციელებული ოპერაციების საკომისიოებთან შედარებით, უფრო ნაკლებია. მაგალითად, თუ თანხა საკუთარი ანგარიშიდან გამოგაქვთ, ბანკის სალაროდან თანხის გატანისთვის შეიძლება უფრო მაღალი საკომისიოს გადახდა გიწევდეთ, ვიდრე ბანკომატით სარგებლობისას. თუმცა, ბანკის ფილიალებისგან განსხვავებით, ბანკომატით მომსახურებისას შესაძლოა დაწესებული იყოს თანხობრივი და რაოდენობრივი ლიმიტებიც. მაგალითად, დღიური განაღდება არაუმეტეს 1,500 ლარი ან არაუმეტეს 10 ტრანზაქცია დღეში. აღნიშნულ ტარიფებსა და შეზღუდვებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბანკის მომსახურების პირობებსა და ტარიფებში.
ბანკომატით სარგებლობის ხარჯი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, თუ რომელი ბანკის ბანკომატით ასრულებთ ოპერაციას:
ბარათის გამომშვები ბანკის ბანკომატით სარგებლობა
ბანკი გიწესებთ ბანკომატით სარგებლობის საკომისიოს. თუ ანგარიშს გახსნისა და ბარათის დამზადებისას ბანკი შემოგთავაზებთ ინდივიდუალურ პირობებს, შეიძლება ბანკომატით სარგებლობა თქვენთვის უფასო ან სტანდარტულ ტარიფებთან შედარებით იაფი იყოს. მაგალითად, თუ ბანკში ხელფასი გერიცხებათ, ხოლო თქვენს დამსაქმებელს ბანკი ტარიფებზე ინდივიდუალურ პირობებს შესთავაზებს, ბანკომატით სარგებლობისთვის შეიძლება განსხვავებული ტარიფები დაგიწესდეთ. ინდივიდუალური პირობები მომსახურე ბანკთან უნდა დაზუსტდეს.
სხვა ბანკის ბანკომატით სარგებლობა
- საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები - გასათვალისწინებელია, რომ სხვა ბანკის ბანკომატით ოპერაციების შესრულება, როგორც წესი, უფრო მაღალ საკომისიოსთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე მომსახურე ბანკის ბანკომატით სარგებლობა. რა პირობებით დაიანგარიშება საკომისიო სხვა ბანკის ბანკომატით სარგებლობისას, შესაძლებელია, დაზუსტდეს მომსახურე ბანკთან.
- თქვენი მომსახურე ბანკის პარტნიორი ბანკის ბანკომატით სარგებლობა - პარტნიორი ბანკის ბანკომატით თანხის განაღდებისას ბანკმა შეიძლება შეღავათიანი ტარიფი შემოგთავაზოთ. თანხის დაზოგვისთვის, სასურველია, იმ ბანკების სია დაადგინოთ, რომელთა მომსახურებაც უფრო ნაკლებ დანახარჯს უკავშირდება.
- საზღვარგარეთ არსებული ბანკის ბანკომატებით სარგებლობა - საზღვარგარეთ მოგზაურობის თუ საქმიანი ვიზიტის დროს შეიძლება, ბანკომატით სარგებლობა დაგჭირდეთ. ბანკომატით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, სასურველია, წინასწარ დააზუსტოთ საგადახდო ბარათის გამცემ ბანკთან. თანხის განაღდების მომენტში ბანკომატზე არ ჩანს, თუ რა თანხა ჩამოიჭრება საკომისიოს სახით ანგარიშიდან და რა იქნება ნაშთი საკომისიოს ჩამოჭრის შემდეგ. ამიტომ, თქვენი ფინანსების უკეთ დასაგეგმად, რეკომენდებულია წინასწარ გაარკვიოთ, თუ რა იქნება სხვა ბანკის ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო და რა სქემით მოხდება საჭიროებისას ავტომატური კონვერტაცია.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბანკომატით სარგებლობისას?
დაიმახსოვრეთ თქვენი ბარათის პინკოდი
თუ რამდენჯერმე არასწორად შეიყვანთ პინკოდს, ბანკომატი უსაფრთხოების მიზნით დააკავებს ბარათს, ბანკომატის მიერ დაკავებული ბარათების გაცემის წესს ბანკომატის მომსახურე ბანკები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.
დარწმუნდით, რომ ბარათს წამკითხველში სწორად ათავსებთ
ბარათის ის მხარე, რომელზეც განთავსებულია ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, ზემოთ უნდა მოექცეს. თუ ბარათი აღჭურვილია ჩიპით, ბარათი ჩიპით წამკითხველისკენ უნდა მოთავსდეს. თუ წამკითხველი უკონტაქტოა, ბარათი განათავსეთ შესაბამის წამკითხველზე და ეკრანზე დააკვირდით წაიკითხა თუ არა ბანკომატმა ბარათის მონაცემები.
დარწმუნდით, რომ მესამე პირები ვერ ხედავენ თქვენს ტრანზაქციებს
დარწმუნდით, რომ ტრანზაქციის განხორციელებისას ბანკომატის ეკრანი და კლავიატურა მესამე პირის მხედველობის არეში არ ხვდება. ბარათის პინკოდი კი ისე აკრიფეთ, რომ სხვა ადამიანი ვერ ხედავდეს კლავიატურას.
არ გადასცეთ ბარათი სხვებს
არ გადასცეთ ბარათი ან მისი მონაცემები სხვა ადამიანს, რათა არ მოხდეს მის მიერ თქვენი ფულის მითვისება.
დაიცავით უსაფრთხოების ზომები
თუ ბანკომატი ნაკლებად ხალხმრავალ ადგილასაა, ბარათის ბანკომატში მოთავსებასა და მონაცემების შეყვანამდე დააკვირდით, ხომ ნამდვილად უსაფრთხოა ბანკომატით სარგებლობა და ხომ არაა ის ე.წ. „სკიმერით“ აღჭურვილი, რომელიც თქვენი ბარათის მონაცემების წაკითხვასა და დამახსოვრებას შეძლებს. დააკვირდით, პინკოდის შეყვანისას ხომ არ გაფიქსირებთ კამერა, რომელიც ვერ ხვდებით ეკუთვნის თუ არა ბანკომატის მფლობელს. აღნიშნული შესაძლოა, თაღლითურ ქმედებაზე მიანიშნებდეს.
დამატებითი უსაფრთხოებისთვის შეარჩიეთ ისეთი ბანკომატები, რომლის განთავსების ადგილიც ბანკის ან სხვა დაწესებულების ვიდეო დაკვირვების ქვეშ ხვდება.
გაიგეთ მეტი სკიმინგის შესახებ
ბანკომატით სარგებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ფინანსური უსაფრთხოების ჭრილში მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ სკიმინგზე. სკიმინგი ფინანსური თაღლითობის ერთ-ერთი საყურადღებო ფორმაა. სკიმინგის დროს, ბანკომატზე ან პოსტერმინალზე სპეციალური მოწყობილობა - სკიმერი მონტაჟდება, რომელიც მიზნად ისახავს ბარათის მონაცემების (პინკოდი, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი) მოპარვას, რომლებსაც თაღლითი თანხის მისათვისებელად იყენებს.
სკიმინგისგან თავის დაცვის მიზნით, ბანკომატის გამოყენებისას - განსაკუთრებით, საზღვარგარეთ მოგზაურობისას - დარწმუნდით, რომ ის განათებულ ადგილასაა განთავსებული (ღამის საათებში კი უმჯობესია, თუ დაცულ გარემოში (მაგ. ბანკის თვითმომსახურების 24-საათიან სერვის ცენტრებში) არსებულ ბანკომატებს გამოიყენებთ), არ ემჩნევა დაზიანებები და რომ უშუალოდ ბანკომატზე არ არის დამონტაჟებული საეჭვო მოწყობილობები. მაგალითად, თუ ბანკომატის კლავიატურაზე, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეჰყავს საკუთარი ბარათის პინკოდი, გადაკრულია რაიმე მოწყობილობა ან რეზინის/პლასტმასის გამჭვირვალე გარსი, არ განათავსოთ საგადახდო ბარათი ბანკომატში და არ აკრიფოთ პინკოდი მოცემულ ბანკომატზე. ამასთან, ბანკომატის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მის ეკრანზე, სადაც ოპერაციის დეტალებს ეცნობით, ბანკის ოფიციალური წარწერა არის განთავსებული.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბანკომატით სარგებლობა უსაფრთხოა, მაშინ აჯობებს თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისგან, პრობლემის არსებობის შესახებ კი დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენი საგადახდო ბარათის გამომშვებ ანუ ემიტენტ ბანკს. აღსანიშნავია, რომ ემიტენტ ბანკთან დაკავშირება საჭიროა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე პრობლემის არსებობისას, არამედ საზღვარგარეთ მსგავსი სიტუაციის წარმოქმნისასაც.